ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების დროს, ეთერში ირაკლი კობახიძის ხშირად ჩვენებას მთხოვდნენ - საზმაუს რეჟისორი

სულ ნახვები : 882
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

  საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს სხდომაზე პირველი არხის პირდაპირი ეთერის რეჟისორმა, კახა მელიქიძემ თქვა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მატჩების პირდაპირი ტრანსლაციების დროს მას ტელევიზიის ხელმძღვანელი პირები ირაკლი კობახიძის ეთერში რაც შეიძლება ხშირად ჩვენებას სთხოვდნენ.

მან განმარტა, რომ როდესაც საქართველოსა და ლუქსემბურგის შეხვედრისას, მან რამდენიმე წამით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კადრი უჩვენა, ის „დაიბარეს“ ტელევიზიაში.

„ფეხბურთი, საბერძნეთამდე, ლუქსემბურგთან თამაში რომ ჰქონდა საქართველოს ნაკრებს, ეს იყო ხუთშაბათი დღე, ჩვენ მოვედით, ვემზადებოდით და თამაშის წინ დამირეკა რუსიკომ და მითხრა, რომ კახა ხომ იცი, მოემზადე, რაც შეიძლება მეტი პრემიერის კადრი უნდა ვაჩვენოთ ეთერშიო. მე ვუთხარი, რუსუდან მე მაგას ვერ ვიზამ, იმიტომ რომ მე არ მაქვს არანაირი უფლება, ვერ გადავწყვეტ მე მარტო. მან მკითხა თუ რატომ ვერ გადავწყვეტდი მე და ავუხსენი, რომ არსებობს უეფას წარმომადგენელი, ადამიანი, რომელიც გადაწყვეტილებებს იღებს. ვთხოვე, რომ დაუკავშირდით ამ ადამიანს და თუ ის იტყვის, რომ ანახე პრემიერის კადრი 5-ჯერ ვანახებ, თუ მეტყვის, რომ არ ვანახო, არ ვანახებ-თქო. დაურეკეს იმ ადამიანს, ის არის ტექნიკური დელეგატი უეფასი. ამ ქალბატონმა (უეფას წარმომადგენელმა) თქვა, რომ ერთხელ ანახეთ ჰიმნის დროს, რადგან სახელმწიფოს მეთაურიაო. ვანახეთ პრემიერის კადრი ჰიმნის დროს, მაგრამ იმის მერე კიდევ ითხოვდნენ, ითხოვდნენ, ითხოვდნენ, მესიჯებად მწერდა რუსუდანი, ის ხაზზე იყო. მესიჯები შენახული მაქვს, განახებთ თუ გსურთ. რადგან ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელებზე იყო საუბარი, ერთი კადრი ვანახე პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის.

დამიბარეს მერე ტელევიზიაში პარასკევს, სახელებს არ ვიტყვი, ვის ოთახში და ამიხსნეს, რომ ჩემი გაკეთებული, პრეზიდენტი რომ ვანახე, არ იყო სწორი. რომ ეგ დავალება ჩემთვის არავის მოუცია. მე ვუთხარი, რომ თუ პრემიერი ჩვენი ქვეყნის მეთაურია, პრეზიდენტიც ჩვენი ქვეყნის მეთაურია და რატომ? მე ამიხსნეს ასე: შენ ხომ არ გგონია რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ვართ ისევ, ჩვენ ვართ პარლამენტზე დამოკიდებული, ჩვენ თუ არ ვიზამთ, როგორც საჭიროა ისე, შეგვიმცირებენ თანხებს და პრობლემები შეგვექმნება“, - თქვა კახა მელიქიძემ სამეურვეო საბჭოს სხდომაზე. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა