ივანიშვილის ანდერძი და „ოცნების“ დამარცხების ფორმულა

სულ ნახვები : 11,471
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

2  ოქტომბრის არჩევნების გარშემო დიდი აჟიოტაჟია.  ვისმენთ ერთმანეთისგან სრულიად გამომრიცხავ ინტერპრეტაციებს და შეფასებებს. ყველა - ანალიტიკოსი, პოლიტიკოსი, თუ სტატისტიკური ამომრჩეველი ცდილობს მისთვის სასურველი სცენარი მოსალოდნელ რეალობად წარმოაჩინოს.

ფაქტი  ჯერჯერობით მხოლოდ ერთია - ეს არჩევნები იქნება  განსხვავებული და არაორდინალური ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის პირობებში. ამის კი ორი მიზეზი აქვს: 1. არჩევნებში პირველად მონაწილეობს ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადასული    სახელისუფლებო იერარქიის ყველაზე მაღალი პირი, ექს-პრემიერი   გახარია; 2. საქართველოში დაბრუნდება (ამჯერად  ჩანს, რომ აუცილებლად)  ყველაზე მაღალი  კალიბრის პოლიტიკოსი - საქართველოს  მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი;

როგორ საქილიკოდაც არ უნდა აქციონ  ოცნების მხარდამჭერებმა  ეს გარემოებები, საიდანაც არ უნდა მოაბან კუდი,  ფაქტს ვერ შეცვლიან. გახარია არის ერთადერთი პრემიერი ბიძინა ივანიშვილის შემდეგ, რომელიც თავის ნებით გადადგა და  ამით მან თავის თავისუფლების  დემონსტრირება  ფორმალურად მაინც შეძლო, განსხვავებით ყველა სხვა წინამორბედისაგან.

ის წავიდა ოპოზიციაში და არა სახლში, ან რომელიმე საერთაშორისო ორგანიზაციაში და  სწორად მონიშნა თავისი სამიზნე პოლიტიკური  ელექტორატი.  გახარია ამ არჩევნებში ფაქტორია და ამის უარყოფა მხოლოდ თავის მოტყუება იქნება.

რაც შეეხება, მიხეილ სააკაშვილს, ის არის პოლიტიკოსი, რომელმაც ყველა შეცდომის, ცოდვისა და დანაშაულის მიუხედავად 2012 წელს მიიღო ერთადერთი  უალტერნატივო და სწორი გადაწყვეტილება - „ქართულ ოცნებას“ ხელისუფლება  არჩევნების გზით გადააბარა. 

თუ ვინმეს ოდნავ მაინც შესწევს სახელმწიფოებრივად აზროვნების უნარი, მისთვის სრულიად ნათელია, რომ  ამ ნაბიჯით სააკაშვილმა დაადასტურა, რომ მისთვის, როგორც უმაღლესი ხელისუფლისათვის,  არსებობდა  ძალაუფლებაზე უფრო ღირებული და  უფრო საკრალური მიზანი და ეს ქართული სახელმწიფო გახლდათ.

როდესაც სააკაშვილმა ხელისუფლება გადააბარა, მას  ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან  ბევრად უკეთესი ურთიერთობები ჰქონდა, ვიდრე დღევანდელ „ქართულ ოცნებას“. შიდა პარტიული ვერტიკალიც უკეთ ფუნქციობად და არც ქვეყანა ყოფილა ასეთი სერიოზული გამოწვევების წინაშე.

„ქართული ოცნების“ მხრიდან  ძალაუფლებას ჩაბღაუჭება და არჩევნების გაყალბების მცდელობა, რისი მკაფიო ნიშნებიც უკვე სახეზე გვაქვს (ოპოზიციის კანდიდატების და მხარდამჭერების დაშინება დაშანტაჟების სახით),  მხოლოდ იმაზე მიგვანიშნებს, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისათვის არ არსებობს საკუთარ ძალაუფლებაზე აღმატებული მიზანი. ძალაუფლება  ნებისმიერ ფასად!

ურთულესი საერთაშორისო ვითარების პირობებში, პანდემიასთან აშკარა მარცხისა და ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური  მდგომარეობის ფონზე, ნებისმიერი  გონიერი პოლიტიკური ძალა 8 წლიანი მმართველობის არც თუ წარმატებული  ციკლის შემდეგ აუცილებლად იფიქრებდა ხელისუფლების მშვიდობიანად გადაბარების პროცესზე.

იფიქრებდა პირველ რიგში საკუთარი პარტიული და პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე და რაღა თქმა  უნდა, სახელმწიფოს განვითარების პერსპექტივის გადმოსახედიდანაც. 

სრულიად ნათლად ჩანს, რომ „ოცნების“ მმართველ გუნდს აზრადაც არ აქვს   თუნდაც ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე ხელისუფლების ცვლის პროცესის დაწყება, რაც მათი პოლიტიკური რეაბილიტაციისათვის მშვენიერი შესაძლებლობა იქნებოდა. 

დღევანდელი ხელისუფლება მოქმედებს პრინციპით: ან ყველაფერი, ან არაფერი. როგორც წესი, ეს საბოლოო მარცხის ფორმულაა და ამის მაგალითებით ჩვენი უახლესი პოლიტიკური ისტორიაც სავსეა.

ყველაზე საინტერესო არის ის, რომ ყველა ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა, რომელიც დღეს არჩევნებში მონაწილეობს, ნებისმიერი შედეგის მიუხედავად  ცვლის პოლიტიკურ მოცემულობას.

თუ „ოცნებამ“  კვლავ აკრძალული ილეთების გამოყენებით შეძლო გამარჯვება, ეს გამოიწვევს ჩვენი ქვეყნის საბოლოო დისტანცირებას  ევრო-ატლანტიკური სივრციდან, რაც ძალიან მკაფიოდ აისახება ქვეყნის ეკონომიკაზე და სოციალურ მდგომარეობაზე. აღარაფერს ვამბობ ჩვენს გეოპოლიტიკურ ფუნქციასა და სახელმწიფოებრიობაზე.

მოცემულობა ასეთია: დღეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში არ არსებობს  ანგარიშგასაწევი ძალა, რომლის მიმართ სერიოზული კითხვები არ ჰქონდეს საზოგადოებას, მაგრამ „ქართული ოცნების“ გარდა   ხელისუფლებაში ნამყოფი არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ არ ყოფილა ასეთი დასაბუთებული ვარაუდი  ოკუპანტ სახელმწიფოს ინტერესების თანხვედრასთან დაკავშირებით.

2008 წლის ომი და დაკარგული ტერიტორიები  ძალიან  უსუსური არგუმენტია სააკაშვილის მიერ რუსეთის ინტერესების გატარებაზე.

სახელმწიფოები ტერიტორიებს კარგავენ და იბრუნებენ სახელმწიფოებრიობისათვის ბრძოლის გზაზე. ამის  თვალსაჩინო მაგალითი   ჩვენს რეგიონშივე არსებული  ყარაბაღია. სომხეთმა  ტერიტორიის სანაცვლოდ უარი თქვა  რეალურ სუვერენიტეტზე,  საერთაშორისო ეკონომიკურ  პროექტებში მონაწილეობაზე, სახელმწიფოს განვითარების  უამრავ პერსპექტივაზე და  30 წლის შემდეგ  აღარც ტერიტორია დარჩა, აღარც სუვერენიტეტი  და აღარც ის შესაძლებლობები, რომელიც 30 წლის წინ ჰქონდა.

ჩემი პროფესიიდან გამომდინარე, თავს უფლებას მივცემ  ვთქვა, რომ კარგად ვიცნობ მეზობელი სომხეთის შიდა პოლიტიკურ პროცესებს  და განწყობებს, რომელიც ამ პოლიტიკურ პროცესს  ასაზრდოებდა ათწლეულების განმავლობაში.

ყველა  არგუმენტი, რომელიც ქვეყანას  რუსეთთან მჭიდრო ინტეგრაციისაკენ უბიძგებდა დაფუძნებული იყო არა აზერბაიჯანის მტრის ხატზე, არამედ ისტორიულ მეხსიერებაში კოდირებულ  თურქეთის შიშზე. 

თუ რუსეთთან არ ვიქნებით, თურქეთი გაგვანადგურებს და სრულიად შეუვალი იყო ამ მოსაზრებაში სომხეთის საზოგადოების  საკმაოდ დიდი ნაწილი.  ამიტომ  თქვეს უარი ევრო-ატლანტიკურ სივრცესთან მჭიდრო ინტეგრაციაზე.

შიში ჩვეულებრივ ენერგიაა და ისიც ემორჩილება ენერგიის კანონებს. შედეგად 30 წლის განმავლობაში აკუმულირებული  შიშის ენერგიით  თურქეთი უკვე ყარაბაღშია და მის იქ ყოფნას, სხვათა შორის, „მხსნელი“  რუსეთის ლეგიტიმაციაც აქვს.

ამჟამად კი   სომხეთში  უახლესი ისტორიის  ხელახლა გადააზრების პროცესი მიმდინარეობს, რაც საბოლოოდ  საფუძველი გახდება  ამ ქვეყნის საშინაო და საგარეო პოლიტიკის სრული ტრანსფორმაციის. უბრალოდ ბევრი დრო დაიკარგა.   

დამოუკიდებელი  ქართული სახელმწიფოს ისტორიაში   შეცდომების მიუხედავად   ყველა ხელისუფლებამ დადო ქართული სახელმწიფოს არსებობისათვის  სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი შედეგი.

ზვიად გამსახურდიამ  საქართველოს საბჭოთა რესპუბლიკა დამოუკიდებელ ქართულ სახელმწიფოდ აქცია, შევარდნაძემ მას იმ დროისათვის უალტერნატივო გეოპოლიტიკური ფუნქცია შესძინა ტრანსნაციონალურ ეკონომიკურ პროექტებში ჩართვით და დასავლეთთან ინტეგრაციით, მიხეილ სააკაშვილმა  ქართული სახელმწიფოს შენებას ჩაუყარა საფუძველი თავისი ინსტიტუტებით და  ძალიან ხისტი, მაგრამ  თვალსაჩინო რეფორმებით.

