რა გავლენას ახდენს სუს-ის კრებსები ადამიანების ფსიქიკაზე - თანამედროვე 37 წელი

სულ ნახვები : 348
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მოსმენებზე პირველად არ გაგვიგია და, ბუნებრივია, არც გაგვკვირვებია, მაგრამ იმ მოცულობის საიდუმლო ფაილები, რაც 13 სექტემბერს, სავარაუდოდ, სუს-დან გასაჯაროვდა, აქამდე არასოდეს გავრცელებულა. ამ კრებსებიდან ირკვევა, რომ უსმენენ ყველას - სასულიერო პირებს, პოლიტიკოსებს, დიპლომატებს, ჟურნალისტებს... რა კვალს დატოვებს საიდუმლო კრებსები საზოგადოებაზე? – Сnews-ის კითხვებს ფსიქოლოგ ირინა ტაბუციძე პასუხობს

- ქალბატონო ირინა, როდესაც ადამიანის იგებს, რომ მასობრივი მიყურადება, მოსმენა, თვალთვალი მიმდინარეობს, ჩნდება თუ არა შიში, ვაიმე, მეც ხომ არ მისმენენო?

- დავიწყოთ იმით, რომ  ადამიანს პირადი სივრცის დაცვის მოთხოვნილება აქვს და პირად სივრცეში მხოლოდ ფიზიკური კი არა, ემოციური და ფსიქოლოგიური სივრცეც იგულისხმება. საერთოდ, მაშინ, როცა სხვის ტერიტორიაზე და სხვასთან ერთად ვართ, სხვანაირად ვმოქმედებთ, საკუთარ ტერიტორიაზე - სხვანაირად, ნეიტრალურზე კი - სხვანაირად. ის, როგორც მარტო ვიქცევით, იმას, საზოგადოებაში როგორიც ვართ, ხშირად არ ემთხვევა, მაგრამ  ადამიანებს აქვთ უფლება, როცა მარტო არიან, ისე მოიქცნენ, როგორც უნდათ.

რაც შეეხება იმას, თუ რა შედეგი მოჰყვება პირადი სივრცის დარღვევას, ყველაზე რბილი შეიძლება,  უპატივცემლობის განცდა იყოს. ყველაზე რთული კი - შიშის გაჩენა და მუქარის შემცველი ქცევა. სხვათა შორის, მოსმენაც ქცევაა, ანუ როცა მისმენენ და ჩემს სივრცეში არიან, მემუქრებიან.

- რა ემართება ასეთ დროს ადამიანს, თუ მოსმენა დიდხანს გრძელდება?

 - ჩვენს წინა და იმის წინა თაობასაც ყველაფერი ეს გავლილი აქვს. გასაგებია, რომ აპარატურა არ იყო, მაგრამ ყურები კედლებს „ჰქონდა“ და ყველამ ყველაფერი იცოდა და ამიტომ, მაგალითად, პოლიტიკურ ანეკდოტებს ჩურჩულით ჰყვებოდნენ. ახალგაზრდები  შეიძლება, ვერ მიხვდნენ, საქმე რასთან აქვთ, მაგრამ ეს მეხსიერება თაობებს შორის, გინდა არ გინდა, რჩება.

სხვათა შორის, ყველაფერი ეს ახლა არ დაწყებულა, მსგავსი შემთხვევები რამდენიმე წლის წინაც იყო, როდესაც ხალხში იგივე განცდა არსებობდა. მოკლედ, საკმაოდ დიდი ხანია, გრძელდება განცდა, რომ ჩვენ მარტო არ ვართ.  ეს განცდა კი იმას ნიშნავს, რომ არასოდეს მოვიქცევი ისე, როგორი მოქცევაც მარტო დარჩენილს შემეძლია, ანუ მერღვევა ის, რაც სიმშვიდისა და დაცულობის განცდას უნდა მიქმნიდეს.

დარწმუნებული ვარ, ადამიანების ნაწილი იტყვის, ეგ მე არ მეხება, მე ვის რაში ვაინტერესებო, მაგრამ ეს პირდაპირი მინიშნებაა, რომ  თუ ხვალ მნიშვნელოვანი ფიგურა გახდები და ვიღაცას დააინტერესებ, მარტო აღარ იქნები. ამაზე ფიქრი უკვე დამანგრეველია.

- 21-ე საუკუნეში შფოთვითი აშლილობის სინდრომი ისედაც აქტუალურია და ახლა, ამ კრებსების ფონზე, შეიძლება, რომ მოსახლეობაში შფოთვა გაძლიერდეს?

- ჩვენ დალაგებული, მშვიდი და სტაბილური ქვეყანა რომ გვქონოდა და მოსმენებზე უცებ გაგვეგო, შეიძლება, შფოთვითი აშლილობის სინდრომი გაზრდილიყო, მაგრამ ვინაიდან 30 წელია, ქრონიკულად სტრესულ სიტუაციაში ვართ, მოლოდინი არ მაქვს, რომ მოსმენების ფაქტს რამე მოჰყვება -  ყველანი ისედაც ცუდად ვართ.  

ავტორი: ლუკა წიქარიშვილი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები