დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკანონო პატიმრობაში არიან - თორნიკე მიგინეიშვილი სინდისის პატიმრებზე
...
დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ უკანონო პატიმრობაში არიან, - ამის შესახებ ადვოკატმა თორნიკე მიგიონეიშვილმა სინდისის 11 პატიმრის დღევანდელი სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
დღეს პროცესზე გამოიკითხა ბრალდების მხარის 2 მოწმე, მათ შორის გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი.
როგორც ჯანიკაშვილმა პროცესზე აღნიშნა, მას თავში მოხვდა ქვა, რის გამოც დაკარგა გონება, დასჭირდა ქირურგიული ჩარევა და 5 ნაკერი დაადეს. ჯანიკაშვილის თქმით, არ იცის ვისი ნასროლი ქვა მოხვდა და არც მათი ამოცნობა შეუძლია.
ადვოკატი თორნიკე მიგინეიშვილის თქმით, აღნიშნულიდან გამომდინარე, ბრალდების მხარის მოწმის მიმართ დამატებითი კითხვების საჭიროებაც აღარ არსებობდა.
„ეს კიდევ ერთელ მიუთითებს რომ ბრალდების მხარისთვის მნიშვნელოვანია რაოდენობა, რომ ჩანდეს რა რაოდენობის მოწმე დაიკითხა.
როგორც ჩანს, ბრალდების მხარე არ აქვს მოთხოვნილება რომ რომელიმე პიროვნებამ რამე დაადასტუროს ან უარყოს, რადგან თავად თავისუფალი თხრობის პირობებში აღნიშნა, რომ არ იცნობს არც ერთ ბრალდებულს და არ დაუნახავს ვის ესროლა ქვა და არ იცის, ეს პიროვნება იყო თუ არა აქტივისტი, შესაბამისად, კითხვებიც აღარ არსებობდა. კიდევ ერთელ დღევანდელმა პროცესმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ სინდისი პატიმრები უკანონო პატიმრობაში არიან“, - განაცხადა მიგინეიშვილმა.
ცნობისთვის, დაკავებულებს - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კინაძესა და სერგეი კუხარჩუკს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.
აღნიშნული დანაშაული სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.