„ხელოვნების მუზეუმს სამინისტრო კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა” - კულტურის სამინისტრო

სულ ნახვები : 407
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ხელოვნების მუზეუმს სამინისტრო კი არ ანგრევს, მუზეუმი ინგრევა სიცრუის ავტორების უმოქმედობისა და მათ მიერ პუშკინის ქუჩის მხრიდან ესტაკადის ისე მოწყობის შედეგად, რომ მუზეუმის შენობის ერთი ნაწილი გადაიქცა. ასევე, მუზეუმის შენობა სამწუხაროდ ვეღარ აკმაყოფილებს ელემენტარულ სეისმური მედეგობის სტანდარტებს“, - ამის შესახებ კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.  

სამინისტროს განცხადებით, სიცრუეა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს სამინისტროს სურს შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის შენობის დანგრევა.

როგორც სამინისტრო აცხადებს, ივლისში კულტურის სამინისტროს დაკვეთით ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, მუზეუმის შენობა  უმძიმეს მდგომარეობაშია.

„კერძოდ: ლ. გუდიაშვილის ქუჩის გასწვრივ მდებარე შენობის ფლიგელის გამაგრება დაკავშირებული იქნება ძალიან დიდ ტექნიკურ სირთულეებთან და დანახარჯებთან და მისი გაძლიერება სავარაუდოდ არ იქნება რენტაბელური; ალ. პუშკინის ქუჩის გასწვრივ მდებარე ფლიგელზე განვითარებულია მზიდი კონსტრუქციების დიდი გადახრები, დეფორმაციები და რღვევები, რის გამოც შეუძლებელია შენობის ამ ნაწილის შენარჩუნება და გაძლიერება; შენობის მხოლოდ ცენტრალური შესასვლელის გაძლიერება არის შესაძლებელი; შენობის ქვეშ მიმდინარეობს ფუძე-გრუნტების გაწყლოვანება ტექნოგენური და ატმოსფერული წყლების ჩამოდინებისაგან; შენობას არც სართულშუა გადახურვის და არც სახურავის დონეებზე არ გააჩნია ანტისეისმური სარტყლები, რის გამოც ის არ აკმაყოფილებს სეისმურობის ელემენტარულ სტანდარტებს.

სწორედ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამომდინარე, მუზეუმის თანამშრომლებისთვის უსაფრთხო სამუშაო გარემოს შექმნისა და მუზეუმში დაცული უნიკალური ფონდების გადასარჩენად საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა მიმდინარე წლის 15 ივლისს დაამტკიცა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში მართვის განსაკუთრებული რეჟიმი, მუზეუმში დასაქმებული თანამშრომლების უსაფრთხო ადგილას გადაყვანისა და ფონდების ევაკუაციის სამოქმედო გეგმა, რომელიც სამინისტრომ მაშინვე გახადა საჯარო. სწორედ ამ გეგმის თანახმად აპირებს სამინისტრო მუზეუმში დაცული უნიკალური ექსპონატების გადარჩენას და არა მუზეუმის დემონტაჟს, როგორც ეს ცრუ ინფორმაციის გამავრცელებელ სიუჟეტში იყო ნათქვამი.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ მსგავსი ცრუ ინფორმაციების გავრცელებისგან, ხოლო საზოგადოებას მიმართავს, ნუ აჰყვება ცილისწამებას იმ ადამიანების მხრიდან, ვისი დამსახურებითაც არის მუზეუმის შენობა ასეთ მძიმე მდგომარეობაში”-აცხადებს კულტურის სამინისტრო.

შეგახსენებთ, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის 1830 წელს აგებული შენობა. კულტურის  მინისტრის განცხადებას, რომ ხელოვნების მუზეუმის შენობა აღდგენას არ ექვემდებარება, საზოგადოების არაერტგვაროვანი  რეაქცია მოყვა. საკითხი გაშუქდა მედიითაც.    საზოგადოების წარმომადგენლები შიშობენ, რომ აღნიშნული ტერიტორია ოლიგარქის ინტერსის საგანს წარმოადგენს, ამასთან,   საფრთხის ქვეშ აღმოჩნდება უნიკალური განძი, რომლის ადგილმონაცვლეობის საკითხი დღის წესრიგში დადგება. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა