ირაკლი ცირეკიძე: გუნდში კარგი განწყობაა და მედლების იმედი გვაქვს

სულ ნახვები : 191
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ძიუდო საქართველოში ერთ-ერთი წარმატებული სპორტი რომ არის, ახლახანს დასრულებულ როკიოს ოლიმპიურ თამაშებზე გამოჩნდა. ქართული დელეგაციის რვა მედლიდან, ოთხი ძიუდოისტების იყო – 1 ოქრო და სამი ვერცხლი.

9-12 სექტებერს ლუქსემბურგში ძიუდოისტთა ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. საქართველოდან ვაჟთა ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას და გოგონებისიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ გოგონებს სამი მონაწილე ეყოლებათ, რაც გუნდურ შეჯიბრში მონაწილეობის უფლებას მოგვცემს.

ვაჟებში ცხრა მონაწილე გვეყოლება, მაგრამ ერთ წონას გამოვტოვებთ. სამაგიეროდ, სამ წონაში 2-2 მონაწილე გვეყოლება. აქედან გამომდინარე კვოტა სრულად არის ათვისებული.

აღსანიშნავია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე იასპარებს დიდებში მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ილია სულამანიძე. ცხადია, მისგან ოქროს მედალს ველოდებით.

რა თაობა მოდის, რა განწყობაა გუნდში და როგორ მოემზადა ევროპის ჩემპიონატისთვის, ამის შესახებ ახალგაზრდული ნაკრების მთავარ მწვრთნელს, 2008 წლის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონს, ირაკლი ცირეკიძეს ვესაუბრეთ.

_ როგორ გაიარა გუნდმა საწვრთნელი შეკრება? როგორც ვიცით, გუნდი ბაკურიანსა და წყალტუბოში ემზადებოდა.

_ მოსამზადებელი ეტაპი კარგად გავიარეთ. ორი კვირა ბაკურიანში ვიყავით, სადაც კარგი ბაზაა შექმნილი. ნამდვილად ისეთი, რასაც ვნატრობდით. კარგი დარბაზი, როგორც ფიზიკურად მოსამზადებლად, ისე თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობის გასავლელად. ბოლო ეტაპი წყალტუბოში გავატარეთ, სადაც მარტო ტატამზე ვიმუშავეთ.

_ რამე ხელის შემშლელი ფაქტორები ხომ არ ყოფილა?

_ ბოლო ეტაპებზე ნამდვილად არ გვქონია. ერთადერთი რაც იყო, ჩეხეთის ტურნირის შემდეგ ძიუდოისტებს კორონავირუსი დაუდასტურდათ და ერთი შეკრება გამოვტოვეთ. თუმცა, ბოლო ნაწილი უკვე სრულად დაიტვირთნენ და ლუქსემბურგში იმედიანად მივდივართ.

_ ლუქსემბურგში ერთ წონაში მოჭიდავე არ გვყავს. რა იყო ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

_ ცხრა ძიუდოისტი მიგვყავს ინდივიდუალურ ტურნირზე და ორი – გუნდურისთვის საჭიდაოდ. სხვა წონებში დიდი კონკურენცია და გვინდა ერთდროულად ვნახოთ ასეთი დონის ტურნირებზე. ამის გამო 73 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ინდივიდუალურ ტურნირზე ძიუდოისტი არ გვყავს. თუმცა, ეს წონა გუნდურ ტურნირში შედის, ამიტომ კოტე კაპანაძე მაინც მიგვყავს. ასევე გუნდურში იჭიდავებს კიდევ ერთი მძიმეწონოსანი შალვა გურეშიძეც.

_ გუნდათ ერთად არის ილია სულამანიძე, რომელსაც ზურგს უკვე გამოცდილებაც უმაგრებს და დიდებში მსოფლიო ჩემპიონატის მედალიც აქვს მოპოვებული.

_ სულამანიძის გუნდში ყოფნა ბიჭებისთვის სტიმულიც იყო. ილიამ ბევრს უჩვენა როგორ უნდა ვარჯიშობდეს სპორტსმენი და ბევრი აიყოლია კიდეც. ყველას მოუხდა მისი გუნდში ყოფნა. ილია უკვე წარმატებული სპორტსმენია, მსოფლიოს პრიზიორია დიდებში. ახალგაზრდულ დონეზე ასევე გამოცდილი ძიუდოისტია საბა ინანეიშვილიც. ერთია, მცირე ტრავმით ვარჯიშობდა, ნეკნი ჰქონდა გატეხილი და ბოლომდე მოშუშებული არ აქვს. თუმცა, ნორმალულარ მოემზადა და მისგან, ისევე როგორც სულამანიძისგან ოქროს მედალს ველით.

_ 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოჭიდავე გიორგი შერაზადიშვილი მსოფლიო ჩემპიონ ნიკო შერაზადიშვილის ნათესავი ხომ არ არის?

_ არა, უბრალოდ მოგვარეები არიან, მაგრამ ჩვენი შერაზადიშვილიც კარგი ძიუდოისტია, მონდომებული ბიჭია და შეუძლია მედალზეც იფიქროდ. თუმცა, რომელიც სინჯის მედალს მოიპოვებს, ამის თქმა ახლა გამიჭირდება. წილისყრაზეც ბევრი რამ იქნება დამოკიდებული.

_ მეტნაკლებად პრობლემატურ მსუბუქ წონებში რა ხდება?

_ 60 და 66 კილოგრამამდე წონით კატეგორიებშიც კარგი ბიჭები არიან. რაც მთავარია, შრომა არ ეზარებათ. საერთოდ გუნდში კარგი და საბრძოლო განწყობაა.

_ ინდივიდუალურის გარდა, გუნდური შეჯიბრიც იქნება, სადაც სამი გოგო აუცილებელია. ეს კვოტა ათვისებული გვაქვს, მაგრამ რა შედეგს უნდა ველოდოთ მთლიანობაში?

_ სამწუხაროდ, გოგონებს წელს სულ ერთი ტურნირი ჰქონდათ და ამ მხრივ გამოცდილება აკლიათ. ვერ ვიტყვი მთლიანობაში რა სიძლიერის გუნდი გვეყოლება. გოგონებზე ბევრი რამ იქნება დამოკიდებული. სამივე წონაში, რომელიც გუნდურში გამოვა, ბიჭების იმედი გვაქვს. გოგონებიც თუ აგვიბავენ მხარს, მედალზე ფიქრი შეიძლება.

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ლუქსემბურგში ასეთი შემადგენლობით არის ჩასული:

ვაჟები

გიორგი სარდალაშვილი (60), თენგიზ ზირაქაშვილი (66), გიორგი შერაზადიშვილი (81), ნიკა ხარაზიშვილი, თორნიკე ფოლადიშვილი (ორივე 90), ილია სულამანიძე, მიხეილ ჯაფარიძე (ორივე 100), საბა ინანეიშვილი, ირაკლი დემეტრაშვილი (ორივე +100).

გოგონები

ნინო ლოლაძე (57), ნინო გულბანი (70), სალომე მაყიშვილი (+78).

გუნდურში იჭიდავებენ კოტე კაპანაძე (73) და შალვა გურეშიძე (+100).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა