დიდი მედიასკანდალი - რატომ გადაიფიქრა „რუსთავი 2“-ის ყიდვა ვანო ჩხარტიშვილმა და რატომ ხურავს მენეჯმენტი პოლიტიკურ გადაცემებს

სულ ნახვები : 18,255
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

.....

CNews-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ზე დიდი „პერეტრუბაციებია“. სიმართლე რომ ვთქვათ, ამ ცვლილებებში ახალი და მოულოდნელი არაფერია, რადგან ჯერ კიდევ იმ დღიდან, როცა ტელევიზია ქიბარ ხალვაშმა დაიბრუნა, ითქვა, რომ ძველი „რუსთავი 2“-დან სახელიც აღარ დარჩებოდა. ერთი შეხედვით, ორი წელია ეს მედიასაშუალება ობიექტურობის იმიჯს ინარჩუნებს, თუმცა როგორც ტელევიზიის თანამშრომლები პირად საუბრებში ამბობენ, მენეჯმენტისგან არის მკაფიო მესიჯი, რომ ეთერში ხელისუფლება განსაკუთრებულად არ უნდა გააკრიტიკონ და კითხვებიც ზომიერად მწვავე უნდა დასვან.

„იგივე მენეჯმენტს ღიად არ უთქვამს, რომ „ოცნებას“ ვინმემ გუნდრუკი უნდა უკმიოს, მაგრამ თუ გონიერი ადამიანი ხარ, მიხვდები, რომ ხელისუფლების, განსაკუთრებით კი, ივანიშვილის კრიტიკა არ შეიძლება, ანუ ტელევიზიის ხელმძღვანელობის პოლიტიკა ასეთია, რომ „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს შეუძლია, „ოცნების“ ნებისმიერ წევრს „დაარტყას“, მაგრამ ივანიშვილზე სიტყვა არსად და არასოდეს უნდა დაასველოს,“ - უყვება წყარო ტელევიზიიდან CNews-ს.

ჩვენი წყაროს თქმითვე, მენეჯმენტმა, სწორედ პოლიტიკური მოტივით, გადაცემების დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.

„ამ ეტაპზე, პრაქტიკულად, დახურულია „P.S“ - მთელი მისი გუნდი, ჟურნალისტებიან-ოპერატორებიანად დილის და შუადღის გადაცემებზე გადაანაწილეს,“ - ამბობს წყარო.

გარდა ამისა, წყარო ჰყვება, რომ „რუსთავი 2“ ერთგვარ დასაქმების ბიუროდ იქცა და სამსახურში, თუნდაც რიგით ჟურნალისტის პოზიციაზე არავის მიიღებენ, თუ „ოცნებაში“ გავლენიანი მფარველი არ ჰყავს.

სხვათა შორის, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, კულუარებში ვრცელდებოდა ხმა, რომ „რუსთავი 2“-ის ყიდვას ვანო ჩხარტიშვილი აპირებდა, თუმცა მოგვიანებით, ბიზნესმენმა ეს ნაბიჯი აღარ გადადგა. როგორც ამბობენ, ჩხარტიშვილს ამ გეგმის განხორციელებაში ხელი პრემიერმა შეუშალა, ანუ წყაროს თქმით, ირაკლი ღარიბაშვილმა ქიბარ ხალვაშს მოსთხოვა,  რომ „რუსთავი 2“ ჩხარტიშვილისთვის არ მიეყიდა. ცნობილია, რომ ღარიბაშვილი და ჩხარტიშვილი ერთმანეთს ვერ იტანენ. შესაბამისად, პრემიერს ალბათ, შეეშინდა, რომ თუ „რუსთავი 2“ ჩხარტიშვილის ხელში გადავიდოდა, ეს მის კარიერაზე ცუდად აისახებოდა.

რეალურად, რა ხდება ტელევიზიაში და რატომ იხურება გადაცემები? – Cnews „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტის წარმომადგენელ თაკო ფხაკაძეს დაუკავშირდა.

- ქალბატონო თაკო, ჩვენი ინფორმაციით, „რუსთავი 2“-ზე გადაცემები იხურება...

- ჩართეთ ხვალ ტელევიზორი, ახალი სეზონი იწყება და კი არ იხურება, ყველა გადაცემა შედის ახალ სეზონში.

- „P.S.“ არ დახურულა, ქალბატონო თაკო?

- P.S.“ ეთერში არ შედის ხვალიდან, შედის სხვა პოლიტიკური გადაცემები.

- „P.S.“-ზე მაინტერესებს, დაიხურა თუ არა?

- არ მაქვს ინფორმაცია. გამომდინარე იქიდან, რომ გუკა (როგავა) წავიდა, P.S.“ აღარ არის იმ ფორმატის.

- ქალბატონო თაკო, გავრცელებული ინფორმაციით, ჟურნალისტებს მენეჯმენტი მიანიშნებს, რომ „ოცნება“ გაკრიტიკონ, მაგრამ ბიძინა ივანიშვილს არ შეეხონ..

- სრული ბოდვის რეჟიმია, აბსოლუტურად, ვერც კი ვეწევი.

- გასაგებია, რომ „ვერც კი ეწევით“, მაგრამ თუ ეს ბოდვის რეჟიმია, ჟურნალისტები „რუსთავი 2“-დან რატომ მიდიან?

- ამ კვირაუთენია რა დაგემართათ? ვინ ჟურნალისტი წავიდა?

- გურამ როგავა, თეონა ცხომელიძე არ წასულან?

- გუკა როგავას და თეონა ცხომელიძეს პირადად დაეკონტაქტეთ, დაეკონტაქტეთ საინფორმაციოს უფროსსაც და გაიგეთ. არანაირ ზეწოლებზე ინფორმაციები არ მაქვს.

- უბრალოდ, მოწმენდილ ცაზე ადგნენ და წავიდნენ?

- რა გინდათ, გამაგებინე?

- გეკითხებით, ქალბატონო თაკო...

- თუ წინასწარი განწყობა გაქვთ, რაღას მირეკავთ.

- თქვენგან მაინტერესებს პასუხი... რატომ მეჩხუბებით ქალბატონო თაკო?

- იმიტომ, რომ რაღაცა პასუხის მიღება გინდა და რა გინდა, ვერ გავიგე?

- მე არაფერი მინდა... კითხვა მაქვს, რომელზეც არ მპასუხობთ... „P.S.“ შედის თუ არა ეთერში?

- არ არის საკმარისი, რომ სხვა პოლიტიკური გადაცემები შევა?

- „P.S“ ეთერში დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაბრუნდა და ახლა, ისევ დაიხურა...

- ვერაფერს ვერ ვხვდები, რა გინდათ.

- არაფერი მინდა, კითხვას ვსვამ.

- მიდი, მკითხე და გიპასუხებ.

- „P.S.“   შევა თუ არა ეთერში?

-„P.S.“ იქნება-მეთქი, გეუბნებით.

- ამ სახელით იქნება?

- იგივე ფორმატის, მაგრამ სხვა გადაცემა.

ავტორი: ზუკა ნემსაძე

 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა