„ზღაპარიყო“ - ინოვაციური პროექტი ბავშვებისთვის - ექსკლუზიური ინტერვიუ პირველი ქართული AI ზღაპრების შემქმნელთან

სულ ნახვები : 786
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ზღაპრები, რომელზეც ხელოვნურმა ინტელექტმა იმუშავა. რა განასხვავებს AI ზღაპრებს, უკვე არსებული ზღაპრებისგან და რა არის მთავარი გათვლა?


„ზღაპარიყო“ ასეთია ახალი, ინოვაციური AI ზღაპრების სახელწოდება, რომლის შესახებაც უფრო მეტ დეტალს ჩვენი ინტერვიუდან შეიტყობთ.

ახალი ინოვაციური პროექტის შესახებ CNews-ს, ავტორი, თორნიკე მოლაშვილი ექსკლუზიურად ესაუბრა.

- როგორ გაჩნდა AI ზღაპრების შექმნის იდეა? ამ დრომდე გვინახავს AI მედიები, სხვა მიმართულება (საქართველოში ვგულისხმობ), თუმცა AI ზღაპრები ეს სხვა ტიპის სიახლეა - მოგვიყევით ამაზე.

 - საქართველოში ამ დრომდე არ შექმნილა ისეთი ტიპის წიგნი, რომელიც ხელოვნური ინტელექტის მიერ იქნებოდა სრულიად აწყობილი. ტექსტებზე, ზღაპრის პერსონაჟებზე, ფაბულაზე და ილუსტრაციაზე იმუშავა ხელოვნურმა ინტელექტმა. ილუსტრაციები მორგებულია პერსონაჟებზე, სიუჟეტზე და სცენებზე. მე ვუკეთებ რედაქტირებას, რადგანაც რთულია ქართულ ტექსტებზე მუშაობა. ზღაპრები არის მოკლე ფორმატის, მაგალითად 4-დან 6 წლამდე ბავშვისთვის არის განკუთვნილი და მაქსიმალურად მარტივი უნდა იყოს. ეს ამოცანა ხელოვნურმა ინტელექტმა ძალიან კარგად შეასრულა, მარტივი ამბები შექმნა, უბრალოდ, თითოეულ ილუსტრაციაზე არის საკმაოდ სიღრმისეული სამუშაო, დაახლოებით ორი საათი სჭირდება ერთი სცენის იმ ზუსტ გენერაციამდე მიყვანას, რაც ამ ასაკს უნდა შეეფერებოდეს, ვგულისხმობ იმას, რომ პერსონაჟები უნდა იყოს საყვარელი, თბილი გამოხედვით მაგალითად, თავისი ჰაბიტუსით და ყველაფრით.

დაახლოებით ორი-სამი თვეა ახალი პროექტები ჩაეშვა ხელოვნურ ინტელექტში და რადგან ციფრული მარკეტინგი ჩემი სფეროა, ხშირად ვეცნობი სიახლეებს ციფრული სამყაროს შესახებ. ხშირად ვიყენებდი ხელოვნურ ინტელექტს სხვადასხვა დავალებებისთვის და უცბად მომივიდა იდეა, უფრო სწორად გამიჩნდა ინტერესი იმის, შეძლებდა თუ არა ხელოვნური ინტელექტი პატარა ამბების შეთხზვას და როდესაც დავუსვი შეკითხვა, ჩამომიწერა თავისი ზღაპრები და ამის შემდგომ დავიწყე ამ პროექტის განხორციელება. თავიდან მინდოდა მხოლოდ ჩემი ზღაპრების მიხედვით შემექმნა AI ვიზუალები, ზღაპრების დაწერა თავად მინდოდა, მაგრამ საინტერესო იყო ის, თუ როგორ მოახერხებდა ორივე დავალების ერთმანეთთან შეთავსებას ხელოვნური ინტელექტი. 

 - ზღაპრები და მისი პერსონაჟები, როგორც ვხვდები არის სრულიად ახალი და არ არის იგივე, რაც კარგად არის ნაცნობი, თუნდაც ჩვენი ბავშვობიდან.

 - კი, სრულიად ახალია, უნიკალურია დავალებაც ასეთი იყო მისთვის, რომ არ ყოფილიყო იგივე პერსონაჟები, ოდესღაც შექმნილი, არც პერსონაჟების სახელები და თვითონ შექმნა, ამბავიც, პერსონაჟებიც და მათი სახელებიც.

 - რა დრო დაგჭირდათ მუშაობაზე, როგორც აღნიშნეთ საკმაოდ დიდი დრო მიაქვს ერთი სცენის შექმნას - საბოლოო შედეგი, რომ მიგეღოთ რა დრო დაგჭირდათ ამისთვის?

 - ჯერ საბოლოო სახე არ აქვს მიღებული, რადგანაც ახლა ეს ყველაფერი რედაქტირების პროცესშია. როგორც აღვნიშნე ბავშვებისთვის არის განკუთვნილი და ასეთი ტიპის წიგნები ბევრ მუშაობას მოითხოვს გამომდინარე იქიდან, რომ წიგნის მთელი ფსიქოლოგია უნდა იყოს შესწავლილი. მაგალითად, ნახატი რამდენად შეეფერება ბავშვის ფსიქოლოგიას და ფსიქიკას ამ ასაკში, როგორ შეიძლება მოხდეს მისი მხრიდან პერსონაჟების და ამბების აღქმა.

 - ეს ზღაპრები ერთგვარი გზამკვლევიც შეიძლება იყოს ბავშვის შემდგომ ჩამოყალიბებაში?

 - როდესაც ბავშვი იზრდება მას უნდა მიაწოდო გარკვეული სახის ინფორმაციები.

 - მაგალითად?

 - მაგალითად, ჭიანჭველა წავიდა სადღაც, გაერთო, გული იჯერა თამაშით, თუმცა სახლში დაბრუნდა - ანუ ინფორმაცია ისე უნდა იყოს მიწოდებული, რომ ბავშვმა იცოდეს, თუ სადმე წავა სათამაშოდ, აუცილებლად უნდა დაბრუნდეს შინ. ეს არის ძალიან საინტერესო ამაში და თვითონ ხელოვნურმა ინტელექტმა შექმნა ეს ზღაპრები ისე, რომ გათვალა ბავშვების ფსიქოლოგიაზე.

 - როგორი ფორმატით იქნება წიგნი მიწოდებული მომხმარებლისთვის, ეს იქნება ბეჭდური ვერსია, თუ ონლაინ?

 - წიგნი იქნება ბეჭდური ვერსია. მაქვს სურვილი, რომ „ზღაპარიყო“ გახდეს ბავშვების საყვარელი წიგნი, რომელსაც მშობლები წაუკითხავენ ძილის წინ და ამ ზღაპრებით მინდა, რომ ჩაეძინოთ და მათთვის შექმნას დასამახსოვრებელი ბავშვობა. ვთვლი, რომ ჩვენი მომავალი თაობისთვის, ძალიან დასამახსოვრებელი იქნება ხელოვნური ინტელექტი და ძალიან საინტერესოა თუ რა ზეგავლენას მოახდენს მათზე ეს, როდესაც გაიგებენ, რომ მათ ბავშვობაში იყო ასეთი პროექტი, დაიწერა წიგნი, რომელზეც გაიზარდა. როგორ მიიღებს ზღაპარს, რომელიც სრულიად ჩვეულებრივია, უბრალოდ განსხვავებულმა მწერალმა დაწერა, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი ჰქვია.

 - ჩვენი ბავშვობისთვის ორგანულია ის ცნობილი ხალხური, თუ სხვა ტიპის ზღაპრები, რომლებიც იყო და არის დღემდე ძალიან პოპულარული და თამამად შეიძლება ითქვას, რომ გარკვეული ძალადობრივი ელემენტებიც არის ზოგ მათგანში. ხომ არ ფიქრობთ, რომ ეს ყველაფერი შეიძლება ჩაანაცვლოს ხელოვნურმა ინტელექტმა, ან რა სინთეზი შეიძლება ვიხილოთ, კარგად ნაცნობ ძველსა და ახალ ინოვაციას შორის?

 - მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ კლასიკად ქცეული რაც არის იმას ვერაფერი ვერ ცვლის, მაგალითად ჩარლი ჩაპლინი ავიღოთ, რაც არ უნდა გამოვიდეს სხვა, მას ვერაფერი ვერ შეცვლის.

როგორც აღნიშნეთ ძალადობის შემცველი ელემენტები, სცენები იქნება ეს თუ მოქმედებები, ხელოვნური ინტელექტი მუშაობს ამ თემაზე და მას ყველაზე მეტი ინფორმაცია აქვს ამ თემის შესახებ. ის გამორიცხავს ყველანაირ  ძალადობის სცენებს, აგენერირებს ზღაპრებს კონკრეტული ასაკის და მიმდინარეობის მიხედვით. დავალებაც ზუსთად ასეთი იყო, სრულად იყოს გამორიცხული ძალადობა და ამ პრინციპით იყოს აგებული, რომ ასე ვთქვათ ბავშვის აღზრდაში შეიტანოს წვლილი. რაც შეეხება სინთეზის ნაწილს, შემდეგ სერიაში ვგეგმავ ქართული-ხალხური ზღაპრების გაგრძელება გამოვცე, მაგალითად წიქარაზე. წიქარას ამბავი რეალურად იქ დასრულდა სადაც ჩევნ გვახსოვს, მაგრამ როგორ გადაახალისებს ამას და როგორ დაწერს წიქარასთვის ხელოვნური ინტელექტი სხვა სცენებს, საინტერესო იქნება. ეს იქნება გათვლილი ასაკის მიხედვით, შემდეგი სერიები მინდა 6-დან 8 წლამდე გავთვალო და ამ სერიებში შეიძლება ჩაჯდეს ქართული-ხალხური ზღაპრებიც. 

 - პროექტ „ზღაპარიყოს“ შესახებ მცირე ინფორმაციის სახით სოციალურ ქსელში მიაწოდეთ ინფორმაცია პოტენციურ მომხმარებელს, მოჰყვა თუ არა დაინტერესება ამ ყველაფერს?

 - უკვე გამოიწვია დაინტერესება მშობლებში. ბევრი მწერს, რომ ელოდებიან წიგნის გამოსვლას. რეალურად მიხვდნენ, რომ რაღაც ახალი ხდება და ეს ძალიან დააინტერესებს ბავშვს. ბავშვები ძალიან ახლოს არიან ტექნიკასთან და ტექნოლოგიებთან და მშობლებისთვისაც ძალიან საინტერესოა ის, რომ ტექნოლოგიების მეშვეობით მოახდინოს ბავშვის წიგნებით და მათი კითხვით დაინტერესება. 

 - როდის უნდა ელოდოს მკითხველი ამ წიგნს?

 - ყველაფერს თუ გავითვალისწინებთ, ერთი თვის ვადაში, შეიძლება კიდევ უფრო ადრეც. თავდაპირველად მისი შეძენა შესაძლებელი იქნება ონლაინ და ამის შემდგომ ვფიქრობ, მის შეტანას სხვადასხვა წიგნის მაღაზიებში, რათა ფართო მასებისთვის იყოს ხელმისაწვდომი.

 გიგა გელხვიიძე, CNews.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა