მთელი წერილი არის მკაცრი გაფრთხილება და შეხსენება - დეკანოიძე სალივანის წერილზე
...
პროპაგანდას გაუვრცელებია, რომ სანქციებზე ევროკავშირის წარმომადგენელმა დევიდ ო სალივანმა მადლობის წერილი მისწერა ბოჭორიშვილსო,- ამის შესახებ დღეს, 30 ოქტომბერს სოციალურ ქსელში ხატია დეკანოიძემ დაწერა.
მისი თქმით, წერილი რომელიც სალივანმა გამოუგზავნა რეჟიმს, არ არის მადლობის.
,,დილიდან რამდენიმე მეგობარმა მომწერა კითხვით, თუ რას ნიშნავს ეს წერილი. ქოცებმა შინაარსი ვერ გაიგეს. ნაწილმა გაიგო, მაგრამ პროპაგანდისტულად გაავრცელა. ბოჭორიშვილმაც იცის ინგლისური, ამიტომ მეეჭვება ვერ გაიგო წერილის ტონი. რეალობა სხვაა.
არავითარი მადლობის წერილი ეს არ არის. ეს არის ზრდილობიანი გაფრთხილება სანქციების ფორმატზე და აკრძალულ პროდუქციაზე.
წერილი იწყება იმით, რომ მადლობას გამოთქვამს სპეციალური წარმომადგენელი სანქციების დაცვაზე აღებულ ვალდებულებებზე და პრობლემურ საკითხებზე ყურადღების გამახვილების კეთილ ნებაზე. ჩვეულებრივი დიპლომატიური პროტოკოლია წერილის ასე დაწყება.
ამის შემდეგ მთელი წერილი არის მკაცრი გაფრთხილება და შეხსენება. ვისაც დიპლომატიური კორესპონდენცია წაუკითხავს - მიხვდება.
ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი: „ადრე გაგიზიარეთ საერთო მაღალი პრიორიტეტის პროდუქციის სია (50 ჰარმონიზებული სისტემის (HS) კოდი), რომელიც ევროპულმა კომისიამ მოამზადა მჭიდრო კოორდინაციით პარტნიორებთან ერთად. ეს სია მოიცავს ორმაგი დანიშნულების საქონელსა და მაღალტექნოლოგიურ პროდუქტებს, რომლებიც ექვემდებარება ექსპორტის შეზღუდვებს და აღმოჩენილია რუსეთის სამხედრო სისტემებში — ან უკრაინაში ბრძოლის ველზე, ან კრიტიკულად მნიშვნელოვანია ამ სისტემების განვითარებისთვის, წარმოებისთვის ან გამოყენებისთვის.
გმადლობთ თქვენი ძალისხმევისთვის, რომ შეაჩეროთ ამ ნივთების რეექსპორტი. დამატებით, ევროპულმა კომისიამ განსაზღვრა ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის (ECG) სია, რომლის შეძენასაც რუსეთი სასწრაფოდ ცდილობს ომის მხარდაჭერის მიზნით. ეს არის სანქცირებული პროდუქტები, რომლებიც შესაძლოა მხარს უჭერდეს რუსეთის ინდუსტრიულ ბაზას. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის უმეტესობა ტრადიციული ორმაგი დანიშნულების ნივთები არ არის, მათი რეექსპორტი ხელს უწყობს რუსეთის ეკონომიკის მნიშვნელოვან სექტორებს. მაგალითად, მილებისთვის საჭირო მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის სტრუქტურები აუცილებელია რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვის. ეს სექტორი წარმოადგენს რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროს“ .
სად არის აქ დახვეწილი, გულისხმიერი მადლობა. გაფრთხილების წერილია და არა მადლობის - ახალი კოდები რომ გამოგიგზავნეთ, იქ ხარვეზებიაო. იმედმა ადრე გაავრცელა, ვიდრე ოპოზიციურმა მედიამ და რაც უნდოდა ის დაარქვა.
რა მადლობა, “გაფრთხილების წერილია” სათაური. იმედია ეს ინფო გავრცელდება, რომ პროპაგანდას ვუპასუხოთ”,- წერს დეკანოიძე.