მე-12 კლასში სწავლა მხოლოდ შედარებით შეძლებული ოჯახების შვილებისთვის იქნება შესაძლებელი - UG სკოლის ადმინისტრაციის უფროსი
....
„მე-12 კლასის გაუქმება, შექმნის არათანაბარ პირობებს და კიდევ ერთხელ დააზარალებს საჯარო განათლების სისტემას,“ - აცხადებს თინა თოფურია, რომელიც განათლების სისტემაში დაგეგმილ ცვლილებებს მწვავედ აკრიტიკებს.
თოფურია აცხადებს, რომ თუ რეფორმა ამ ფორმით გაგრძელდა, მე-12 კლასში სწავლა მხოლოდ შედარებით შეძლებული ოჯახების შვილებისთვის იქნება შესაძლებელი.
„ძალიან ბუნდოვანია, ვისი შვილები შეძლებენ მე-12 კლასის დასრულებას. იქნება ეს ვაკე-ვერის, შედარებით შეძლებული ოჯახების ბავშვები. ეს შექმნის არათანაბარ პირობებს და კიდევ ერთხელ დააზარალებს საჯარო განათლების სისტემას,“ - აღნიშნავს თოფურია.
მისივე თქმით, განათლების სფეროში მიმდინარე პროცესები არღვევს თანასწორი შესაძლებლობების პრინციპს და სოციალურ უთანასწორობას კიდევ უფრო ამძაფრებს.
„როგორც კერძო სექტორის წარმომადგენელი, შემეძლო საერთოდ არ ამომეღო ხმა და მეთქვა, რაც უნდათ, ის უქნიათ, რადგან რაც უფრო დაინგრევა საჯარო სისტემა, მით უფრო გაიზრდება კერძო სკოლებში მოსწავლეთა რაოდენობა. მაგრამ, რადგან გვტკივა გული ქვეყნის მომავალზე, ამიტომ ვსაუბრობთ. ეს ეხება მთელი ქვეყნის ბავშვების მომავალს,“ - განაცხადა თოფურიამ.
ინფორმაციისთვის, "ქართული ოცნების" მთავრობის პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ გუშინ, განათლების რეფორმის კონცეფციის პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ სკოლები 11 წლიან სასწავლო პროგრამაზე უნდა გადავიდნენ. ირაკლი კობახიძის არგუმენტები ასეთია: სწავლის დასრულება 11 წელიწადში საკმარისია და მიზანია, ახალგაზრდების შენარჩუნება საქართველოში და მიგრაციის შემცირება; თუმცა, "ოცნების" პრემიერმა არ გამორიცხა, რომ სურვილის შემთხვევაში, მე-12 კლასის დამთავრების შესაძლებლობაც დატოვონ.