გაუხმაურებელი სკანდალი „ლელოში“ - ზუგდიდის ოფისიდან ფული გაქრა, პარტიის სიებში კი ენმ-სა და „ოცნების“ წევრები არიან

სულ ნახვები : 6,282
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ლელო - საქართველოსთვის“ სკანდალში ეხვევა. კერძოდ, CNews-ის ცნობით, „ლელოს“ სიის ზუგდიდის საარჩევნო ოლქის მეხუთე ნომერი, ნატალია ნადარაია „ერთიან ნაციონალური მოძრაობის“ წევრია. ამის შესახებ ზუგდიდში ყველასათვის ცნობილია, თუმცა ამ ინფორმაციას პარტიის ცენტრალურ ოფისში ისევე ჯიუტად არ იჯერებენ, როგორც 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების დროს, „ლელოს“ ლიდერებს ზუგდიდში მათი კანდიდატის, ალექსანდრე ახვლედიანის ენმ-ს წევრობის არ სჯეროდათ.

ალექსანდრე ახვლედიანი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს სამეგრელოს გუბერნატორის მოადგილე  იყო და ენმ-ს შიდა უთანხმოების გამო, დროებით გაემიჯნა, „ლელოში“  აღმოჩნდა, თუმცა 2020 წელს, ზუგდიდელები აქტიურად ამბობდნენ, რომ ის ალიკა (ალექსანდრე) ქობალიას უახლოესი მეგობარი და მისი გავლენის ქვეშ მყოფი პირია.  თავის მხრივ ქობალია მიხეილ სააკაშვილთან დაახლოებული პირია. თუმცა ქობალია, რომელიც ტვ „ოდიშის“ მფლობელია, „ოცნებასთანაც“  კარგ ურთიერთობაშია და ამის შესახებ ასევე კარგად არის ზუგდიდელებისთვის ცნობილი.

რამდენიმე ხნის წინ, ახვლედიანმა „ლელოც“ დატოვა და ამჟამად ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზედა ეწერსა და ჩხორიაში ენმ-ს სასარგებლო აგიტაციას ეწევა.

„ლელოს“ ცენტრალურ ოფისში არ აღიარებენ, რომ ახვლედიანის პარტიიდან გაშვების მიზეზი მისი პარტიული ფინანსებთან დამოკიდებულება აღმოჩნდა. როგორც CNews-ს „ლელოს“ ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა განუცხადა, ახვლედიანმა ახალგაზრდული ორგანიზაციის ფული მიითვისა და უხერხულობების მონეტებიდან გამომდინარე პარტიის ცენტრალური ოფისი ამ ფაქტს მალავს.

CNews-თან საუბრისას „ლელოს“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი თამარ კირვალიძე უარყოფს და აცხადებს, რომ ალექსანდრე ახვლედიანი პარტიასთან მეგობრულს ურთიერთობას ინარჩუნებს.  თუმცა, კირვალიძე აცხადებს, რომ ფინანსებთან დაკავშირებულ თემაზე შესაძლოა, ვიღაც საუბრობდეს, მაგრამ პარტიის მენეჯმენტსა და ხელმძღვანელობას ამისი არ სჯერა.

„ალეკო მეგობრობს პარტიასთან, ოფისის ხელმძღვანელი აღარ არის. ეს არის აბსოლუტური სიცრუე და მისი დისკრედიტაცია. ვიღაც „ლელოში“ შეიძლება მასზე ლაპარაკობს, მაგრამ არცერთი ადამიანი და არც დამფუძნებლები ამ აზრის არ არის. უბრალოდ, ადამიანები იცვლიან დამოკიდებულებას და იცვლებიან კანდიდატები. მაგალითად, შარშან რომ ვიღაც გვყავდა მაჟორიტარი ფოთში, დღეს ის აღარ არის და არის სხვა. ინფორმაციას, რომ მან ფული მიითვისა, არ ვადასტურებ. არც გაგვიშვია“,- განუცხადა CNews-ს თამარ კირვალიძემ.

აქვე, უნდა აღინიშნოს, რომ სამეგრელოს რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტში, წალენჯიხისა და ფოთის გარდა, „ლელოს“ პროპორციული საარჩევნო სიები ძირითადად ენმ-სა და „ოცნების“ მხარდამჭერებითაა დაკომპლექტებული. ანალოგიური ვითარებაა „მესამე ძალის“ პროპორციულ სიებშიც.  

 ავტორი - ზუკა ნემსაძე

P.S. მასალის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციას ნატალია ნადარაია დაუკავშირდა, რომელმაც განმარტა, რომ ენმ-ს წევრი არ ყოფილა, თუმცა "ლელოში" გაწევრიანებამდე ენმ-ს მხარდამჭერი იყო. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები