ფულის გათეთრების ჭორები ნამახვანის სკანდალში - თეა გოდოლაძის საუბრები სუს-ის კრებსებიდან

სულ ნახვები : 27,178
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

არ დაუშვებს „თურქების მიერ აღნიშნული პროექტის განხორციელებით, 800 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებას“, - ეს არის ამონარიდი სუს-ის საიდუმლო კრებსიდან, რომელიც 2021 წლის 28 იანვრით თარიღდება და რომლის ფიგურანტებიც საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე და  სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელთეა გოდოლაძე არიან. კრებსის მიხედვით, ფულის გათეთრებაზე სწორედ გოდოლაძე საუბრობს.

„საპატრიარქოს პრეს-მდივანმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს თეა გოდოლაძეს აცნობა, რომ „ნამახვან ჰესის“ მშენებლობასთან დაკავშირებით, საპატრიარქოში იმყოფებოდნენ იმერეთის გუბერნატორი ზვიად შალამბერიძე და ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა, რომლებმაც საპატრიარქოს სთხოვეს შუამავლის როლის შესრულება ჰესის მშენებლობის თაობაზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის. ა.ჯაღმაიძის თქმით, ხსენებულიდან გამომდინარე, მან მონაწილეობა მიიღო ჰესის მშენებლობის საკითხზე დაპირისპირებულ მხარეებს შორის ქ.ცაგერში გამართულ შეხვედრაში, სადაც ეკლესიის პოზიციის დაფიქსირებისგან თავი შეიკავა. დეკანოზის თქმით, ხსენებულ შეხვედრაზე ერთ-ერთ პუნქტად განხილული იქნა ჰესის მშენებლობის საწინააღმდეგოდ დადგმული კარვების აღების საკითხი, რაც უშედეგოდ დასრულდა და საბოლოო გადაწყვეტილება ვერ იქნა მიღებული.

თ.გოდოლაძის განცხადებით, იგი ინფორმირებულია ხსენებული შეხვედრის შესახებ და საკითხში საპატრიარქოს ჩართულობის მიუხედავად, არ დაუშვებს „თურქების მიერ აღნიშნული პროექტის განხორციელებით, 800 მილიონი აშშ დოლარის გათეთრებას“. თ.გოდოლაძის თქმით. ნ.თურნავა და ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებული პირები, მათ შორის ექსპერტი მერაბ გაფრინდაშვილი ინფორმირებული არიან იმ მიზეზების შესახებ, რომლის გამოც დაუშვებელია ჰესის მშენებლობა, თუმცა პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ხელისუფლება ცდილობს აღნიშნული ინვესტიციის შენარჩუნებით დაასტაბილუროს ქვეყანაში შექმნილი მძიმე სავალუტო ვითარება. თ.გოდოლაძის განმარტებით, ექსპერტი მერაბ გაფრიდაშვილი საჯაროდ საუბრობს პროექტის განხორციელების აუცილებლობაზე, თუმცა მასთან (გოდოლაძესთან) პირად საუბარში აღნიშნავს, რომ ჰესის მშენებლობა დაუშვებელია, რადგან შეიცავს დიდი რისკებს. თ.გოდოლაძემ ასევე აღნიშნა, რომ არსებული ვითარება გაამწვავა იმ ფაქტმა, რომ ერთ-ერთი შეხვედრისას ჰესის მშენებლობაზე პასუხისმგებელი კომპანიის ყოფილმა დირექტორმა (ვინაობას არ აკონკრეტებს) ფიზიკური ძალადობის განხორციელება სცადა ადგილობრივ მოსახლეობაზე. ა.ჯაღმაიძემ დაადასტურა აღნიშნული ინციდენტის ნამდვილობა და განმარტა, რომ ქ.ცაგერში გამართულ შეხვედრაზე განხილულ იქნა ხსენებული ფაქტიც.

საუბრის დასასრულს თ.გოდოლაძემ აღნიშნა, რომ მისი ინფორმაციით, ჰესის მშენებლობის საკითხის დარეგულირებაში ჩართულია „უშიშროებაც“, თუმცა აღნიშნულის მიუხედავად, მაინც არ დაუშვებს პროექტის განხორციელებას,“ - წერია კრებსში.

თეა გოდოლაძე Cnews-თან ადასტურებს, რომ ანდრია ჯაღმაიძესთან ფულის გათეთრებაზე ნამდვილად ისაუბრა. კითხვაზე, რომ ფულის გათეთრება დანაშაულია და ამის შესახებ სამართალდამცავებს რატომ არ მიმართა, გოდოლაძე განმარტავს, რომ ეს მისი პროფესია არაა.  

თეა გოდოლაძე: - ანდრია ჯაღმაიძე არის ჩემი მეზობელი, შესაბამისად, ჩვენი ურთიერთობა ძირითადად ემყარებოდა ჩვენს სახლთან კორპუსის მშენებლობას, მანდ მაგაზეა და შემდგე უკვე ინტერპრეტატორს აქვს არეული. 

- ქალბატონო თეა, თქვენ, სეისმოლოგს, რატომ გეგონათ, რომ 800 მილიონ დოლარს ათეთრებდნენ?

- უბრალოდ, როგორი რაღაცა არის, იცით? - ასეთი მშენებლობები, თქვენ თუ დააკვირდებით, მიმდინარეობს განვითარებად ქვეყნებში, რეალურად, ეს არის ცნობილი სქემა, როცა ბეტონში ფული თეთრდება. ახლა მე არაფერს ახალს არ ვიძახი.

- შეიძლება, მაგრამ ეს ხომ საჯაროდ არასდროს არ გითქვამთ?

- ეს არ არის ჩემი პროფესია.

- დიახ, თქვენი პროფესია არაა, მაგრამ ამაზე საუბრობთ და ამის მიზეზი რა იყო?

- არ დავიწყე საუბარი, მე ვსაუბრობდი მამა ანდრიასთან.

- მესმის, რომ მამა ანდრია თქვენი მეზობელია და ამ თემაზე მეზობლურად საუბრობდით, მაგრამ კრებსის თანახმად, ამ თემაზე არამარტო მამა ანდრიასთან გისაუბრიათ...

- კონკრეტულად ეს ფრაზა, რაც კრებსიდან წავიკითხე, ნათქვამი მაქვს მამა ანდრიასთან. რაც შეეხება ამ ფაქტს, მე რომ საჯაროდ მნდომოდა საუბარი...

- ქალბატონო თეა. კიდევ ერთხელ გეკითხებით: საიდან გქონდათ ინფორმაცია, რომ კონკრეტული პროექტით შეიძლება ფული თეთრდებოდა ან გათეთრებულიყო?

- ეს არის ცნობილი ფაქტი.

- ვარაუდი თუ ფაქტი?

- ფაქტებია.

- ანუ, ფაქტები გაქვთ, რომ ფული თეთრდებოდა?

- არ მაქვს. როდესაც ვსაუბრობთ ხოლმე, კულუარებში ზუსტად ამ დარგთან შეხება გვაქვს, ვიცით, რომ მშენებლობაში დიდი ფული კეთდება, მით უმეტეს, შედიან კომპანიები ძალიან არასასიამოვნო მოლაპარაკებებში და არის სერიოზული სქემები, რომლებითაც ისინი მუშაობენ. განვითარებად ქვეყნებზე მაქვს საუბარი.

- გასაგებია... მოდით, ჩვენ ჩვენს ქვეყანაზე ვისაუბროთ: რეალურად, თქვენი მიზანი რა იყო  ჰესის არააშენებასთან დაკავშირებით , როცა ამბობთ, „ფულს თურქულ კომპანიას არ გაათეთრებინებ“?

- არა, მთავარი ჩემი მიზანი იყო... ჩემი და ჩემისთანების პრობლემა, ეს საჯაროდაც არაერთხელ გვითქვამს, რომ ასეთი ცუდი პროექტი, ასეთი მშენებლობა, ასეთი გიგანტური მშენებლობა არ უნდა მიმდინარეობდეს ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა. ამიტომ დაისვა კითხვები იმიტომ, რომ პროექტი იყო ძალიან დაბალი ხარისხის, ფაქტობრივად, მოუმზადებელი პროექტი იყო. მას არ ჰქონდა არანაირი გათვლები და კვლევები და 800 ათას მილიონად 103 მეტრის კაშხალი არასად არ შენდება, ანუ ეს იყო ძალიან მცირე თანხა ასეთი მასშტაბური მშენებლობისთვის.

- ქალბატონო თეა, კონკრეტულად „ენკა“-ს პროექტთან დაკავშირებით, ნამახვანჰესზე გაქვთ ფაქტები, რომ ფული თეთრდებოდა?

- კონკრეტული ფაქტი, მე ახლა, დოკუმენტაციაში არ ჩამიხედავს, როგორ ათეთრებდნენ ფულ, ეს გამოძიების საკითხია.

- თუ ეჭვობდით, რომ ფულის გათეთრებას ჰქონდა ადგილი, რატომ არ მიმართეთ პროკურატურას ან შესაბამის სხვა უწყებას?

- პროკურატურას კი არა, პრემიერ-მინისტრს მივმართე, როგორ გეკადრებათ, მივმართე ამერიკის საელჩოს.

- ამ მიმართვაში ფილის გათეთრებაზე საუბრობდით?

- არა.

- თუ ეჭვობდით, რომ ფული თეთრდებოდა და არაფერი თქვით, ეს დანაშაული დაფარვაა, ქალბატონო თეა...

- რა დანაშაულის დაფარვაა, მე, როგორ შეიძლება... დანაშაული იყო კონკრეტული, რაზეც გავამახვილე ყურადღება. რაზეც ვიცოდი, რომ კონკრეტული დანაშაული იყო, იმაზე შევიტანე.

- ქალბატონო თეა, კრებსის თანახმად, ამბობთ, 800 მილიონის გათეთრებას არ დავუშვებო. რეალურად, თუ ასე იყო, რატომ არ მიმართეთ შესაბამის უწყებას?

- მე მივმართე-თქო პრემიერს.

- რა მოთხოვნით?

- ერთი წუთი, მოთხოვნით, რომ არის დანაშაული და შემდეგ უკვე, პროკურატურაში სარჩელი შეიტანეს „ახალგაზრდა იურისტებმა“.

- ფულის გათეთრებაზე?

- ფულის გათეთრებაზე კი არა შეიტანეს, რომ არასწორი პროექტია, ფულის გათეთრება გამოჩნდებოდა გამოძიების შედეგად, ეს უკვე დადგინდებოდა.

რას მეუბნებით, ახლა, რომ პირად საუბრებში რაღაც ვილაპარაკე, ახლა და მე რატომ არ შევიტანე პროკურატურაში სარჩელი?

- დიახ, ფულის გათეთრება დანაშაულია და , როგორც მოქალაქეს, ხმა უნდა ამოგეღოთ.?

- მე, როგორც სეისმოლოგმა, შევიტანე ყველა შესაბამის უწყებაში.

- ფულის გათეთრებაზე კი არა, არამედ სხვა ფაქტებზე. არა?

- ფულის გათეთრებაზე მე რა პრეროგატივა მაქვს, ეს არის ჩემი ვარაუდი.

- ვარაუდი ახლაა? წეღან ისე ამბობდით, როგორც ფაქტს.

- ესა არის ვარაუდი.

- ვარაუდების გამო არ უნდა აშენებულიყო ჰესი, ქალბატონო თეა?

- არა, კონკრეტული ფაქტების გამო იმიტომ, რომ არ არის საშიშროება შეფასებული, ბუნებრივი საფრთხეები არ იყო შეფასებული, ბუნებრივი საფრთხეების არშეფასება იწვევს პროექტის გაიაფებას. ამ კონკრეტულ ფაქტზე კი მივმართე პრემიერს.

- მესმის, მაგრამ ფულის გათეთრებაზე თქვენი ვარაუდი საჯაროდ არასდროს გითქვამთ.

- რატომ უნდა მეთქვა საჯაროდ? ეს ჩემი პროფესია არ არის.

- დიახ, მაგრამ საუბრობდით იმ ადამიანებთან, რომლებიც დაინტერესებულნი იყო ნამახვაჰესის არააშენებით.

- კულუარებში იმასაც ვსაუბრობდი, რომ ზოგიერთ ჟურნალისტ გადაუხადეს იმისთვის, რომ ჩემს საწინააღმდეგოდ შავი პიარი აეგორებინათ... გეუბნებით კონკრეტულ პასუხებს.. კულუარებში ბევრ რამეს ვსაუბრობ.

- როგორც ხედავთ, კულუარებში ნათქვამი საჯარო გახდა...

***

როგორც აღვნიშნეთ, თეა გოდოლაძე სუს-ის საიდუმლო კრებსებში არაერთხელაა ნახსენები. კერძოდ, 2021 წლის 30 იანვრის კრებსიდან ირკვევა, რომ ის ფულის გათეთრებაზე მხოლოდ მეზობელ მამა ანდრია ჯაღმაიძესთან მეზობლურად კი არ საუბრობდა, არამედ, სხვა ადამიანებსაც ესაუბრა, მაგალითად, პოლიტიკოს ელენე ხოშტარიას:

„დედამიწის შემსწავლელი მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა თეა გოდოლაძემ პარტია „ევროპული საქართველოს“ ყოფილ წევრს ელენე ხოშტარიას აცნობა, რომ თურქული კომპანია „ენკა რინიუებლზი“ „ნამახვანი ჰესის“ მშენებლობაში ათეთრებს ფულს, რაც ასევე არის საქართველოს ხელისუფლების ინტერესი.

ე.ხოშტარიას თქმით, ზემოხსენებულის შესახებ იგი დაიწყებს მოკვლევას და გაასაჯაროებს ყველა მტკიცებულებას“ - წერია სუს-ის საიდუმლო კრებსში.

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა