საბავშვო ევროვიზიის ორგანიზებისთვის 9 034 280 ლარი გამოიყო
...
2025 წლის საბავშვო ევროვიზიას საქართველო უმასპინძლებს. სიმღერის საბავშვო ევროფესტივალი თბილისში 13 დეკემბერს გაიმართება.
მთავრობის განკარგულებიდან ხდება ცნობილი, რომ საქართველოს ბიუჯეტიდან კონკურსის დაფინანსება 870 ათასი ლარით გაიზრდება და 9 034 280 ლარს შეადგენს.
შესაბამისი ცვლილებები- „საბავშვო ევროვიზია 2025-ის ორგანიზებისათვის განსახორციელებელი ზოგიერთი ღონისძიების დაფინანსების შესახებ“ - 2025 წლის 6 აგვისტოს განკარგულებაში შევიდა, რომლის მიხედვითაც ღონისძიებისთვის 8 164 280 ლარი უნდა გამოყოფილიყო.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ამ თანხიდან 8 მლნ ლარი კულტურის სამინისტროსთვის არის გამოყოფილი, 164 280 ლარი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის, ხოლო 870 ათასი ლარი - სახელისუფლებო სპეციალური კავშირგაბმულობის სააგენტოსთვის.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ევროვიზია საქართველოში უკვე მეორედ ტარდება. საერთაშორისო სიმღერის კონკურსი თბილისში პირველად 2017 წელს ჩატარდა.