ახლა მიხვდნენ, რომ ამას ვერ გაექცევიან და „ნაცებს” დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა - შარმანაშვილი BBC-ის კვლევაზე
..
ახლა მიხვდნენ, რომ ამას ვერ გაექცევიან და „ნაცებს” დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების” დეპუტატმა, თენგიზ შარმანაშვილმა ჟურნალისტებთან BBC-ის მიერ გამოქვეყნებული მასალაზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ამ საკითხზე გამოიკითხება ყოფილი შს მინისტრი ვახტანგ გომელაურიც.
„ამას დაადგენს გამოძიება რა მიზნით შეისყიდეს ეს. ახლა მიხვდნენ, რომ ამას ვერ გაექცევიან და „ნაცებს” დაუდასტურდებათ ამ ნივთიერების შესყიდვა. ახლა ახალი ბოდვა დაიწყეს და თქვეს, რომ ეს ნივთიერება ჯანდაცვის მიზნებისთვისაც და ლაბორატორიული კვლევებისთვისაც გამოიყენებაო. პოლიციამ შეისყიდა პოლიციის საქმიანობისთვის, რა კვლევაზეა საუბარი. ასე რომ ეს გამოძიება ბოლომდე იქნება მიყვანილი, რა თქმა უნდა, გომელაურიც გამოიკითხება და დადგინდება დახვდა თუ არა მას ეს მარაგები, როდესაც მინისტრი გახდა, რა მდგომარეობაში იყო, რა ვითარებაში ინახებოდა, მისმა წინამორბედებმა წინა ხელისუფლების დროს გამოიყენეს თუ არა და აქვს თუ არა ამის შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციის გამოძიება ჯერ კიდევ წინ გვაქვს. იცით, რომ ჩვენი საგამოძიებო ორგანოები საჯაროდ მიღებული ინფორმაციის გამჟღავნებას არ ერიდებიან”, - განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
ცნობისთვის, BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით „იმედმა” გაავრცელა ყოფილი შს მინისტრის, ვახტანგ გომელაურის კომენტარი, სადაც ის აცხადებს, რომ BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში დასახელებული ნივთიერებები „ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა, ოღონდ 2012 წლამდე”.