„ვაჟკაცად დარჩი“ - ექსკლუზიური ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილის მამასთან

სულ ნახვები : 26,915
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ვაჟკაცურად უნდა იყოს, ვაჟკაცია და ბოლომდე ვაჟკაცად დარჩეს,“ - აცხადებს CNews-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მამა, ნიკოლოზ სააკაშვილი.

- ბატონო ნიკოლოზ, მიშას ჩამოსვლას როგორ აფასებთ, ანუ ელოდით, რომ ჩამოვიდოდა? 

- ბუნებრივია, კაცი თავის ქვეყანაში უნდა დაბრუნდეს და თავის ქვეყანაში იყოს.

- ანუ, ელოდით, რომ ჩამოვიდოდა?

- ველოდი, რა, თვითონ აცხადებდა ყოველთვის, ყოველ წამს და ყოველ წუთს გამოსვლებში, საქართველოში დავბრუნდები  და საქართველოში უნდა ვიყოო. კონკრეტული გეგმა საერთოდ არ ვიცოდი, ჩემთვის მოულოდნელი იყო ვიდეოს გამოჩენა.

- როცა გაიგეთ, რომ საქართველოში იყო, რა რეაქცია გქონდათ?

- მამის რეაქცია როგორი იქნება? - სიხარული, სიხარული, რასაკვირველია, შვილი შენ ცის ქვეშ ჩამოვიდა, თავის საკუთარ სამშობლოში. მეორეს მხრივ, ვფიქრობდი, ამას რა  დაძაბულობა  მოჰყვებოდა.  ყველაფერი მოსალოდნელი იყო.

თავიდანვე როცა იძახდა, უნდა ჩამოვიდეო,  ვფიქრობდი ამ შედეგზე, მაგრამ გარისკა იმიტომ, რომ სამშობლოში დაბრუნება სჭირდებოდა. ვთვლი, რომ ეს იყო ვაჟკაცური ნაბიჯი მისი მხრიდან.

- აქციები დაიწყო მიშას გასათავისუფლებლად.

- რასაკვირველია, ველოდი ამ აქციებს. ვთვლი, რომ ძალიან დიდ პროცენტს მოსახლეობისას აქვს მისი სიყვარული და პატივისცემა, ზოგიერთებმა ვერ დაინახეს სიკეთე, რაც მან მოუტანა ქვეყანას თავის დროზე. ვთვლი, რომ ეს არის კაცი, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს სამშობლო.

- ბატონო ნიკა, იქნებ, მისი დაშვებული შეცდომების გამო არ უყვართ ზუსტად იმ ზოგიერთს, რომელზეც საუბრობთ?

- შეიძლება, შეცდომები ჰქონდა და შეცდომებისგან არავინ არაა დაზღვეული, უშეცდომო კაცი არაკაცად მიმაჩნია. შეცდომა ყველას ემართება აბსოლუტურად. ვფიქრობ, რომ ეს არის კაცი, რომელსაც შეუძლია, დიდი დახმარება გაუწიოს ქვეყანას.

- ისე, ახალ რძალზე რას იტყვით?

- იცით, რა?! - ამ საკითხზე ჩვენ ნუ ვილაპარაკებთ, მე არ ვიცი, რა ხდება, როგორ ხდება. ჩემი შვილის პირადულ საკითხებში არ ჩავრეულვარ და არც ჩავერევი.

- კარგი... ბოლოს, რას ეტყვით შვილს?

- ვაჟკაცურად უნდა იყოს, ვაჟკაცია და ბოლომდე ვაჟკაცად დარჩეს!

ავტორი: ზუკა ნემსაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა