ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის, ალექსანდრე თამაზაშვილის კომპანიას 800 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმეს - ბესო დონაძე
...
ირაკლი ღარიბაშვილის ცოლის ძმის ალექსანდრე თამაზაშვილის კომპანიას 800 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმეს - ამის შესახებ ინფორმაციას კოალიცია ცვლილებისთვის წევრი ბესო დონაძე ავრცელებს.
როგორც მან CNews-ს განუცხადა, ხელისუფლება ერთი მხრივ თითქოს კორუფციას ებრძვის, მეორე ხელით კი ღარიბაშვილთან დაკავშირებულ კომპანიებს ტენდერების გარეშე ფულს აძლევს.
დონაძის მიერ მოპოვებული ინფორმაციით, „მოსავლის მართვის კომპანიამ“ კომპანია "ვაინ კახეთს", რომლის 22% წილის მფლობელი ღარიბაშვილის ცოლის ძმა ალექსანდრე თამაზაშვილია, 800 000 ლარის ღირებულების კონტრაქტი გაუფორმა. ხოლო 2025 წლის 30 ოქტომბრის მდგომარეობით, კომპანია " ვაინ კახეთს" ამ თანხიდან უკვე მიღებული აქვს 612 417 ლარი.
„თითქოს კორუფციას ებრძვიან, ახლა დაინახეს, რომ თურმე კორუფციაა ქვეყანაში, ეს კორუფცია არის 13 წლის განმავლობაში. ფაქტია, რომ ირაკლი კობახიძემ 2024 წლის 4 აპრილს თამაზაშვილს გადასცა ჰესებზე მიწის ნაკვეთები 49 წლიანი იჯარით, ხოლო ახლა სექტემბრის თვეში ერთ პირთან მოლაპარაკებით, ჯამში რვაასი ათასი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაუფორმეს. დოკუმენტებით ირკვევა, რომ რომ 600 ათასი უკვე ათვისებულია, გადარიცხულია, დარჩენილია 200 ათასი ლარის ათვისება. ერთი მხრივ, ჩხრეკენ ირაკლი ღარიბაშვილის ოჯახს... მან აღიარა, რომ უკანონო შემოსავლებს იღებდა, თუმცა ჩვენ გამოძიებისგან არ მოგვისმენია კონკრეტულად რა გზით ხდებოდა ეს. სანამ ღარიბაშვილი თანამდებობაზე არ იყო, მის ოჯახს არც ღვინის ქარხნები ჰქონდა, არც სპირტის გადამამუშავებელი ქარხნები, ეს ყველაფერი მის ოჯახს, მისი მეუღლის ოჯახს გაუჩნდა მისი პოლიტიკაში ჩართვის შემდეგ - იყო პრემიერი, შს მინისტრი, თავდაცვის მინისტრი, ამის შემდეგ გახდა ლექსო თამაზაშვილიც საკმაოდ დიდი ფულის პატრონი, გაუჩნდა ქარხნები, ჰესები, ასევე ტარიელ ღარიბაშვილს ღვინის ქარხნები, ჰესის მეწილეც იყო. შესაბამისად, ეს ღვინის ქარხნები და ბიზნესები სავარაუდოდ ირაკლი ღარიბაშვილს ეკუთვნის“, - განუცხადა CNews-ს ბესო დონაძემ.
ირინა მაკარიძე; CNews