საქართველოს 20 წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა თურქი თანატოლები დაამარცხეს

სულ ნახვები : 8
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისში მიმდინარე ფიბას ჩელენჯერზე საქართველოს 20 წლამდე საკალათბურთო ნაკრებმა საფრანგეთთან 21-ქულიანი სხვაობით წაგების შემდეგ ხასიათი გამოიკეთა და მეორე ტურში თურქეთს 77:69 მოუგო.

მილოშ გლიგორიევიჩის გაწვრთნილი საქართველოს ნაკრები პირველივე წუთიდანვე დაეუფლა ინიციატივას და დიდი შესვენებისთვის უკვე სოლიდური ანგარიშით იგებდა – 46:29.

ამ ჰანდიკაპის განიავება წარმოუდგენელი ჩანდა, მაგრამ ჩვენები ერთ მომენტში მოდუნდნენ და მეტოქეს საშუალება მისცეს 6 ქულით მიახლოვებოდნენ. თუმცა, გლიგორიევიჩის დროული წუთშესვენების შემდეგ ისე მოუმატეს და საბოლოოს ისე მივიდნენ გამარჯვებამდე, რომ წამითაც არ დაუყენებიათ ეჭვქვეშ.

თუმცა, ისიც უნდა ვთქვათ, რომ ჩვენმა ნაკრებმა ძირითადად სამქულიანების ხარჯზე და მეტოქის უდისციპლონობით მოიგო. საქართველოს ნაკრებმა პერიმეტრიდან 58%-იანი სიზუსტით ისროლა, მაშინ, როდესაც მეტოქემ მხოლოდ 23% დააფიქსირა.

ძალიან წავაგეთ ფარი – თურქებმა ბურთი 45-ჯერ მოხსნეს, აქედან 25 შეტევაში. ჩვენების მაჩვენებელი 32 (7 შეტევაში) იყო.

მატჩის საუკეთესო მოთამაშე ლაშა მიქელაძე გახდა, რომელმაც მეტოქეს 22 ქულა ჩაუგდო. ნიკოლოზ გაფრინდაშვილი კი, გუნდს 16 ქულით შეეწია. სხვა მოთამაშეებმა 10-ქულიან ზღვარს ვერ უწიეს.

ჩვენივე ჯგუფში საფრანგეთმა 65:62 დაამარცხა გერმანია, ხოლო ბულგარეთმა 86:79 პოლონეთს მოუგო.

ორი ტურის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ერთი მოგება აქვს, ისევე როგორც გერმანიას, ბულგარეთს და თურქეთს. ჯგუფს ორი მოგებით საფრანგეთი ლიდერობს, ხოლო პოლონეთს ორი წაგება აქვს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები