„უცხო ქვეყანაში, უცხოელი მაყურებლის წინაშე, საქართველოსა და ჩვენს ისტორიას წარმოვაჩენთ“ - ეკა მოდებაძე

სულ ნახვები : 529
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ხელოვნება დამეხმარა, მეკეთებინა ის საქმე, რასაც ხალხი შეიყვარებდა... ბედნიერი ვარ, რომ ეს შევძელი“, _ ამბობს „ქრონიკა+“-სთან ანსამბლ „რუსთავის“ სოლისტი, ეკა მოდებაძე, რომელმაც სწორედ პანდემიის ამ რთულ ჟამს ქართული ბრენდი „ეკოსი“ შექმნა.

ეკა ორი შვილის დედაა. გადატვირთული გრაფიკისა და გასტროლების მიუხედავად, ის ყოველთვის ცდილობს, რომ თავისუფალი დრო შვილებთან ერთად გაატაროს და გაანებივროს ისინი ლამაზი საჩუქრებით. მთელი ცხოვრება სცენაზე დგას და ბედნიერია, რომ მისით თავისი შვილები ამაყობენ და პირველი შემფასებლებიც სწორედ ისინი არიან.

რა გეგემბი აქვს ანსამბლ „რუსთავს“? სად გამართავს დასი კონცერტებს? როგორია მოცეკვავე ახლა უკვე ბიზნესლედის ამპლუაში? ამ ყველაფრის შესახებ ინტერვიუდან შეიტყობთ:

_ ეკა, როგორც ვიცი, ანსამბლი „რუსთავი“ გასტროლით პოლონეთსა და უკრაინაში მიემგზავრება. იქნებ, უფრო დაწვრილებით მოგვიყვეთ თქვენი ვიზიტის შესახებ?

_ დიახ, ეს გასტროლი საკმაოდ დიდი ხნის წინ დაიგეგმა, თუმცა პანდემიიდან გამომდინარე გადაიდო და ახლა გვაქვს საშუალება, რომ გავემგზავროთ. ძალიან ლამაზი და განახლებული პროგრამა მიგვაქვს მომღერალებთან ერთად. ახალი პროგრამით წარვდგებით მაყურებლის წინაშე და ეს ჩვენი პირველი გასტროლია ბატონ ანზორ ერქომაიშვილის გარეშე, რაც ნამდვილად რთულია, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ეს არის ჩვენი პროფესია და ის აუცილებლად იამაყებდა ამ ყველაფრით.

_ ნამდვილად დიდი დანაკარგია ბატონი ანზორი როგორც ანსამბლისთვის, ასევე სრულიად საქართველოსთვის. როგორ გაიხსენებთ მას, როგორი ხელმძღვანელი იყო?

_ ძალიან გვაკლია და განვიცდით ბატონი ანზორის გარდაცვალებას. ცოტა წარმოუდგენელიცაა ნებისმიერი გასტროლი ბატონი ანზორის გარეშე. ბატონი ფრიდონ სულაბერიძე ძალიან გვეხმარება, სრული დატვირთვით გვაქვს რეპეტიციები. სექტემბრიდან ვიწყებთ ახალ პროგრამაზე მუშაობას, ძალიან დიდი მოლოდინი გვაქვს და იმედია, არ ჩაიკეტება საზღვრები და მოგვიწევს წასვლა. აფიშები უკვე გაკრულია და უცხოელი მაყურებელი გველოდება. 

_ როდისაა ეს გასტროლი დაგეგმილი?

_ 2 ოქტომბერს მივდივართ და 19 ნოემბერს ვბრუნდებით საქართველოში. ჯერ უკრაინის სხვადასხვა ქალაქში გვექნება კონცერტები და შემდეგ გადავდივართ პოლონეთში.

_ რამდენი კონცერტი გექნებათ?

_ დაახლოებით 30 კონცერტი გვაქვს ჩასატარებელი, მეტი თუ არა.

_ როგორია განწყობა, როგორ გხვდებათ უცხოელი მაყურებელი?

_ პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ, ზოგადად, ქართული კულტურით და ცეკვით უცხოელი მაყურებელი აღფრთოვანებულია, ძალიან უყვართ. ზუსტად იგებენ იმ ტრადიციებს, ღირებულებებსა და კულტურას, რაც ქართველებს ოდითგანვე გვაქვს. მით უმეტეს, ჩვენს ცეკვებს უდიდესი მუხტი აქვს, რაც კიდევორმაგ ემოციას იწვევს საზოგადოებაში. ყოველი ჩვენი კონცერტი სრული ანშლაგით მიმდინარეობს და რამდენიმე წუთის განმავლობაში დარბაზში არ წყდება ტაშის ხმა, შეძახილები და ემოციები. 

