მე დავიცავ მიხეილ სააკაშვილს, ანუ მზადება ახალი პოლიტიკური ვენდეტისთვის

სულ ნახვები : 34,934
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

30 წელია, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და  სამი თაობის პოლიტიკური ემიგრაცია მივიღეთ.  1992 წლის სამხედრო გადატრიალების შემდეგ პირველი პრეზიდენტის მომხრეებს მოუწიათ ქვეყნის დატოვება მათზე სამართლებრივი დევნის გამო; 2003 წლის „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ უკვე შევარდნაძის ხელისუფლების წევრებს და  შევარდნაძის ოჯახთან დაახლოებულ ადამიანებს მოუწიათ ქვეყნის დატოვებამ, ასევე, აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამო და მიუხედავად იმისა, რომ 2012 წელს სააკაშვილმა ხელისუფლება დემოკრატიული გზით გადააბარა ივანიშვილს, მისი ხელისუფლების წარმომდგენლებიც ვერ გადაურჩნენ  პოლიტიკური ემიგრაციის  ხვედრს.

პირველი პოლიტიკური ემიგრაციის ნაწილს ევროპაში 2000 წელს შევხვდი. ზვიად გამსახურდიას მომხრეების ნაწილი ფინეთში იმყოფება დღემდე. ერთ-ერთი პოლიტიკური  დევნილის, ჩემი უახლოესი მეგობრის შვილი მოვნათლე ჰელსინკიში. საღამოს სუფრასთან შეიკრიბა მთელი ემიგრაცია. ლხინიც  საოცრად სევდიანი ყოფილა ემიგრაციაში - სიმღერაც და სიხარულიც სევდით ყოფილა სავსე.  გამთენიამდე მაყოლებდნენ საქართველოს ამბებს. ვუყვებოდი ნაომარი , უშუქო, უგაზო,  ნავთის  სუნით გაჟღენთილი თბილისის ისტორიებს და ვგრძნობდი, როგორ უფრო ეძვირფასებოდათ ეს ისტორიები, როგორ თვალდახუჭული დათმობდნენ  ჩვენთვის საოცნებო კომფორტულ ყოფას და ხარბად  შეისრუტავდნენ  თბილისური  „კერასინკების სურნელს” . მეც ძალიან სევდიანი დავბრუნდი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მშვიდი, მოწესრიგებული, კომფორტით და კეთილდღეობით სავსე ქვეყნიდან და შთაბეჭდილებებთან ერთად , ქართული პოლიტიკური ემიგრაციის დიდი ტკივილი ჩამომყვა.

2005 წელს, პატრიარქთან ერთად აზერბაიჯანში მომიხდა წასვლა. ბაქოში უკვე არსებობდა მეორე პოლიტიკური ემიგრაციის პატარა ტალღა. ცხადია, პატრიარქთან შესახვედრად ყველა მოვიდა. აზერბაიჯანში  შევარდნაძის ხელისუფლების ყოფილი წევრები თავს ძალიან მყარად გრძნობდნენ ეკონომიურად.  მათ დიდ ნაწილს ოჯახებიც თან ჰყავდა, მაგრამ მათი სიხარულიც და კეთილდღეობაც ძალიან სევდიანი მეჩვენა. ერთ-ერთი ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი უფროსი, აწ გარდაცვლილი გია ჭანტურია იყო.  არასოდეს დამავიწყდება გია. მანამდე არ ვიცნობდი. როგორ ყველას თავზე გვევლებოდა, ვინც დელეგაციაში ვიყავით, არ იცოდა, რით და როგორ ვესიამოვნებინეთ, პატრიარქს გვერდიდან არ სცილდებოდა, ჩანდა, მასთან ურთიერთობით იკლავდა ქვეყნის მონატრების სურვილს.

ბაქოდან საინგილოში წავედით, იქაც გამოგვყვა, უკან დაბრუნებისას საქართველოს საზღვრამდე მოგვაცილა.  იდგა საკუთარი ქვეყნის  საზღვართან  კაცი, რომელსაც არაფერი აკლდა და ცრემლების დამალვას არც ცდილობდა.  ამას პირველად ვიტყვი საჯაროდ: მითხრა, ჯობდა,  ალბათ, დავეჭირეთ, ეს არ არის ცხოვრებაო. მაშინ გიას ვუთხარი ის, რასაც ახლა ძალიან ვნანობ, მაგრამ  დარწმუნებული ვიყავი, რომ ასე მოხდებოდა: არა უშავს, გია, თვითონაც მოუწევთ ემიგრაციაში ყოფნა და მიხვდებიან, რომ ადამიანები ასე არ უნდა გაიმეტონ-მეთქი.

დღეს ზუსტად ვიცი, რომ პოლიტიკურ ემიგრაციაში ყოფნა ციხეზე ნაკლები სასჯელი არ არის, შეიძლება, უფრო მძიმეცაა. ამიტომ მიშა სააკაშვილი არ არის ჩემთვის  საზღვრის უკანონოდ კვეთისათვის დამნაშავე, ის პოლიტიკური  ემიგრანტის  გაუსაძლის ტკივილზე გამარჯვებული ერთი ქართველთაგანია. კიდევ ერთ ისტორიას გავიხსენებ: მიშას დაუნდობელი კრიტიკოსი ვიყავი მაშინაც, როდესაც ოსანას უმღეროდნენ. არც ერთ მის შეცდომასა და დანაშაულზე თვალი არ დამიხუჭავს, არც ტელეფონი არ გამქონდა გვერდით ოთახში სააკაშვილის ხელისუფლების შიშით, ღიად და დაუფარავად ვამბობდი ყველაფერს, რასაც ვფიქრობდი.   ერთი საპროტესტო აქციაც არ გამომიტოვებია, არც ერთი პეტიცია და საჯარო მიმართვა, რომელიც მისი ხელისუფლების  მანკიერ მხარეებს ამხელდა.  როდესაც სატელევიზიო დაჭერების სერია დაიწყო, ძალიან აღვშფოთდი. ვიცოდი, რომ ეს ადამიანებში შიშის დათესვას ემსახურებოდა. სულ პატარამ გავაცნობიერე, არც კი ვიცი , რა ძალით, რომ ვინც  ცდილობს შეგაშინოს, თავად მეტად ეშინია. ამიტომ ვიცოდი, რომ ეს მიშას ძალაზე კი არა, მის სისუსტეზე მეტყველებდა და როგორც შემეძლო, ამ მახინჯ პროცესს წინააღმდეგობას ვუწევდი.  როდესაც დილით ერთ-ერთი  დეპუტატი და  მისი მეუღლე ტელევიზიით საცვლების ამარა ვიხილე,  ერთ ცნობილ პოლიტიკოსს დავურეკე და  ვუთხარი: ამას როგორ უშვებთ, შენი ცოლი რომ ასე გამოაჭენონ, მოგეწონება-თქო? მიპასუხა: მე რომ გამიკეთონ, შევაკვდებიო.  გვიან იქნება-მეთქი. ვხედავდი, რომ სრულიად უმცირესობაში ვიყავი,  ეიფორიაში მყოფი საზოგადოება მზად იყო , ყველაფერი „გაეპრავებინა“. ერთ-ერთ მათგანს , ჩემს უახლოეს ადამიანს  ვუთხარი, იცოდეთ, მოვა დრო და მიშა თქვენგან ჩემი დასაცავი გახდებად-მეთქი. თვითონაც  იცის და  იმედია, აღარ უკვირს ჩემი პოზიცია.

დიახ, მე დავიცავ მიშას იმიტომ, რომ მის მხარდამჭერთა უმრავლესობას  არც თავის დროზე აღმოაჩნდა პასუხისმგებლობა, ეთქვა, რომ  ასე არ შეიძლება და არც ახლა უნდა, გაიზიაროს პასუხისმგებლობა  „ვარდების ხელისუფლების“ შეცდომებზე.

მე დავიცავ მიხეილ სააკაშვილს არა ჩემი ემოციის, არამედ, სრულიად გაცნობიერებული მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო იმიტომ, რომ  ამ ქვეყანაში აღარ არსებობდეს პოლიტიკური ემიგრაციის ახალი ტალღა! იმიტომ, რომ  ამ ხელისუფლების წარმომადგენლებმა საკუთარ  თავზე არ იწვნიონ   პოლიტიკური ემიგრანტის დიდი  სასჯელი, რომელიც ციხეში ჯდომაზე  უფრო მძიმეა. თავის დროზე ვერც გია ჭანტურია, ლევან მამალაძე, გიგლა ბარამიძე  და ვერც სხვები გრძნობდნენ  იმ ტკივილს, რასაც  ქვეყნიდან  იძულებით გახიზნული  პირველი პრეზიდენტის მომხრეები განიცდიდნენ  იმიტომ, რომ შევარდნაძის ეპოქა მათი დრო იყო.  სხვისი ჭირი მათთვისაც ღობის  ჩხირი იყო.   ბანალურია. მაგრამ ასეა: არც ერთი ხელისუფლება საზოგადოებაზე უკეთესი ან უარესი არ არის.  უპასუხისმგებლო საზოგადოების პროდუქტია ცუდი ხელისუფლებები.

არ უნდა აღსრულდეს „ სამართალი“ იმ ხალხის სახელით , ვისაც დღემდე   გვირგვლიანის სახელი აკერია პირზე და თავის დროზე  ტანი არ აუწევია, ქუჩაში გაეპროტესტებინა გვირგვლიანის მკვლელობა. არ  აქვს იმ ხალხს სააკაშვილის გასამართლების უფლება, ვინც 7 ნოემბერს ჩადენილ სისასტიკეს გმობს და 20 ივნისი სახელმწიფოს ძლიერების გამოვლინებად მიაჩნია. დიახ, არ უნდა  აღსრულდეს მიხეილ სააკაშვილზე მურუსიძის სამართალი იმიტომ, რომ ამას მიშა კი არა, ქვეყანა არ იმსახურებს!  არც იმ ხალხს აქვს უფლება  ბუტა რობაქიძის მკვლელობისთვის მოითხოვონ პასუხი, ვისაც  დემურ სტურუა, თემირლან მაჩალიკაშვილი, ლუკა სირაძე სხვისი მკვდრები  ჰქონიათ.

დიახ, ბიძინა ივანიშვილს არ აქვს უფლება, სამართლებრივი ვერდიქტი გამოუტანოს მიხეილ სააკაშვილს, თუნდაც იმიტომ, რომ 7 ნოემბრის საღამოს, დიდი ალბათობით , ვანო მერაბიშვილთან მორიგ ვახშამზე განიხილავდა პატარკაციშვილზე გამარჯვების დეტალებს.  ვერასოდეს გავიგებ ჩვენი საზოგადოების იმ ნაწილის სამართლიანობას, ნინო ბურჯანაძეს დღემდე რომ ვერ პატიობენ „პოკლონნაია გარაზე“  „ფრანცუზკებით“ დგომას და გავრილოვისთვის წითელი ხალიჩის გაფენას და პოზნერისთვის ელარჯის წელვას ქართულ სტუმარ-მასპინძლობად ასაღებენ. არ იქნება ჩვენისთანა უსამართლო საზოგადოებისაგან საქართველოს მესამე პრეზიდენტის გასამართლება არც აღსრულებული სამართლის და  არც შემდგარი სახელმწიფოს  მაჩვენებელი. ეს მორიგი ვენდეტის გზაზე შედგომა იქნება, ეს ახალი პოლიტიკური ემიგრაციის  ტალღა იქნება, ეს  დაუკმაყოფილებელი შურისძიების კიდევ ერთი თასის აღვსება იქნება. რამდენიც უნდა ეცადოს პრემიერი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის დაკნინებას, ისტორიას მაინც ვერ გადაწერს. პატიმარი სააკაშვილი №...ით ვერასოდეს იქნება რიგითი პატიმარი. ის  დარჩება ისტორიულ ფიგურად, რომელმაც ამ ქვეყნის  მრავალსაუკუნოვანი  ისტორიის ერთი ეპიზოდი დაწერა. ციხეში ჯდომა და თუნდაც  გარდაცვალება მის პერსონას კიდევ უფრო მძლავრ ენერგიას მიანიჭებს, რომ დროს გაუძლოს.

