ჟურნალისტური გამოძიება - სად გაქრა განათლების სამინისტროდან წარმატებული მოსწავლეებისთვის განკუთვნილი „ლეპტოპები“ და მედლები

სულ ნახვები : 2,592
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

წარჩინებულ მოსწავლეებს, მე-9 კლასის დასრულების შემდეგ, სახელმწიფო „ლეპტოპებს“ ჩუქნის, უფრო სწორად, ჩუქნიდა, ანუ მას შემდეგ, რაც კორონაპანდემია დაიწყო, წარჩინებულმა მოსწავლეებმა კუთვნილი „ლეპტოპები“ ვერ მიიღეს და დღემდე მოლოდინში არიან. 2017 წლის შემდეგ, ასევე, წარჩინებულ მოსწავლეებს არც კუთვნილი ოქროსა და ვერცხლის მედლები გადასცემიათ. სად გაქრა „ლეპტოპებ“-მედლები და რატომ არ გადაეცათ აქამდე მოსწავლეებს? - ამ კითხვით CNews-მა განათლების სამინისტროს მიმართა.

„აუცილებლად გადაეცემათ, იყო მანდ პრობლემები - პანდემიის გამო შეიქმნა, მაგრამ მოსწავლეები „ლეპტოპებს“ და მედლებს აუცილებლად მიღებენ. ეს ხდება ტენდერით, ესე არ არის, რომ სამინისტრომ აიღოს მედლები და გადასცეს, პანდემიამ შეუშალა ხელი, ტენდერის მოთხოვნების დაუკმაყოფილებამ. გავარკვევ უფრო ზუსტად, როდის გადაეცემათ და მოგაწვდით ინფორმაციას,“ - განგვიცხადეს სამინისტროს პრესამსახურში და, როგორც ნახეთ, დაგვპირდნენ, რომ ინფორმაცის მოგვიანებით მოგავწვდიდნენ, თუმცა რამდენიმესაათიანი ლოდინის მიუხედავად, განათლების უწყებიდან არავინ დაგვკავშირებია. ჩვენი განეორებითი სატელეფონო კომუნიკაციის დროს კი, პრესსამსახურის თანამშრომლის მობილური გამორთული აღმოჩნდა.

ამის შემდეგ, CNews განათლების ექსპერტებს დაუკავშირდა.

„პირველ რიგში, საქმე უპასუხისმგებლობასა და სახელწმიფოს მხრიდან განათლებისადმი ზერელე დამოკიდებულებასთან გვაქვს. 2017 წლიდან მოყოლებული სტატია-სტატიაზე, ბრიფინგს-ბრიფინგზე ვაწყობთ სწორედ იმ მიზეზით, რომ სახელმწიფო დეკლარირებულად აცხადებს, განათლება განვითარებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტიაო და ამ ფონზე, 2017 წლიდან დღემდე წამახალისებელი მედლები, ან კომპიუტერები, რომლებიც წარჩინებული მოსწავლეებს ეკუთვნით და სტიმულის მიმცემი ჯილდოა, არ მიუღიათ,“ - განუცხადა CNews-ს განათლების ექსპერტმა, ნანა ტოხვაძემ.

ტოხვაძემ ასევე, აღნიშნა, რომ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით ფინანსთა მინისტრის პირველ მოადგილესთან ჰქონდა შეხვედრა, სადაც უთხრეს, რომ „ლეპტოპები“ და მედლები მოსწავლეებს ბიუჯეტის სეკვესტრის გამო ვერ გადასცეს.

„მითხრეს, რომ მიუხედავად ნაზარდი თანხებისა, ეს საკითხი სექტემბრის ბოლომდე მოგვარდებოდა და იმ 7800 მოსწავლეს, რომელსაც დღემდე არ მიუღია კუთვნილი „ლეპტოპი“ და მედალი, აუცილებლად აღუდგნენდნენ დანაკლისს,“ - ამბობს ტოხვაძე.

დღეს პირველი სექტემბერია. სახელწმიფო შესყიდვების დოკუმენტის მიხედვით, მოსწავლეებისთვის მედლების გადაცემის ვადა გუშინ ამოიწურა, თუმცა მოსწავლეები მედლებს და „ლეპტოპებს“ ისევ ელოდებიან. მოაგვარებენ თუ არა განათლებისა და ფინანსთა სამინისტროები ამ პრობლემას სექტემბრის ბოლომდე, როგორც უწყებებში აცხადებენ, ძალიან მალე გავიგებთ.

ავტორი: ლუკა წიქარიშვილი

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

განათლება ► მეცნიერება ► Მეტის ნახვა