თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო





...
თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში პოლიტიკური რეპრესიები დაიწყო, ამის შესახებ CNews-ს უნივერსიტეტის ლექტორი, ქეთევან გიგაშვილი ესაუბრა.
გიგაშვილი გვიყვება, რომ მას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, მკვეთრად გამოხატული კრიტიკული პოზიციის გამო სჯიან.
CNews-თვის ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტის რექტორმა რამდენიმე დღის წინ მას ბრძანებითი საყვედური გამოუცხადა. როდესაც საყვედურის მიზეზი მოვიკითხეთ გაირკვა, რომ დეკემბრის მესამე კვირაში გიგაშვილი ავად გახდა და სიცხის გამო უნივერსიტეტში ფიზიკურად მისვლა ვერ შეძლო. ლექციები რომ არ გაცდენილიყო, სტუდენტებს ონლაინ ჩაუტარა დამატებითი ლექციები, ხოლო გამოჯანმრთელების შემდეგ სააუდიტორიო ლექციები სრული დატვირთვით ჩაატარა. შესაბამისად, ნაცვლად გეგმიური 6 ლექციისა, 12 ლექცია ჩაატარა.
ქეთევან გიგაშვილმა CNews-თან საუბრისას აღნიშნა, რომ მისი მიუსვლელობა არ გამოიწვევდა სალექციო პროცესის მოშლასა და სხვა ლექტორებისთვის პრობლემების შექმნას, რადგან მისი ლექციები სხვა ლექციების შემდეგაა. როგორც ყვება, იმ დღეს მან რამდენჯერმე ამაოდ სცადა ადმინისტრაციასთან დაკავშირება. ბრძანებაში აღნიშნულია, რომ ის დაისაჯა სამუშაოს არაჯეროვანი შესრულების გამო, რაც სიმართლეს არ შეესაბამება.
„როგორც ჩემი ქვეყანაა, ისე ვარ. ვფიქრობ, უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ჩემდამი ასეთი დამოკიდებულების მიზეზი არის ჩემი პიროვნული თავისუფლების მაღალი ხარისხი. როგორც ჩანს, მათ ასევე პრობლემებს უქმნით ჩემი აქტიურობა სამოქალაქო სექტორში, რაც გამოიხატება პროევროპულ აქციებში ჩართულობითა და ჩემი თამამი პოზიციების ღიად დაფიქსირებით იმ დროს, როდესაც ხელმძღვანელებს იმის გამეორებისაც ეშინიათ, რაც ქვეყნის ძირითად კანონში გვიწერია, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია. მხოლოდ მე არა, მათ აღიზიანებთ ყველა, ვინც არ არის მორჩილი, მართვადი და თავისუფლად შეუძლია აზრის გამოხატვა ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ირგვლივ. ჩემი და ჩემი მეუღლის აქტიურობა, ალბათ, იმდენად მიუღებელი და გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მათთვის, რომ ამ ეტაპზე დასჯის ეს მექანიზმი მოიფიქრეს, რომელიც პირველია ჩემი 33-წლიანი მუშაობის მანძილზე, ჩვენ ხშირად დავდივართ აქციებზე, როგორც თელავში, ასევე თბილისში. არ გვერიდება იმის თქმა, რომ საქართველო აუცილებლად უნდა იყოს ევროპული სამყაროს ნაწილი,“ - აცხადებს ქეთევან გიგაშვილი CNews-თან.
ცნობისთვის, ქეთევან გიგაშვილი დღეისათვის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთადერთი ძველი დოქტორია, ის უნივერსიტეტში 33 წელია მუშაობს.
1989 წლის 9 აპრილის მოვლენების დროს იგი სტუდენტი იყო და რამდენიმე თანაკურსელთან ერთად აქტიურ საპროტესტო მოძრაობაში იყო ჩართული მაშინდელი თელავის პედაგოგიური ინსტიტუტის წინ. 2003 წელს ვარდების რევოლუციის დროს რამდენიმე ადამიანთან ერთად აპროტესტებდა კორუმპირებული მთავრობის მიერ ქვეყნის დაქცევას. არც 2011-2012 წლებში შეშინებია სათქმელის გამოხატვა და თავისი ოჯახის წევრებთან ერთად იბრძოდა ძალადობრივი მეთოდებით გამორჩეული რეჟიმის წინააღმდეგ. მაშინ მხარს ის „ქართულ ოცნებას“ უჭერდა.
ქეთევან გიგაშვილი ორი დისერტაციის (საკანდიდატო და სადოქტორო), არაერთი სამეცნიერო პროექტის, მონოგრაფიისა თუ სახელმძღვანელოს ავტორია. ეწევა აქტიურ სამეცნიერო საქმიანობას, ასეულ ათასობით ლარი აქვს მოზიდული თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში სამეცნიერო ფონდებიდან, რაც აღნიშნული უნივერსიტეტისთვის უნიკალურ მოვლენას წარმოადგენს.
მაკა მოსიაშვილი, CNews