_ ორი შვილის დედა ხართ, ამავდროულად, სულ გასტროლები გაქვთ, რთული რეჟიმი. პოპულარული და წარმატებული ქალი ხართ. რას გეუბნებიან შვილები, როცა ისინი დედას ტელევიზორში, სცენაზე ან კონცერტზე ხედავენ?

_ ძალიან დიდ შემართებას და ძალას მაძლევენ ჩემი შვილები. ორივე ნიჭიერია და ლამაზი. მოსწონთ ჩემი საქმიანობა და რა თქმა უნდა, ამაყობენ. ბედნიერი ვარ და მინდა, რომ ყოველთვის იამაყონ ჩემით. ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ჩემი შვილები გავახარო. ნამდვილად უსაზღვროდ ბედნიერები არიან, როდესაც ტელევიზიით მხედავენ რომელიმე გადაცემაში ან კონცერტი მაქვს. სკოლაში ბავშვები ეუბნებიან, რომ დედაშენი ვნახეთ, რა მაგარი დედა გყავსო და ამით ისინი გახარებულები და ბედნიერები არიან. როდესაც სამოგზაუროდ მივდივართ უცხოეთში, მთელი სული და გული მათთან მრჩება, მაგრამ, საბედნიეროდ, დედა მეხმარება ყველაფერში და მეც იმედიანად მივემგზავრები. უხარიათ, როცა სახლში ვბრუნდები, რადგან იციან, რომ ბევრ საჩუქარს ჩამოვუტან. რაც შეეხება რთულ რეჟიმს, ისინი უკვე მიჩვეულები არიან ამ გრაფიკს და ყველანაირად ხელს მიწყობენ. იციან, რომ ჩემი საქმე ძალიან მიყვარს.

_ რას ნიშნავს თქვენთვის უცხოელი პუბლიკა?

_ ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, რადგან როდესაც უცხო ქვეყანაში, უცხოელი მაყურებლის წინაშე გამოდიხარ, იქ მარტო არ ცეკვავ, მარტო არ მღერი, იქ წარმოაჩენ საქართველოს, მთელ ერს, ჩვენს ტრადიციებსა და ისტორიას. განსაკუთრებული სიყვარულით გველოდებიან ხოლმე. ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა, ატარებდე ანსამბლ „რუსთავის“ სახეს, რომელმაც შექმნა ეპოქა და მეამაყება, რომ ამ ანსამბლში გავიზარდე. ბატონ ფრიდონ სულაბერიძესთან მუშაობა დიდი ბედნიერებაა. მადლობელი ვარ მისი, რომელმაც შვილად მიმიღო.

სამწუხაროდ, ჩვენმა ანსამბლმა დაკარგა დიდი გენიოსი, ბატონი ანზორ ერქომაიშვილი, რომელიც ქვეყნის მოამაგე იყო. თითოეულ ჩვენგანს ძალიან დიდ ძალას გვმატებდა, დიდ სითბოსა და ყურადღებას გვჩუქნიდა. არ მავიწყდება პირველი შეხვედრა ბატონ ანზორთან და ფრიდონთან, რომლებმაც შვილივით მიმიღეს ამ დიდ ოჯახში. მას მერე ყველაზე დიდ დროს ვატარებ სწორედ ანსამბლ „რუსთავში“, ყველაზე თავისუფალი აქ ვარ, ყოველი დილა ჩემი ბედნიერებით იწყება, რომ მივდივარ იქ, სადაც დიდი სიყვარულია.

_ უცხოელი და ქართველი მაყურებელი _ რა განსხვავებაა მათ შორის?

_ ორივე შემთხვევაში შენს ქვეყანას წარმოადგენ. რთულია ისაუბრო მაყურებელზე, რომელიც სულმოუთქმელად გელოდება ყოველთვის, ფეხზე გიდგება და მხურვალე აპლოდისმენტებით გამოხატავს უდიდეს სიყვარულს, სითბოს და გრძნობ დიდ დაფასებას. ქართველი მაყურებელი უფრო კრიტიკულია, მომთხოვნია, სხვა თვალით უყურებს ყველაფერს და მათი ტაში უკვე შეფასებაა. მიყვარს ჩემი, ჩვენი თითოეული მაყურებელი.

_ ეკა, საუბრის დასაწყისში კონცერტების გადადება ახსენეთ და პანდემიის გამო ბევრი ღონისძიების გაუქმება მოგიწიათ?

_ დიახ, პანდემიის გამო ძალიან ბევრი ღონისძიების გადადება და გაუქმება მოგვიწია. მოცეკვავეები ამ ყველაფერს განვიცდიდით, მაგრამ როდესაც განახლდა მუშაობა, გაორმაგებული ძალებითა და ენერგიით დავიწყეთ რეპეტიციები. მონატრებულები ვიყავით და რა თქმა უნდა, პანდემია ყველაზე უარყოფითად აისახა. ჩვენც, ისევე როგორც ყველას, გვინდა, რომ მალე დასრულდეს ეს ყველაფერი. ზოგადად, ხელოვანი ადამიანებისთვის რთულია უმოქმედო მდგომარეობაში ყოფნა, ეს არის ჩვენი ცხოვრება, სამსახური და ყველაფერი. მით უმეტეს, მოცეკვავე მუდმივად ფორმაში უნდა იყოს, სულ უნდა ვარჯიშობდეს და ტონუსში იმყოფებოდეს. სცენის, ცეკვისა და კონცერტის გარეშე ჩვენი ყოფა იგივეა, რაც თევზი წყლის გარეშე.

_ ეკა, პანდემიის დროს, როცა ყველაფერი გაჩერებული იყო, ადამიანებმა სხვადასხვა საქმიანობა დაიწყეს, საკუთარ თავში აღმოაჩინეს ის ნიჭი, რაც აქამდე არავის გახსენებია. პირადად თქვენ რა აღმოჩენები გააკეთეთ საკუთარ თავში?

_ ყოველთვის ვფიქრობდი თუ რა უნდა გამეკეთებინა ან რა როგორ უნდა მომესწრო, რადგან ხელოვანებს იმდენად დატვირთული გრაფიკი გვაქვს, რომ ვერაფერს ვასწრებთ. უამრავი რეპეტიცია, გადაღება, კონცერტები, გასტროლები და ფიზიკურად დრო არ მრჩებოდა, რომ რამე სხვა საქმე გამეკეთებინა. მოგეხსენებათ, პანდემიამ გააჩერა ყველაფერი და, მათ შორის, ჩემი საქმიანობაც. ამ პერიოდმა დამაფიქრა იმაზე, რომ რაღაცა უნდა გამეკეთებინა. ერთ დღეს სახლში სტუმარი მესტუმრა და მაგიდის ისეთი ლამაზი გადასაფარებელი ვერ ვნახე, რომელსაც საღამოს შევუხამებდი. ავდექი და რაღაცა დეტალი მე თვითონ შევიტანე სუფრაზე. ეს იმდენად მოეწონათ ჩემს სტუმრებს, რომ გადავწყვიტე, გამეკეთებინა ჩემი სახელობის ბრენდი EKOSI, ანუ სუფრის გადასაფარებლებზე დავიწყე მუშაობა.

გამომდინარე იქიდან, რომ მთელი ცხოვრება ხელოვნებას ვემსახურები, ეს საქმეც ხელოვნებას დავუკავშირე, რადგან მე ვქმნი თითოეულ დეტალს. ზუსტად ვიცოდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან დიდ მოწონებას დაიმსახურებდა და დღეს ბედნიერი ვარ, რომ ეს ფერადი, ლამაზი და ორიგინალური გადასაფარებლები ძალიან ბევრი ოჯახის სუფრას ამშვენებს. მინდა აღვნიშნო, რომ ჩემი გადასაფარებლები საზღვარგარეთაც გავიდა და დიდი მოთხოვნაა, იმიტომ რომ არის ქართული და განსხვავებული. როცა ადამიანების გახარებულ სახეებს ვუყურებ, ეს უფრო დიდ სტიმულს მაძლევს იმისთვის, რომ უფრო მეტი გავაკეთო.

ინტერვიუს ვრცელი ვერსია შეგიძლიათ იხილოთ „ქრონიკა +“-ის 30 აგვისტოს ნომერში.

ავტორი - გიორგი საკარული

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები