ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი - ივანე ჩხაიძე
....
ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი, ამის შესახებ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა.
მისი თქმით, კორონავირუსის შემთხვევევი 70 დან 20 პროცენტამდე შემცირდა.
„თუ აგვისტოში, განსაკუთრებით აგვისტოს შუა რიცხვებში კორონავირუსის მკვეთრი სიჭარბე გვქონდა ქვეყანაში და იმ შემთხვევებს შორის, რომელიც ლაბორატორიულად დადასტურდა დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში, კორონავირუსის ხვედრითი წილი 70%-ს შეადგენდა, სექტემბრის ბოლოსთვის ეს ციფრი 20%-მდე შემცირდა და ახლა ქვეყანაში ძირითადი ვირუსი არის რინოვირუსი. რინოვირუსთან ერთად ფიქსირდება სხვა გაციების გამომწვევი ვირუსები, როგორიცაა პარაგრიპის ვირუსი, კორონავირუსი. ამ ვირუსებს ერთი რამ აერთიანებს, ყველა მათგანს შეუძლია ნაკლებად მძიმე რესპირაციული დაავადების გამოწვევა. გაციების კლინიკური სიმპტომებით მიმდინარეობს: ეს არის დაბალი ტემპერატურა, ყელის მსუბუქი ტკივილი, ხველა, ცემინება. ამ ვირუსებს არ ახასიათებს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, ძლიერი საერთო სისუსტე“,- განაცხადა ჩხაიძემ
მისი თქმით, გრიპის ვირუსი ჯერ არ გამოჩენილა, ამასთან ჩხაიძემ აღნიშნა, რომ გრიპის საწინააღმდეგო ვზაქცინა ქვეყანაში შემოტანილია.
„საქართველოში შემოტანილია 200 ათასი დოზა გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა, რომელიც უფასო იქნება უპირველესად, რისკ ჯგუფების წარმომადგენლებისთვის და შემდეგ უკვე იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც აქვთ სურვილი, თავი დაიცვან გრიპის ვირუსისგან. ვაქცინაციისთვის იდეალური პერიოდი ოქტომბრის მეორე ნახევარია“,- განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, გრიპის ვაქცინა მოქმედებას აცრიდან 2 კვირის შემდეგ იწყებს.