არც გვიფიქრია, რომ შეიძლება ჟურნალისტებზე აგრესია წამოსულიყო ან ერთი, ან მეორე მხრიდან - ვახტანგ გომელაური

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა „ღამის კურიერის“ ეთერში განაცხადა.

ჟურნალისტმა მინისტრს ჰკითხა, რატომ დაიწყო ჟურნალისტების მიმართ აგრესია 5 ივლისს.

„ამაზე ჩვენც ბევრი კითხვა გვაქვს, სიმართლე გითხრათ. ძალიან დიდი ხანია, ვმუშაობ ძალოვან უწყებაში და არ მახსოვს, რომ ასეთი მასიური ძალადობა განხორციელებულიყო ჟურნალისტების მიმართ. ერთეული შემთხვევები ყოფილა, მაგრამ ასეთი მასიური თემა არა.

არც გვიფიქრია, სიმართლე რომ გითხრათ, არ მიყვარს მითებით და ტყუილებით საუბარი, ნამდვილად არ გვიფიქრია, რომ ასეთი რაღაც შეიძლება მომხდარიყო, რომ ჟურნალისტებზე აგრესია წამოსულიყო ან ერთი, ან მეორე მხრიდან“,- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

გომელაურის განცხადებით, 5-6 ივლისის მოვლენების გამო პოლიტიკური პასუხისმგებლობის საკითხს „ქართული ოცნების“ გუნდი წყვეტს.

„...რაც შეეხება პოლიტიკურ პასუხისმგებლობის აღებას, ეს პასუხისმგებლობა აღებული გვაქვს ჩვენს გუნდს, იქიდან გამომდინარე, ჩვენი პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ, პირველ რიგში, დაისაჯოს ყველა, ვინც ჩაიდინა ძალადობა ჟურნალისტებზე და არამარტო, ასევე პოლიციელებზე, იყო იქ რამდენიმე მოქალაქის თემა.

თქვენ თუ გულისხმობთ ჩემს გადადგომას და თანამდებობის დატოვება-არ დატოვების თემას, გვყავს პრემიერი, პოლიტსაბჭო და არის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა, მე სწორად ვიმოქმედე თუ არა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ამ შემთხვევაში  5-6 ივლისის ფარგლებში, თუ არა.

აქედან გამომდინარე, მოხდება უკვე პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება, მე უნდა დავტოვო თანამდებობა თუ არა. თუ მიიღებს გუნდი გადაწყვეტილებას, რომ მე თანამდებობა უნდა დავტოვო, რა თქმა უნდა, გუნდის გადაწყვეტილებას დავემორჩილები“,-განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები