„თუშური ფოლკლორის კვალდაკვალ“ - იტალიაში ქართველი ემიგრანტის, პოეტ გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითი საღამო გაიმართა

სულ ნახვები : 648
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„თუშური ფოლკლორის კვალდაკვალ“ - ასე ერქვა პოეტ გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებით საღამოს, რომელიც იტალიის ქალაქ ფლორენციაში არსებული ქართული, წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის დარბაზში გაიმართა.

როგორც პოეტმა CNews-თან საუბრისას აღნიშნა, საღამო მეუფე აბრაამის ლოცვა კურთხევითა და მამა ანდრია ლაცაბიძეს თანადგომით გაიმართა.

მისივე თქმით, ღონისძიებაზე წარმოდგენილი იყო როგორც თუშურ დიალექტზე, ასევე სალიტერატურო ქართულ ენაზე შექმნილი ლექსები. ლექსებს კითხულობდნენ როგორც თავად ავტორი, ასევე ფლორენციის ქართული საკვირაო სკოლის მოსწავლეები, პედაგოგები და ფლორენციაში მყოფი ქართველი ხელოვანი ემიგრანტები.

„ძალიან ბედნიერი ვარ. ეს არ ყოფილა ჩემთვის პირველი, 20-ზე მეტი შემოქმედებითი საღამო მაქვს ჩატარებული როგორც საქართველოს სხვადასხვა კუთხეში, ისე სხვა ქალაქებსა და ქვეყნებში. თუმცა, რასაკვირველია ყოველი მაყურებელთან შეხვედრა თავისთავად განსხვავებულია, მითუმეტეს როცა უცხო ქვეყანაში იმართება და გიწევს ადამიანს ამდენი სამშობლოს მონატრებული ემიგრანტის თალებში ჩახედვა“, - განუცხადა CNews-ს რამაზაშვილმა.

აღსანიშნავია რომ გიორგი რამაზაშვილს რამოდენიმე ავტორმა ლექსიც მიუძღვნა და პოეტს საკუთარი სტრიქონებით მოეფერნენ. ხოლო ღონისძიების მთავარმა გმირმა საღამო გარმონის თანხლებით გახსნა და მაყურებელს საოცარი თუშური მელოდიებით მოესიყვარულა.  შემოქმედებით საღამოზე წარმოდგენილი იყო პოეტის 20-ზე მეტი ლექსი. ღონისძიებაზე გაჟერდა თუშური და ქალაქური სიმღერები ანსამბლი „ნანილას“ და ტრიო „ტერციას“ შესრულებით. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ანსამბლ „ნანილასთან“ ერთად პოეტის სოლო შესრულებამ.

„ძირითადი სარეპეტიციო დრო ანსამბლ „ნანილასთან“ მუშაობაში დამჭირდა, რადგანაც მოგეხსენებათ რაოდენ რთულია ნებისმიერი ხელოვანისათვის სიმღერის დამუშავება და განსაკუთრებით ურთულესი დატირების, იერემოს შესრულება. თან მე არ მქონია მცდელობა სცენაზე სიმღერის და განსაკუთრებით ანსამბლთან ერთად, თუმცა ანსამბლის ხელმძღვანელმა მაია სიმონიშვილმა და მისმა წევრებმა ეს სირთულე გადამალახინეს, რისთვისაც დიდი მადლობა მათ“, - თქვა გიორგი რამაზაშვილმა.

გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითი საღამო მიეძღვნა საქართველოს ეროვნული გმირის გიორგი ანწუხელიძისა და კახა თილიძის ხსოვნას.

ღონისძიებას როგორც ადგილობრივი ასევე სხვადასხვა ქალაქებიდან მოწვეული უამრავი სტუმარი ესწრებიდა, თამამად შეიძლება ითქვას რომ პოეტი გიორგი რამაზაშვილის შემოქმედებითმა საღამომ სრული ანშლაგით ჩაიარა.

„მინდა შემთხვევით ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო მამა ანდრიას, ორგანიზატორებს, მონაწილეებს, ქართველ ხელოვან ქალბატონებს, რომლებიც მობრძანდნენ და პატივისცემის ნიშნად ლექსები მომიძღრვნეს და წამიკითხეს, საოცარ და უნიჭიერეს მხატვარს ზვიად წყარუაშვილს რომელმაც არც კი იცოდა ჩემი სოფელი რა იყო თუშეთში და სრულიად შემთხვევით დახატა დართლო (ჩემი სოფელი)სადაც ჩემი სახლი ძალიან ლამაზად ჩანდა და გადმომცა საჩუქრად. აგრეთვე ქალბატონებს, რომლებმაც იზრუნეს და მოამზადეს მეორე განყოფილება. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო წმინდა ნინოს ტაძართან არსებული ქართული საკვირაოს სკოლის დირექტორი, საღამოს ერთ-ერთი ორგანიზატორი და საოცარი მხატვარი ბატონი რევაზ ჭეიშვილი, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ღონისძიების სისპეტაკეში“, - განაცხადა CNews-თან გიორგი რამაზაშვილმა.

გიორგი საკარული, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა