პაპი ლეო XIV ოფიციალურად 18 მაისს შეუდგება მოღვაწეობას





...
ვატიკანმა განაცხადა, რომ ახალი პაპის, ლეო XIV-ის ინაუგურაციის წირვა 18 მაისს, დილის 10 საათზე, წმინდა პეტრეს მოედანზე გაიმართება. მომლოცველების პირველი საყოველთაო აუდიენცია 21 მაისს არის დაგეგმილი. ამერიკელი რობერტ ფრენსის პრევოსტი, რომელიც კარდინალებმა წინა დღეს აირჩიეს, აშშ-დან პირველი პაპი გახდა და ამჟამად მთელ მსოფლიოში 1.4 მილიარდ კათოლიკეს ლიდერობს.
პონტიფიკოს ლეო XIV-ის რანგში პირველ წირვაზე მან რწმენის დაკარგვის შედეგების შესახებ გააფრთხილა.
„ასეთ შემთხვევაში, სიცოცხლის აზრი იკარგება, წყალობა დავიწყებას ეძლევა, ადამიანური ღირსება ირღვევა და ოჯახები ინგრევა“, - დასძინა ლეო XIV-მ.
პაპმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღესდღეობით რწმენა ხშირად აღიქმება, როგორც რაღაც „აბსურდი“, როგორც „სუსტებისა და არც ისე ჭკვიანების“ ბედი.
ლეომ გააკრიტიკა ტექნოლოგიების, ფულისა და ძალაუფლების კულტი, რომელიც სულიერ ორიენტაციებს ანაცვლებს და „ფაქტობრივი ათეიზმი“, მაშინ როდესაც იესო მხოლოდ „ქარიზმატულ ლიდერად ან სუპერგმირად“ არის აღქმული. ეს, მისი აზრით, ქრისტიანული რწმენის არსს ძირს უთხრის.
ქადაგების დაწყებამდე კარდინალებისადმი მიმართვაში პაპმა ინგლისურად ისაუბრა. მან მადლობა გადაუხადა მათ ნდობისთვის და თანამშრომლობისკენ მოუწოდა.
„ვიცი, რომ შემიძლია თითოეულ თქვენგანზე დაყრდნობა, რათა ერთად გავაგრძელოთ სასიხარულო ცნობის - სახარების - ქადაგება, როგორც ეკლესიამ და როგორც იესოს მეგობრების საზოგადოებამ“, - განაცხადა პაპმა.