როდის დაიწყება პარლამენტში 2026 წლის ბიუჯეტის პროექტის გადამუშავებული ვერსიის განხილვა?
...
„ოცნების“ პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილებით, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ შემუშავებული განრიგის მიხედვით, ბიუჯეტის პროექტის განხილვა დღეს, 4 ნოემბერს დაიწყება და 10 ნოემბრამდე გაგრძელდება. მთავრობამ პარლამენტს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებული ვარიანტი წარუდგინა, რომელიც პირველ წარდგენასთან არსებითად იდენტურია.
დოკუმენტის მიხედვით, ბიუჯეტის მთლიანი ასიგნებები კვლავ 30.5 მილიარდი ლარითაა განსაზღვრული, რაც 2025 წლის ბიუჯეტთან შედარებით 2.5 მილიარდი ლარით მეტია. უცვლელი რჩება საგადასახადო შემოსავლების მოცულობაც - 23 მილიარდი ლარი, რაც მიმდინარე წელთან შედარებით 1.15 მილიარდი ლარით მაღალი მაჩვენებელია.
უცვლელია ასევე საგარეო კრედიტების პარამეტრი, რომელიც 3.41 მილიარდ ლარს შეადგენს. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2025 წელთან შედარებით, ყველაზე მეტი ზრდა დაფიქსირდება ჯანდაცვის სამინისტროს ბიუჯეტში - 800 მილიონი ლარით. რის შედეგად, სამინისტროს დაფინანსება 9.6 მილიარდ ლარს მიაღწევს.
მეორე ყველაზე მსხვილი ბიუჯეტის მქონე უწყება ინფრასტრუქტურის სამინისტრო იქნება. მისი დაფინანსება 3.1 მილიარდი ლარით განისაზღვრება, რაც წლიურად 28 მილიონი ლარით ნაკლებია.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ბიუჯეტი კი 2.6 მილიარდი ლარია, რაც წინა წელთან შედარებით 470 მილიონი ლარით შემცირებაა.
თავდაცვის სამინისტრო მიიღებს 1.8 მილიარდ ლარს (ზრდა 70 მლნ ლარი),
შინაგან საქმეთა სამინისტრო - 1.47 მილიარდ ლარს (ზრდა 78 მლნ ლარი),
ხოლო ეკონომიკის სამინისტროს დაფინანსება 195 მილიონი ლარით გაიზრდება და 1.14 მილიარდ ლარს მიაღწევს.
ბიუჯეტის საბოლოო ვარიანტის დამტკიცება, პარლამენტის პლენარულ სესიაზე, ნოემბრის ბოლოსთვის არის დაგეგმილი.