„მგელი მოდის“ და „ოცნების“ „ზაგატოვკა“ - რისთვის, როდის და რატომ ჩამოვა მიშა

სულ ნახვები : 10,642
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მიხეილ სააკაშვილის მორიგმა ვიდეომიმართვამ პოლიტიკურ კლასში მორიგი ვნებათაღელვა გამოიწვია. ხელისუფლებაში გონიერებს კარგად ესმით, რომ მიშა - „მგელი“ აუცილებლად ჩამოვა, მაგრამ როდის?

მმართველი პარტიის ცალკეული წარმომადგენლების ქილიკი მესამე პრეზიდენტის საქართველოში შესაძლო დაბრუნებაზე საკმაოდ არასერიოზულია და სიმწრის ქილიკს ჰგავს.

მიხეილ სააკაშვილის უპირატესობა ქართულ პოლიტიკურ კლასთან, თუ ამას ქულებით გავზომავთ, 10-3-ზეა. შესაბამისად, მან გადასარევად იცის თუნდაც ის, თავი როდის დაიზიანოს და ისიც, როგორ მიიღოს ამ ზიანისგან სარგებელი. ამიტომ „მგელი“ რომ მოვა, ამას დიდი სიბრძნე არ სჭირდება მინიმალურად განათლებული და გონიერი ადამიანისთვის. გააჩნია, რა „ზაგატოვკით“ დახვდება მას ხელისუფლება.  

„წავა ციხეში“ - „ოცნებისთვის“ ყველაზე საჯაროდ გასახმოვანებელი ყველაზე კარგი და ამავდროულად არაფრისმთქმელი „ზაგატოვკაა“, რადგან მიშა ამბობს, „წავალ ციხეში“, ესე იგი, არც დაპატიმრების ეშინია და ამბობს კიდეც, არც მათი დაპატიმრების მეშინიაო.

რა თქმა უნდა, ხელისუფლების მხრიდან იქნება მიხეილ სააკაშვილის „დახვედრის“ სხვა სცენარები.

სააკაშვილი დარწმუნებული რომ იყოს, მის გამო ხელისუფლებისთვის თავის შემკვლელების არმია არსებობს, ამ დრომდეც დაბრუნებოდა. მისი სიტყვები - „დარწმუნებული ვარ, რომ ქართველი ხალხი გაითავისუფლებს საკუთარ თავსაც და გამათავისუფლებს მეც. მე არ მეშინია, ჩემი ბედი გადავცე ქართველი ხალხის ხელში...“ -პოლიტიკოსის სიტყვებია.

და მაინც, სააკაშვილი ჯერ არ არის  მზად „ქართველი ხალხის ხელში“ თავისი ბედის გადასაცემად და საკმაოდ გონიერადაც. უფრო სწორად, მზად არის, მაგრამ ელოდება.  რას?  - გარემოებას, ვითარებას და ამაში მართალია. ეს გარემოება და ვითარება შესაძლოა, შეიქმნას 2 ოქტომბრამდე ან 2 ოქტომბრის შემდეგ და  აუცილებლად შექმნის არა ოპოზიცია, არამედ, ხელისუფლება, ანუ იმას ვგულისხმობ, რომ მხოლოდ ხელისუფლებას, თავისი ბედოვლათობით, შეუძლია, სააკაშვილი დააბრუნოს საქართველოში და ეს ბედოვლათობა არჩევნების გაყალბება, საარჩევნო პროცესისადმი ხელის შეშლა, ძალადობა და მისგან გამომდინარე მძიმე ინდივიდუალური შედეგი ან შედეგებია.

და მაინც, როდის ჩამოვა სააკაშვილი? ყველაზე რელევანტური პასუხია - როდესაც ქუჩაში იქნება კრიტიკული მასა და ეს არის მისი მხრიდან აბსოლუტურად სწორი გააზრება. სხვა შემთხვევაში, მასაც გადასარევად ესმის, რომ იმ ხალხისთვის, რომელსაც საკუთარი თავისუფლებისა და არჩევანისთვის ბრძოლა არ შეუძლია, თავის გაწირვა არ ღირს.

ცალკე საკითხია, რისთვის ჩამოდის სააკაშვილი და რა სტატუსით (სამომავლო სტატუსს ვგულისხმობ). ბოლო ორი წლის განმავლობაში სააკაშვილი  საკუთარ პარტიაზე უფრო მეტად ხალხზე აპელირებს, ანუ ცდილობს ხალხის ლიდერის სტატუსით პოზიციონირებას. რამდენად გამოსდის ეს, ცალკე საკითხია.  აქ მნიშვნელოვანი ერთი მომენტის გააზრებაა - ხალხი ნამდვილად არ და ვერ იქნება ის პოლიტიკოსები თუნდაც „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც მის გვერდით დადგომას მართლაც დაასწრებენ ბევრ მის თაყვანისმცემელს და თანამებრძოლს. ასე ჩაიხუტა გულში მან „მოქკავშირის“ უდიდესი ნაწილი და საპროცესო შეთანხმებებით, ჯერ კიდევ როდესაც ეს ტერმინი კანონში არ იყო, ინდულგენცია მისცა ბობოლა კორუმპირებულებს - ეს კასტა ახლაც გადაირჩენს თავს, მაგრამ რაც მაინტერესებს - "ჩვენი ცხოვრების საეკლესიო წესის" შეცვლას როგორ უპირებს მილიონზე მეტ თანამოქალაქეს - ათეისტს, სხვადასხვა კონფესიის წარმომადგენელს, აგნოსტიკოსს? მირიანია თუ დავითი?

მოკლედ, ამ თემაზე მე ჩემი პასუხი მაქვს და მიმაჩნია, რომ სააკაშვილის საეკლესიო ფეტიშები და ფლირტი საქართველოს საპატრიარქოსთან (ეკლესიას არ ვგულისხმობ, რადგან ზუსტად ვიცი, რომ აქ ზღვარს ვერ ავლებს და არც არასოდეს გაუვლია) მავნებლურია, როგორც ეკლესიასთან მიმართებაში, ასევე, მრევლთან. ჰო, მრევლი ეკლესიის ნაწილია და არა - საპატრიარქოსი. ვის მოსწონს და ვის - არა, მრევლის და ეკლესიის გარდა არავის საქმე არაა, როგორია პატრიარქი, მოსაყდრე თუ მეუფე იაკობი და მათ სიძულვილს ან სიყვარულს ხელისუფლება არ უნდა აიძულებდეს 21-ე საუკუნეში ერთ მოქალაქესაც კი.

და მაინც, როდის ჩამოვა მიშა? იქნებ ვცდები, მაგრამ კიდევ გავიმეორებ - მეტწილად 2 ოქტომბრის შემდგომ და ისიც მაშინ, თუ ქუჩაში კრიტიკული მასა იქნება. გაითვალისწინეთ, ვიდრე არჩევნების შედეგები არ გამოქვეყნდება და პროცესს საერთაშორისო ლეგიტიმაცია არ ექნება, არჩევნები დასრულებული არ არის.

უფრო ადრე არა?  - ესეც შესაძლებელია, მხოლოდ მაშინ, როდესაც ქუჩაში კრიტიკული მასა იქნება, ანუ ხელისუფლება არჩევნებამდე საკმარისზე მეტად გადაიწუწავს თავზე.

სხვა შემთხვევაში? - ის აუცილებლად ჩამოვა - მგელი მოვა... გააჩნია როდის და მერწმუნეთ, ეს საარჩევნო პროცესის შემადგენელი ნაწილი იქნება... რომელი არჩევნების ამას მნიშვნელობა არ აქვს...

გოჩა მირცხულავა, ანალიტიკოსი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები