„ნამახვანი“ ჩვენი ფარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ პირშიშველები დავრჩით“ - ექსპერტი

სულ ნახვები : 1,180
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ენკა“ საქართველოსთან ხელშეკრულებას წყვეტს - ამის შესახებ გუშინ გახდა ცნობილი. „ნამახვანჰესი“, ექსპერტების თქმით, საქართველოს ეკონომიკისა და ენერგოდამოუკიდებლობისთვის, ასვე, უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანი პროექტია. მართალია, „ENKA“-მ ხელშეკრულების შეწყვეტის სურვილი გამოთქვა, მაგრამ ასეთ მასშტაბურ პროექტებზე კონტრაქტის გაუქმება ადვილად არ ხდება. იკვეთება თუ არა პოლიტიკური ხელშეკრულების გაწყვეტაში კომპონენტები და რა ზარალი მიადგება ამით საქართველოს? - CNews-ს „განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე გიორგი აბრამიშვილი ესაუბრა:

- ეჭვი, რომ პოლიტიკური კომპონენტი ჩნდება და ეს უმრავლესობას, ან ოპოზიციას აწყობა, ძალიან არასწორია. ეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის მტრულად განწყობილ მეზობელს აწყობდა. სხვათაშორის, ეს იყო ერთადერთი საკითხი, სადაც თვეების განმავლობაში ოპოზიცია და ხელისუფლებაც, „ქოცებიც“ და „ნაცებიც“ გაერთიანდნენ, რადგან ეს ზეპოლიტიკური თემა და ჩვენი სახელმწიფოსთვის ძალიან  მნიშვნელოვანია.

- პროექტის არგანხორციელება საქართველოსთის რას ნიშნავს?

- რა თქმა უნდა, ძალიან ნეგატიური  შედეგი დგება რეპუტაციულადაც და საინვესტიციო კლიმატისათვისაც. ის, რომ ასეთი რეპუტაციული კომპანია ჩვენი ქვეყნიდან გავა  და პანდემიის პერიოდში 800-მილიონიანი ინვესტიცია დაიკარგება, ეკონომიკურად ძალიან ცუდად დაგვარტყამს.

ამასთან, თუ ყველაფერი იმ ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა, საითკენაც მიდის ასობით მილიონი ჯარიმის გადახდა მიგვიწევს, თუმცა იმედს ვიტოვებ, რომ არსებობს მოლაპარაკების სივრცე და ამას ორივე მხარე გამოიყენებს, მაგრამ ყველაფერი ეს არაფერია იმასთან შედარებით, რასაც ჩვენი ენერგოდამოკიდებულება ნიშნავს იმ ორ ქვეყანაზე, რომელთანაც საზღვრები დემკარკირებული არ გვაქვს.

- რომელ ქვეყნებს გულისხმობთ?

- რუსეთსა და აზერბაიჯანს, რომლებისთვისაც ენერგობეკრეტი მხოლოდ და მხოლოდ პოლიტიკური ბერკეტია და საბაზრო ეკონომიკის პრინციპები არ არსებობს. შესაბამისად, ამ პოლიტიკურ ბერკეტს მაშინ გამოიყენებენ, როცა დასჭირდებათ. არსებობს პერსპექტივა, რომ დავრჩეთ ისეთ ქვეყანა რომელიც მთლიანად იქნება რუსეთზე დამოკიდებული. ფინანსური ზარალი რომ გვერდით გადავდოთ, რუსეთი ყოველთვის შეძლებს ამის გამოყენებას. აი, მაგალითად, საზღვარს კიდევ გადმოვწევ, თუ ჩემს ელექტროენერგიას არ იყიდიო.

სხვათა შორის, წელს დენის იმპორტი  172%-ითაა გაზრდილი, ანუ ზუსტად იმ რაოდენობით, რასაც „ნამახვანი“ ნიშნავდა. წლების შემდეგ მხოლოდ ფინანსები კი არა, ტექნიკური საშუალებაც არ გვეყოფა, რომ საკმარისი ელექტროენერგია შემოვიტანოთ. ამიტომ, გრაფიკზე გადასვლა მოგვიწევს, ჩვენი თითზეჩამოსათვლელი ქარხნები გაჩერდება და ნელ-ნელა 90-იან წლებს მივუბრუნდებით, რომელიც სამწუხაროდ, მარტივად დაგვავიწყდა.

„ნამახვანი“ ჩვენი ფარი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ეს ფარი დავკარგეთ და დავრჩით პირშიშველები.  

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ეკონომიკა ► ბიზნესი ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა