„ამისთვის ღირდა ცხოვრება“ - ნანული სარაჯიშვილს რუსთაველის თეატრის წინ ვარსკვლავი გაუხსნეს
...
მსახიობ ნანული სარაჯიშვილს, 73 წლის ასაკში, რუსთაველის თეატრის წინ, ვარსკვლავი გაუხსნეს. „მანანა“, „ვერის უბნის მელოდიები“, „სამოთხის გვრიტები“, „გარიგება“ - ეს იმ ფილმების არასრული ჩამონათვალია, სადაც შესრულებული როლებისთვის მსახიობი ქართველი მაყურებლის მეხსიერებაში ოქროს ასოებით ჩაწერა.
ნანული სარაჯიშვილი ვარსკვლავი, 7 ოქტომბერს, რუსთაველის თეატრის წინ გაიხსნა, ვარსკვლავის გახსნი შემდეგ კი ის მონატრებული მაყურებლის წინაშე შემოქმედებითი საღამოთი წარსდგა.
CNews-სი ნანული სარაჯიშვილს დაუკავშირდა:
- ქალბატონო ნანული, ვარსკვლავის გახსნას გილოცავთ!
- აბა, როგორ, კაცო, სიბერეში, სიბერეში!
- რა დროს სიბერეა, ქალბატონო ნანული - თქვენ ხომ ისევ მანანა ხართ.
- იცოცხლეთ, დიდი მადლობა. როგორ შეიძლება, ასეთი ბედნიერი დღე გაქვს და გახარებული არ იყო. ძალიან ბედნიერი ვარ, მადლობელი ვარ. კიდევ ერთხელ ვიგრძენი ჩემი მაყურებლის სიყვარული. არაჩვეულებრივი მომღერლები იყვნენ ჩემს გვერდით - ეკა მამალაძე, მერაბ სეფაშვილი, თამრიკო ჭოხონელიძე, ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, პრიმაბალერინა ნინო ანანიაშვილი, რომელთან ერთადაც ვიცეკვე, აბა, როგორ?!
- იცეკვეთ?
- ჰო, ნინომ ამაცეკვა, მეც ვიცეკვე, რა, ნინოსთან ერთად.
- კმაყოფილი ხართ?
- ძალიან, ძალიან, ძალიან! ამისთვის ღირდა ცხოვრება. დიდი მადლობა, მიყვარხართ!
ცნობისთვის:
ნანული სარაჯიშვილი 1971 წლიდან შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიური თეატრის მსახიობია. 1993 წელს, შავი ზღვის აუზის ქვეყნების საერთაშორისო კინოფესტივალზე დაჯილდოვდა „ოქროს არწივით“ ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის.
ავტორი: ზუკა ნემსაძე