ივანიშვილის პრემიერი № 6  ვეჭვობ, რომ ივანიშვილის მეხსიერებასაც შემორჩეს. ამიტომ, როგორც პასუხისმგებლობიანი მოქალაქე, იმ ხელისუფლების მიმართაც კი, ვისი შეცვლაც მსურს, მივმართავ ქართულ საზოგადოებას: შევთანხმდეთ რომ 1. ამ ქვეყნის მომავალი უფრო ძვირფასია, ვიდრე ჩვენი ტკივილები, სიბრაზე და ადამიანური ემოციები.  2. ამ  ქვეყანას სჭირდება დიდი ეროვნული თანხმობა იმიტომ, რომ გავუმკლავდეთ იმ დიდ  გეოპოლიტიკურ გამოწვევებს, რომლის წინაშეც ვდგავართ. 3 ყველა, ვინც წავა ეროვნული თანხმობის წინააღმდეგ, მოახდენს თვითლუსტრირებას და  აღიარებას, რომ  არ მოქმედებს ამ ქვეყნის ინტერესებით.   4 ეროვნული თანხმობა მოგვცემს შესაძლებლობას, განვთავისუფლდეთ იმ ტვირთისგან, რაც 30 წლის განმავლობაში მხოლოდ ჩვენი ადამიანური ეგოს დაკმაყოფილებისათვის ვავნეთ ქვეყანას. .  შეწყდეს სისხლის სამართლის საქმეები  ყველა ხელისუფლების ყველა  პოლიტიკურ დევნილზე და  ყველას მიეცეს საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შესაძლებლობა, გამონაკლისების გარეშე.  6, საზოგადოების მიერ ნდობით აღჭურვილი პირებისაგან (იურისტები, ისტორიკოსები, სოციოლოგები, ფილოსოფოსები) შედგეს ეროვნული ინტერესების დამდგენი კომისია, რომელიც შეაფასებს  საქართველოს დამოუკიდებლობის 30-წლიან  ისტორიას და მისცემს მას პოლიტიკურ შეფასებას სამართლებრივი პასუხისმგებლობის გარეშე. 7. ჩვენი დამოუკიდებელი სახელმწიფოებრივი ისტორიის ახალი ფურცლის დასაწყებად საუკეთესო შესაძლებლობაა მესამე პრეზიდენტის გათავისუფლება,  ვადამდელი  საპარლამენტო არჩევნები და კოალიციური მმართველობა, სანამ  მოვახერხებთ  სამართლებრივი სახელმწიფო ინსტიტუციების ფორმირებას. სხვა ყველა გზა არის ამ ქვეყნისათვის სახიფათო, „ოცნების “ ხელისუფლებისათვის კი  - დამღუპველი.

ნუ ენდობით იმ ხალხს, ბატონებო, რომელიც  არაფერზე აიღებ პასუხისმგებლობას, არც იმაზე,  საკუთარი შურისძიების გამო მძევლად რომ ჰყავხართ ახლა აყვანილები!

ლელა ჯეჯელავა, ანალიტიკოსი

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები