მგზავრების გადაადგილება უსაფრთხო არ არის - ბესიკ დონაძე ვარკეთილის მეტროზე





...
მეტროსადგურ ვარკეთილის რეაბილიტაციის პროცესი შეწყდა, ამის მიზეზი ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ პროექტის დახარვეზება გახდა.
მეტროსადგურის დაუსრულებელ და შეწყვეტილ რეაბილიტაციის პროცესთან დაკავშირებით CNews-ი კორუფციის მკვლევარს ბესიკ დონაძეს ესაუბრა:
_ ბატონო ბესო, რა გახდა მიზეზი, რომ ამ დრომდე ვერ ხერხდება მეტროსადგურის რეაბილიტაცია?
_ მეტროსადგურს აქვს ორი სივრცე, ერთი ბაქანი, სადაც მატარებელი დგება და მეორე სივრცე, - გვირაბი, სადაც ჩამოდის ესკალატორი. პრობლემა არის აქ, სადაც მგზავრები ჩამოდიან. საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელიც ამის ექსპერტიზას გააკეთებს. ჯერ კიდევ 2018 წელს, როდესაც კახა კალაძემ მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი დაიწყო, მე საჯაროდ განვაცხადე, რომ გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოში არ არსებობს კომპანია, რომელსაც ჰქონდეს გამოცდილება მეტროს გვირაბების მშენებლობის, მომხდარიყო უცხოური კომპანიის შემოყვანა. რადგან ეს არის ძალიან რთული კონსტრუქცია, შესაბამისად, მას სჭირდება გამოცდილი კომპანიები. საქართველოში ჩვენ არც მსგავსი გამოცდილი კომპანია გვყავს და არც მსგავსი გამოდილი ბიურო. წარმოიდგინეთ, საქართველოში ყველაზე ძვირადღირებული ტექნიკური საშუალებები აქვს სამხარულის ექსპერტიზას და ის აცხადებს, რომ ვერ შეძლებს ამის ექსპერტიზას. ამ წლების განმავლობაში მეტროს რეაბილიტაციისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა, კონტრაქტები გაუფორმდათ ისეთ კომპანიებს, რომლებიც აფელირებული არიან ქართულ ოცნებასთან“, მაგალითად, კომპანია „ბადა ქონსთრაქშენი“, რომელიც ბოლოს ასრულებდა სამუშაოებს, სასტუმროების მშენებლობისა და ავეჯის მოწყობის გარდა არანაირი გამოცდილება არ აქვს...
_ ახლა რა უნდა გააკეთოს მერიამ, საერთაშორისო ტენდერი უნდა გამოაცხადოს?
_ შესაძლებელია საერთაშორისო ტენდერიც გამოაცხადონ. მაგრამ რადგან სიტუაცია კრიტიკულია და თვითონ შიდა მიმოწერის დოკუმენტებში წერენ, რომ მეტროსადგურში გადაადგილება მგზავრებისთვის უსაფრთხო აღარ არის, ახლა გამართლებულია, რომ ერთ პირთან მოლაპარაკებით გამარტივებული შესყიდვით, ევროპის რომელიმე ქვეყანაში მოიძიონ კომპანია, ჩამოიყვანონ, გაუფორმონ ხელშეკრულება და დაიწყოს სამუშაოები. ერთ პირთან მოლაპარაკებით თუ რესტორნებში გარბიან და გადაუდებელი აუცილებლობით ათას სისულელეს აკეთებენ, ეს არის ზუსტად ის შემთხვევა, როდესაც უნდა გამოიყენოს ერთ პირთან მოლაპარაკება, ოღონდ უცხოურ კომპანიასთან. ძალიან ბევრი დრო და ფული დავკარგეთ.
_ ეს არაკონპეტენტურობის შედეგია თუ კორუფციის და უნდა დადგეს თუ არა ვინმეს პასუხიოსმ,გებლობის საკითხი?
_ პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ, როგორც პოლიტიკური, ასევე სამართლებრივი. აღნიშნულ გადაწყვეტილებებზე კონკრეტულმა თანამდებობის პირებმა მოაწერეს ხელი - ხელშეკრულებაზე, კომპანიის შერჩევაზე. რა კრიტერიუმით შეირჩა „ბადა ქონსთრაქშენი“, ვინმეს ამაზე პასუხი აქვს? რამე დოკუმენტი არსებობს, რა კრიტეტიუმები დააკმაყოფილა? პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, ეკისრება „ქართულ ოცნებასა“ და კახა კალაძეს. შემდეგ უკვე, ნორმალურ პირობებში, როდესაც ჩატარდება გამოძიება სამართლებრივი პასუხისმგებლობაც უნდა დაეკისროთ კონკრეტულ თანამდებობის პირებს, რადგან სახელმწიფო საბიუჯეტო თანხები გაიფლანგა და საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი, მათ შორის თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები, დააყენა საფრთხის ქვეშ. დაახლოებით 600 ათასი ადამიანი გადაადგილდება ყოველდღიურად მეტროში, თითოეულ ადამიანს საფრხეს უქმნის მათი ქმედებები.
ნარმანიას დროს დაიწყო პრობლემები, როდესაც თითქოს აბაზანას არემონტებდა, როდესაც შეკიდული ჭერი გააკეტა მეტროში ამაზე დიდი არაკომპეტენტურობა რა შეიძლება იყოს? ასეთივე არაკომპეტენტური იმავე გუნდში კალაძე აღმოჩნდა, რომელმაც უკვე მე-8 წელი დაიწყო, ვერ შეძლო რეაბილიტაციის გაკეთება, ხელშეკრულებებს უფორმებს ისეთ კომპანიებს, რომლებიც ფიზიკად ვერ ართმევენ საქმეს თავს. მთელი ეს თანხა, რაც დაიხარჯა, არის არამიზნობრივად დახარჯული ფული. 7 წლის წინ შეეძლოთ ეთქვათ, რომ ამას ჩვენ ვერ გავაკეთებთ და მოდით, მოვიყვანოთ უცხოური კომპანიები, კორუფციაც არის ამაში, ნეპოტიზმიც, გულგრილობაც და არაპრიოფესიონალიზმიც.
ცნობისთვის, დავით ნარმანიას მერობის დროს რეაბილიტირებული მეტროს ვესტიბიულის ჭერი ჩამოვარდა და ათეულობით ადამიანი დაშავდა. მეტროსადგურის რეაბილიტაციის ხელახალი პროცესი დაიწყო კახა კალაძის მერობის დროს 2018 წელს, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა.
ირინა მაკარიძე, CNews