რა  საფუძვლიანი თუ უსაფუძვლო ბრალდებები გინდა წაუყენო  გამსახურდიას, შევარდნაძესა და  მიხეილ სააკაშვილს, ჯერ კიდევ  მათ მიერ ჩაყრილ ფუნდამენტზე დგას  დამოუკიდებელი ქართული სახელმწიფო, რომელსაც  სამწუხაროდ „ქართულმა ოცნებამ“ ვერაფერი შემატა, დაკლებით კი, იცოცხლე!  

ვიზალიბერალიზაცია  მათი მონაპოვარი არ არის. ვიზალიბერალიზაცია ლოგიკური დასასრული იყო  იმ  საგარეო კურსისა, რომელიც  წინა ხელისუფლებებმა  ქართველი  ხალხის ნების საფუძველზე განახორციელეს.

ომში დამარცხება სირცხვილი არ არის, არც დანაშაული, მით უფრო უთანასწორო ომში. დანაშაული სახელმწიფოს დაკარგვაა და არა ტერიტორიისა.

მართალი გითხრათ, ტერმინი  „სახელმწიფოს  მიტაცება“  5 ივლისამდე მთელი სიცხადით გააზრებული  ვერ მქონდა.  პარლამენტის  წინ დემონსტრაციულად ორჯერ ჩამოგდებული და ნაფლეთებად ქცეული ევროკავშირის დროშის კადრებმა რუსული ტელეარხების ეკრანებზე ეგზალტირებული წამყვანების კომენტარების  ფონზე  ყველაზე  მძაფრად მაგრძნობინა, როგორ შეიძლება  ერთ „მშვენიერ“ დღეს ძღვნად  გადაეცეს  ივანიშვილის მიერ მიტაცებული  ქართული სახელმწიფო  რუსეთს. 

სულ რამდენიმე  წელი გვჭირდება საბოლოოდ სამშვიდობოდ გასასვლელად, როცა რუსეთს   საკუთარი თავის გარდა აღარავინ გაახსენდება.   ჩემი შეიძლება არ დაიჯეროთ,  მაგრამ  „ბრძენ“ პუტინს მაინც ენდეთ, რომელმაც ჟურნალისტს კითხვის პასუხად უთხრა: „2024 წლამდე ჯერ მშვიდობით უნდა მივაღწიოთო“.

იცის „ ქართული  ოცნების“ იმედმა, რომ გაუჭირდება 2024-მდე მშვიდობით მისვლა, რადგან გარშემო ბევრი ხაფანგი აქვს.  ახლა უნდა გავძლოთ, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ნუ დაგვავიწყდება, რომ  თავის ანდერძში ბიძინა ივანიშვილმა  „ოცნების“ ამ გუნდზე პასუხისმგებლობა მოიხსნა. არც მხარს დავუჭერ და არც რჩევებს მივცემო.  

ძალიან მზაკვრული გეგმაა. ესენი ვა ბანკზე წავლენ, რომ ქართული სახელმწიფო ლანგრით მიართვან რუსეთს, ეს არის მათთვის ძალაუფლების გახანგრძლივების  ერთადერთი გარანტი.

თან  ივანიშვილი პასუხისმგებლობის მიღმაა - დასავლეთთან სათქმელი აქვს, მხარს არ ვუჭერ, არ ვაფინანსებო. თუ ფაქტი არ დაუდეს, ვერც შეედავებიან.

ნუ გავიწყდებათ, რომ ივანიშვილმა   ანდერძში დავით   ხიდაშელიც მოიხსენია, რომლის ნაჩუქარი რუკები, როგორც  ჩანს, ალიევმა „გაატარა“. ის ახლა  კავკასიის ახალ რუკას ხაზავს.  

ჰო და, იმის თქმა მინდოდა, რომ  მემცხეთა ძალიან ხიდაშელის ამ არჩევნების წინ გამოჩენა „ხელში ხმლით და კისერზე წურბლებით“. 

მეტს აღარ გავაგრძელებ, დანარჩენს დრო გვაჩვენებს. იმასაც,  უნდა დაბრუნდეს თუ  არა სააკაშვილი საქართველოში.  

თუ საქართველომ უნდა გაიმარჯვოს, მე საქართველოში გამარჯვებას ავირჩევდი. თუ უნდა დამარცხდეს,  მასთან ერთად დამარცხებას ვარჩევდი.  ეს ჩემი არჩევანია.  მიშას თავისი არჩევანი აქვს.  ფაქტია, რომ მისი  ჩამოსვლაც და არ ჩამოსვლაც ვითარებას  ცვლის.   და, რამდენ  მოქმედ პოლიტიკოსს გაიხსენებთ, ვის ყოფნა-არყოფნასაც ქვეყნის ბედზე გავლენის მოხდენა შეუძლია?!  

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა