არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო - გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი

სულ ნახვები : 364
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსმა გიორგი ჯანიკაშვილმა ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებულების სასამართლო პროცესზე ისაუბრა თუ რა ვითარებაში მიიღო დაზიანება - აღნიშნულ საქმეში მას დაზარალებულის სტატუსი აქვს.

„ხელმძღვანელობის დავალებით მითხრეს, რომ აქცია იყო რუსთაველზე, სჭირდებოდათ დახმარება. მე ჩემს თანამშრომლებთან ერთად წავედი რუსთაველზე, განვლაგდით რუსთაველისა და 9 აპრილის ქუჩის კვეთაზე, საზოგადოებრივ წესრიგს ვიცავდით. რუსთაველზე შეკრებილი იყო ხალხი, რაოდენობას კონკრეტულად ვერ დავასახელებ.

მოგვიანებით შეიქმნა ჩოჩქოლი და გადავიდა დემონსტრანტების მხრიდან ძალადობრივ მოქმედებებში. სიტყვიერი შეურაცხყოფა, ნივთების დაზიანება, ხის და სხვა საგნების, მათ შორის ბოთლების სროლა და ა.შ. პოლიციელების მისამართით.

იყვნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც და იყვნენ აგრესიულები.

ამ პერიოდში სიბნელიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავის არეში, მივიღე დაზიანება. ისეთი სიმძიმით მომხვდა, რომ გონება დავკარგე და წავიქეცი. ის პერიოდი არ მახსოვს, სასწრაფოში მოვედი გონზე. გადაყვანილი ვიყავი კლინიკაში. ჩამიტარდა დახმარება, ჩამიტარეს ტომოგრაფიული კვლევები, ნეიროქირურგმა მნახა, დამადეს 5 ნაკერი.

მე არ დამინახავს ვინ მესროლა და ვერ შევძლებ ამოვიცნო რომელიმე, მაგრამ ზოგადად ვგმობ ძალადობას“, - განაცხადა პოლიციელმა.

ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ფოტო კომენტარი ► Მეტის ნახვა