გადასცემს თუ არა „ოცნება“ სააკაშვილს უკრაინას - ინტერვიუ იურისტ დავით ჯანდიერთან

სულ ნახვები : 3,055
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

იმ შემთხვევაში, თუ საქართველო მიხეილ სააკაშვილს უკრაინას გადასცემს, შეეძლება თუ არა უკრაინულ მხარეს, რომ ჩვენი მართლმსაჯულების გამოტანილი განაჩენი შეცვალოს და მესამე პრეზიდენტი უდანაშაულოდ გამოაცხადოს? ამასთან, როგორ ხდება მსჯავრდებულის გადაცემა? - ამ და სხვა სამართლებრივ საკითხებზე CNews იურისტ დავით ჯანდიერს ესაუბრა:

_ ბატონო დავით, თქვენი, როგორც იურისტის აზრით, საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიერ საზღვრის  გადმოკვეთა რამდენად სამართლიანი და პოლიტიკურად მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო?

_ არ მინდა, რომ ჩემი შეფასებები სპეკულაციური იყოს, თუმცა არ შემიძლია, არ  აღვნიშნო, რომ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაში ყოფნა, იმ განცხადებებზე დაყრდნობით, რომელსაც „ქართული ოცნება“ აკეთებს, მისივე პოლიტიკურ ინტერესში შედის. არ გვჭირდება შორსმიმავალი დასკვნების გაკეთება, რათა ნათლად წარმოვიდგინოთ ხელისუფლების ის უპირველესი მიზანი, რაც მიხეილ სააკაშვილის მსჯავრდების უკან დგას. ეს მიზანი სასამართლო ხელისუფლების მიერ ხორციელდება, რომელიც აღმასრულებელი ხელისუფლების გაგრძელებაა. სასამართლო მთლიანად „ქართული ოცნებისგან“ კონტროლდება - კლანის მიერ იმართება და დაფუძნებულია ადამიანის  უფლებების საწინააღმდეგო სტანდარტებზე. იმ ვითარებაში, როდესაც მართლმსაჯულება საქართველოში დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არაა, სააკაშვილის განაჩენები მაღალი სტანდარტით გამოტანილი ვერ იქნება. მოკლედ, ეჭვგარეშეა, რომ სააკაშვილის პატიმრობაში დატოვების უკან „ქართული ოცნების“ პოლიტიკური მიზანი დგას.

_ ეს გასაგებია, მაგრამ სააკაშვილის, როგორც უცხო ქვეყნის მოქალაქის, საქართველოში შემოსვლა კანონიერი იყო თუ უკანონო?

_ არ ვიცი, ქვეყანაში როგორ შემოვიდა,  თუმცა სასაზღვრო კონტროლის გვერდის ავლით შემოსვლა, რა თქმა უნდა,  საქართველოს კანონმდებლობას არ შეესაბამება და სისხლის სამართლის კოდექსით დასჯადი ქმედებაა.

_ სააკაშვილმა საზღვარი ისე გადმოკვეთა, რომ ერთმა სახელმწიფო უწყებამაც ვერაფერი გაიგო. უფრო მეტიც, ქვეყნის შიგნითაც გადაადგილდებოდა, მაგრამ ამაზეც არავინ არაფერი იცოდა. ყველაფერი ეს ქვეყანას, რომელსაც დასავლურ ღირებულებებზე აქვს პრეტენზია, დადებითად ახასიათებს?

_ ბუნებრივია, სახელმწიფო საზღვარი მკაცრად გაკონტროლებული და დაცული უნდა იყოს, განსაკუთრებით, მსოფლიოში არსებული თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, რომელიც ტერორიზმს უკავშირდება. თუ პიროვნება სახელმწიფო საზღვარს შესაბამისი პროცედურების გვერდის ავლით კვეთს და ეს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის შეუმჩნეველია, აღნიშნული ერთმნიშვნელოვნად სახელმწიფო ინსტიტუტების სისუსტესა და უსუსურობას ადასტურებს. სახელმწიფო საზღვრების დაცულობა ასევე, იმ ვალდებულებების ნაწილია, რომელიც ევროკავშირის წინაშე გვაქვს აღებული.

_ ბატონო დავით, შესაძლებელია, რომ მიხეილ სააკაშვილი, როგორც უკრაინის მოქალაქე, უკრაინას გადასცეს და იქ ყველა ბრალდება მოუხსნან და გაუბათილონ?

_ ეს ცოტა რთული პროცედურაა. მართალია, სააკაშვილი უკრაინის მოქალაქეა, მაგრამ გადაცემისთვის საჭიროა, რომ ყველა დაწყებული გამოძიება დასრულებული და განაჩენიც კანონიერ ძალაში იყოს შესული. რამდენადაც ვიცი, მის მიმართ სისხლის სამართლებრივი პროცედურები რამდენიმე საქმეზე კვლავ მიმდინარეობს. არის საქმეები, რომლებზეც განაჩენი დამდგარია, მაგრამ არის ისეთებიც, რომლებზეც განაჩენი არ არის გამოტანილი.

_ ყველაფერ ამას საზღვრის უკანონო გადმოკვეთაც დაემატა...

_ დიახ. საზღვრის უკანონო კვეთაზე, გავრცელებული ინფორმაციით, გამოძიება უკვე დაწყებულია... გადაცემის საკითხს რომ მივუბრუნდეთ, მხარეები გამოიყენებენ ევროპულ კონვენციას მსჯავრდებულ პირთა გადაცემის შესახებ, რომელშიც განსაზღვრულია შესაბამისი პირობები. უპირველესად,  ეს მოთხოვნა შეიძლება დააყენოს, როგორც მიხეილ სააკაშვილმა, ისე უკრაინის ან საქართველოს ხელისუფლებამ.  ყველა შემთხვევაში, მიხეილ სააკაშვილის თანხმობა აუცილებელია. თუ სააკაშვილი თანახმა არ იქნება, რომ უკრაინისთვის იქნას გადაცემული, მისი გადაცემა ვერ განხორციელდება.

გარდა ამისა, აუცილებელია ქართული და უკრაინული მხარეების თანხმობებიც.

_ თუ გადაცემას უკრაინაც ითხოვს, სააკაშვილიც თანახმაა და ქვეყნის ხელისუფლებაც, გადაცემის შემდეგ, საქართველოში ყველანაირი ბრალდება ეხსნება?

_ არა. ნებისმიერ მხარეს, შიდა კანონმდებლობისა და კონსტიტუციის მიხედვით, შეუძლია შეწყალების, ამნისტიისა და დანაშაულის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღოს.

რაც შეეხება უშუალოდ განაჩენის გადასინჯვას, ანუ დამნაშავეობის საკითხს, ეს მხოლოდ განაჩენის გამომტანი სახელმწიფოს, ამ შემთხვევაში, საქართველოს უფლებამოსილებაა.

_ შესაძლებელია, რომ უკრაინისთვის გადაცემის შემდეგ, სააკაშვილმა სასჯელი უკრაინის საპატიმროში მოიხადოს?

_ დიახ, ზუსტად ამას გულისხმობს კონვენცია - სასჯელის მოხდა იმ ქვეყნის ტერიტორიაზე, რომლის მოქალაქეცაა.

_ თუ სააკაშვილი სასჯელს უკრაინაში მოიხდის, მაშინ საქართველოს მართლმსაჯულების ქვეშ რატომ უნდა დარჩეს?

_ ვინაიდან განაჩენი საქართველოს ხელისუფლების მიერაა გამოტანილი, ამ განაჩენის შეცვლის უფლებამოსილება მხოლოდ საქართველოს ხელისუფლებას აქვს, სხვა ყველა საკითხი კი, მათ შორის შეწყალებაც, უკრაინას შეეძლება.

_ ანუ?

_ უკრაინა უფლებამოსილია, რომ სასჯელის აღსრულების საკითხი შეცვალოს, მაგრამ განაჩენს ვერ შეცვლის. მაგალითად, ის, რომ ახალადგამოვლენილი გარემოებების გამო განაჩენი გადაისინჯოს, რომელმაც საბოლოოდ, შეიძლება იქამდე მიგვიყვანოს, რომ ვთქვათ,  მიხეილ სააკაშვილის უდანაშაულოდ ცნობა მოხდეს, ამის უფლება უკრაინას არ ექნება. ამის უფლება აქვს განაჩენის გამომტან სახელმწიფოს, ანუ საქართველოს. იმ შემთხვევაში, თუკი მისი უკრაინისთვის გადაცემა მოხდება, უკრაინას შეეძლება, შეწყალების, ამინისტიის ან განაჩენის შემსუბუქების გადაწყვეტილება მიიღოს.

_ როგორ ფიქრობთ, საქართველოს ხელისუფლება სააკაშვილს უკრაინას გადასცემს?

_ უპირველესად, ჩემთვის ცხადია, რომ საქართველოს მეგობრები, ევროპული სახელმწიფოები და ევროკავშირის წევრი ქვეყნები  სასამართლო სისტემის მიერ, რომელიც საერთაშორისო დონეზე, კლანურ მმართველობას დაქვემდებარებულ სასამართლოდაა აღიარებული, არ დაუშვებენ, რომ  ამ სისტემის მიერ გამოტანილი განაჩენის საფუძველზე, ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი საპატიმროში დარჩეს. ამის უფლებას ისინი საქართველოს ხელისუფლებას, უბრალოდ, არ მისცემენ.

_ რას ფიქრობთ, მოვლენები როგორ განვითარდება?

_ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა საქართველოს ხელისუფლებისთვის იმაზე დიდი ტკივილია, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა, თუმცა აქ არის ერთი ფაქტორი, რომელიც შეიძლება, ხელისუფლებისთვის სამსჯელო იყოს არჩევანის თვალსაზრისით. რა ურჩევია - სააკაშვილი იზოლირებული ჰყავდეს საპატიმროში თუ მას მოქმედების ასპარეზი ქვეყნის ფარგლებს გარეთ ჰქონდეს? ჩემი აზრით, მიხეილ სააკაშვილი ძალიან მალე დატოვებს საპატიმროს. ვფიქრობ, მმართველ პარტიას მიხეილ სააკაშვილის საპატიმროში დატოვების არც საგარეო და არც საშინაო რესურსი არ ექნება.

_ ანუ, „ოცნებას“ სააკაშვილი გარეთ ურჩევია?

_ დიახ. აქვე გავიხსენოთ, რომ სააკაშვილის ერთ-ერთი საქმე სტრასბურგის სასამართლოშია, რომელსაც კომუნიკაცია აქვს დაწყებული საქართველოს ხელისუფლებასთან. მათ შორის, ერთ-ერთი შეკითხვა  მე-18 მუხლს უკავშირდება, ანუ პოლიტიკურ მართლმსაჯულებას - რამდენად ჰქონდა ამას ადგილი სააკაშვილთან მიმართებაში. ეს არის მთავარი კითხვა. შესაბამისად, სააკაშვილის საპატიმროში ყოფნა საქართველოს ხელისუფლებისთვის არც პოლიტიკური და არც სამართლებრივი თვალსაზრისით, იოლი არ იქნება.

_ დასაშვებია თუ არა, რომ სააკაშვილმა საპატიმრო დატოვოს და საქართველოში დარჩეს?

_ ეს მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული. უპირველესად, იმაზე, თუ რა ფორმით მოხდება მისი გამოშვება.

_ პრეზიდენტი ზურაბიშვილი ამბობს, რომ არ შეიწყალებს...

_ პრეზიდენტი კი ამბობს, მაგრამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ყოველთვის ვერ იღებს. ამ შემთხვევაშიც, მისი გადაწყვეტილება ვერ იქნება ერთპიროვნული. მას მრავალი ფაქტორის გათვალისწინება მოუწევს. შესაძლოა, დასჭირდეს მისი კონსტიტუციური ინსტრუმენტის გამოყენება პოლიტიკური ზეწოლის მოსახსნელად და კრიზისის განსამუხტად. ამისთვის აქვს სწორედ ეს ბერკეტი.

_ ე. ი. შესაძლებელია, რომ პრეზიდენტმა თავისი სიტყვა უკან წაიღოს და შეიწყალოს?

_ რა თქმა უნდა. ზოგადად, თანამდებობის პირების დანაპირები რომ სრულდებოდეს, უკეთეს ქვეყანაში ვიცხოვრებდით, საარჩევნო დანაპირებები მაქვს მხედველობაში. „ქართული ოცნების“ სიტყვას ფასი არ აქვს და შეიძლება, ნებისმიერ დროს შეიძლება შეიცვალოს.

ავტორი: ზუკა ნემსაძე, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები