„მკვდრადშობილი იდეა იქნება“ - ნანა ტოხვაძე უმაღლესი განათლების რეფორმაზე





...
„ქართული ოცნების“ პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველოში უმაღლესი განათლების რეფორმა უნდა განხორციელდეს, რომელსაც სპეციალური კომისია უხელმძღვანელებს.
როგორც კობახიძის საუბრიდან ირკვევა, კომისიას სათავეში ის თავად ჩაუდგება, ხოლო მის გარდა, განათლების სისტემის რეფორმაზე, ძალოვანი უწყებიდან გადმოსული ადამიანები იზრუნებენ, მათ შორის არის ლევან იზორია.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. CNews „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, ნანა ტოხვაძეს ესაუბრა.
_ ქალბატონო ნანა, რა ძვრებს უნდა ველოდეთ უმაღლესი განათლების სისტემაში. ამჯერად რა დაისახა მიზნად „ქართულმა ოცნებამ“?
_ უნდა ითქვას, რომ ხელისუფლებამ, რომელიც სამი ვადით იყო სათავეში, თუ რამის გაფუჭება შეეძლო განათლების სისტემაში უკვე გააფუჭა. თუმცა, როგორც ჩანს ახლა აქვთ კიდევ უფრო მზაკვრული ჩანაფიქრი და ეს რეფორმა, უფრო სწორად რასაც რეფორმას არქმევენ, კიდევ ერთხელ მიანიშნებს იმაზე, რომ უფრო დიდი ბოროტება იხარშება მათ თავებში და სამიზნე ცხადია არის თავისუფალი განათლების სისტემები.
_ როგორ აფასებთ კომისიის შემადგენლობას?
_ შემადგენლობა კომისიის და ის ადამიანები, რომლებიც წარადგინა სამთავრობო სხდომაზე ე.წ. პრემიერმა გასაგებს ხდის, რომ არავითარი პრეტენზია არ აქვთ უმაღლესი განათლების რეფორმირებაზე. მათი მთავარი ამოცანა და მიზანი ცხადია არის ძალაუფლების შენარჩუნების ინსტრუმენტების დანერგვა და განსაკუთრებული სამიზნე არის ის თავისუფალი უმაღლესი სასწავლებლები, რომელთაც წინა პერიოდშიც პრობლემები შეუქმნეს. ვერ დავასახელებთ ვერცერთ რეფორმას ან ნაბიჯს განათლებაში, რომელიც ემსახურებოდა განათლების მიზნებს ან წინ წაწევდა სისტემას. ყველა ნაბიჯი რომელიც მათ გადადგეს, იყო დამაზიანებელი, მათ შორის უმაღლეს განათლებაში. სახელმწიფოს აოხრება, კონსტიტუციიდან გადახვევა, რუსული რეჟიმის დამკვიდრება არის ის პარამეტრები, რომელმაც უკვე ჩამოგვაშორა უმაღლესი განათლების სტანდარტების დაკმაყოფილებას. იცით რომ ამოგვიღეს ევროპული რეესტრიდან და შესაბამისად გართულდება საქართველოში გაცემული დიპლომების აღიარება, საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩვენი სტუდენტების ჩართულობა და გაცვლითი პროგრამების ნაკადი, რომელიც იყო და სარგებლობდნენ ჩვენი სტუდენტები, ეს შეიზღუდება. ამ კომისიის ჩანაფიქრი ვერ ვიტყვი რა ბოროტება შეიძლება იყოს, რთულია გამოცნობა რა ზიანის მომტანი გეგმა აქვთ ამჯერად, მაგრამ ერთი დამამშვიდებელი გეგმა რაც არის, სწორად ხვდებიან რომ რუსული რეჟიმის მთავარი მოწინააღმდეგეები საქართველოში არიან ახალგაზრდები და ის თავისუფალი თაობა, რომლებიც უნივერსიტეტებში იყრიან თავს, მაგრამ ძალიან ცოტა დრო დარჩა არალეგიტიმურ პრემიერს და მის ამფსონებს, რომ კიდევ რაიმე გააფუჭონ და იმედს ვიტოვებთ, რომ უახლოეს პერიოდში ახალი არჩევნებით შეიქმნება ახალი მთავრობა, რომელიც ცხადია კომისიასაც შექმნის იმის გადასამოწმებლად რა გაკეთდა, 2022-30 წლის უმაღლესი განათლების სტრატეგია რაც ამ ხელისუფლებამ მიიღო, რა გაკეთდა ამ მიმართულებით და რა დაშავდა. ირაკლი კობახიძის, იზორიას და ხარება - სინჯიკაშვილის ადგილი ამ კომისიაში არ იქნება.
_ უნდა ველოდოთ თუ არა საპოლიციო რეჟიმს უნივერსიტეტებში, რომელიც ერთგვარ მარწუხებში მოაქცევს როგორც სტუდენტებს, ასევე ლექტორ-მასწავლებლებს?
_ საზოგადოებას კარგად ახსოვს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან გასულ წლებშიც დიდი მცდელობა ჰქონდათ რკინის ხელის შეტანის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ბევრი მცდელობის მიუხედავად ყველა გეგმამ კრახი განიცადა მარტივი მიზეზით, რომ საქართველოში არსებობს თავისუფალი საგანმანათლებლო საზოგადოება. გარკვეულ უმაღლეს სასწავლებელზე და სახელმწიფო უნივერსიტეტზე მათ მოახერხეს გავლენების თავს მოხვევა, მაგალითად ტექნიკურ უნივერსიტეტზე, მაგრამ გვაქვს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც სწორედ მისი თავისუფლების იდეისათვის მსახურების გამო, ხელისუფლებისთვის განსაკუთრებული საფრთხეა, სწორედ ამიტომ შეიქმნა აკრედიტაციის პრობლემები, გაყალბდა აკრედიტაციასთან დაკავშირებული საერთაშორისო დასკვნები და ამიტომაც მათ დაისახეს მიზნად ამ უმაღლესი სასწავლებლის დაზიანება. ფაქტი ერთია, მცდელობის მიუხედავად რუსული გეგმა საქართველოში არ მუშაობს და ამ კომისიის შექმნაც მკვდრადშობილი იდეა იქნება და ირაკლი კობახიძე ბოროტი გეგმების განხორციელებას უმაღლეს განათლებაში ვეღარ მოასწრებს.
გიგა გელხვიიძე, CNews