პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა, რა ფორმით წავიდა ქვეყნიდან, რატომ უნდა დავინტერესდე? - ბაჩიაშვილის ადვოკატი





...
როდის და რა ფორმით დატოვა ქვეყანა “თანაინვესტირების ფონდის” ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა, მისი უფლებადამცველი, ლევან მახარაშვილი, აცხადებს რომ "ფეისბუკ" სტატუსით შეიტყო ამის შესახებ და ის დღეს ბაჩიაშვილს სასამართლო სხდომაზე ელოდებოდა.
მისი თქმით, ბაჩიაშვილს ქვეყნიდან წასვლა არავისთვის შეუთანხმებია.
„როგორც თქვენთვის არის სიახლე, იგივეა ჩემთვისაც. მე გიორგისთან პირველი კომუნიკაცია მქონდა აღნიშნული პოსტის შემდეგ. არ ვიცი, რომელ ქვეყანაშია, შესაბამისად, ერთადერთი ვიცი, რომ თანხმობას აცხადებს ჩვენება მისცეს დისტანციურად. სხვა, არანაირი დეტალი არ ვიცი.
პასპორტები ჩამორთმეული ჰქონდა. როგორ წარმოგიდგენიათ, ადამიანმა, რომელმაც საზღვარი გადალახა და ყველამ შევიტყვეთ 12:00 საათზე, ან მე რატომ უნდა გამოვკითხო, რა ფორმით წავიდა და ამ დეტალებით რატომ უნდა დავინტერესდე? მისი გადასაწყვეტია, არავისთან შეუთანხმებია.
ხომ გეუბნებით, დღეს, მე მას ვესაუბრე, ჩვეულებრივად მოლოდინი მქონდა პროცესზე გამოცხადების. ამ პოსტის შემდეგ დავინტერესდი, რას ნიშნავდა ეს ტექსტი და მითხრა, რომ არ იმყოფებოდა საქართველოში. არ ვიცი, არანაირი ინფორმაცია არ მაქვს", - აცხადებს მახარაშვილი.
ცნობისთვის, თანაინვესტირების ფონდის ყოფილმა ხელმძღვანელმა, გიორგი ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.
ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებულ გირაოსთან ერთად სხვა ამკრძალავი ღონისძიებებიც ჰქონდა დაწესებული, მათ შორის ჩამორთმეული ჰქონდა პასპორტი და აკრძალული ჰქონდა საზღვრის კვეთა.
ასევე, არსებული ინფორმაციით, ბაჩიაშვილს აქვს რუსეთის ფედერაციის პასპორტიც და უნგრეთის ბინადრობის მოწმობაც.