„მრცხვენია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ“ - ნანა ბუთხუზი გაბრაზებულია

სულ ნახვები : 921
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ეს არ არის საქართველო და თუ ესაა საქართველო, მაშინ მე მრცხვენია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ“, - აცხადებს CNews-თან საუბრისას მსახიობი ნანა ბუთხუზი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე საუბრისას.

- ქალბატონო ნანა, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნას უერთდებით?

- ვფიქრობ, რომ  მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო, მრავალფუნქციურ კლინიკაში გადაყვანა ამ ეტაპისთვის ყველაზე მთავარია.

პირდაპირ გეტყვით: ახლა ქვეყანაში სრული ჯოჯოხეთია და ასე გაგრძელება წარმოუდგენელია. ის პრობლემები, რაც ახლა ჩვენს ქვეყანაშია, ხელისუფლების პასუხისმგებლობის ქვეშაა. ვფიქრობ, ხელისუფლება, რომელსაც პრობლემის მოგვარება უნდა, საამისოდ ყველაფერს უნდა აკეთებდეს. ჩვენი ხელისუფალი კი პრობლემას ვერც აღიქვამს. პანდემიის შემდეგ მით უფრო განადგურდა ყველაფერი. იმის მართვაც კი ვერ მოახერხეს, რომ დღეში ამდენი ადამიანი არ იღუპებოდეს.

- შიმშილობა - პროტესტის ამ ფორმაზე რა აზრის ხართ?

- შიმშილობა ჩემთვის რამდენად მიუღებელი ან მისაღებია, ეს არაა მთავარი. პატივს ვცემ ყველა მოშიმშილეს და გამძლეობას ვუსურვებ ამ ბრძოლაში, ბრძოლაში, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, რომ ძალა ერთობაშია და შესაბამისად, ოპოზიცია მიხეილ სააკაშვილს ამ ქმედებით ნამდვილად ეხმარება. არ აქვს მნიშვნელობა ფორმას, ეს უკვე ადამიანის პერსონალური გადაწყვეტილებაა. უსამართლობას, ძალადობას, აგრესიას, ბოროტებას, სიყალბეს სხვა რით უნდა ვებრძოლოთ?

- ანუ, სხვა გზა არაა?

- არა და პრობლემაც სწორედ ამაშია. 2008 წლის ომის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა მსოფლიო ლიდერებს უხმო, ისინი ჩამოვიდნენ, ქვეყანას გვერდში დაუდგნენ და ერთობა შედგა. ეს მთავრობა კი რუსეთის გარდა არავის უხმობს და ამას ყველა ნორმალურად მოაზროვნე ადამიანი გაიგებს.  შესაბამისად, ცივილური ქვეყნის წარმომადგენელს ჩვენი ხელისუფლებიდან არავინ დაუძახებს. პირიქით, ხელგამოწვდილი ევროპა, რომელიც ჩვენს წინაშე დგას, კარს ცხვირ წინ უხურავენ. ყველაფერი ეს კი, საბოლოოდ, მოქალაქეებზე აისახება და ისინი დაუცველები არიან.

- პერმანენტული აქციები, რომელსაც ოპოზიცია მართავს, შედეგს მოიტანს?

- უპირველესად, პოლიტიკოსების  აქტიურობა მოქალაქეებისთვის უნდა იყოს მისაბაძი, რადგან ყველა  უსამართლობის წინააღმდეგ გავერთიანდეთ.  ხალხმა უნდა ვითხოვოთ დახმარება ცივილური სამყაროსგან. სხვა არაფერი არსებობს. სხვა რა უნდა ვქნათ? ხალხის ხმა არავის ესმის, არავის ვადარდებთ.  ჩვენზე ისევე ძალადობენ, როგორც  მიხეილ სააკაშვილზე.

მიხეილ სააკაშვილი, ამ შემთხვევაში, ჩემთვის ამ ქვეყნის ისტორიის ნაწილია. ის საქართველოს მესამე პრეზიდენტია და შესაბამისად, მის მიმართ მსგავსი დამოკიდებულება ჩემთვის ქვეყნის ღირსების შემლახველია. ვის ამცირებენ? ქვეყნის პრეზიდენტს? ეს მთელი ერის დამცირებაა. ჩემთვის მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლია და არა სამართლიანი  მართლმსაჯულების.  თუ მასთან ვინმეს რამე პრეტენზია აქვს, გვესმის , მაგრამ ყველაფერს აქვს თავისი ფორმა. გაასამართლონ დამოუკიდებელი, სამართლიანი სასამართლოს გზით და არა - პოლიტიკური ანგარიშსწორების.

- გგონიათ, რომ დღევანდელი პოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია?

-არ ვიცი. ახლა, მგონი, სამოთხეს ვითხოვ, რომელიც ჩვენს ქვეყანაში შეუძლებელი წარმოსადგენია. ჩვენ აღარ გვჯერა ამ ადამიანების. ხვალ რომ სულ ჭეშმარიტება თქვან და გააკეთონ, აღარ გვჯერა, რადგან არ ვენდობით. არჩევნები ახლახან დასრულდა და ისევ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში. გამარჯვებას ზეიმობენ, მაგრამ ხალხს მათი არ სჯერა. რა აქვთ საზეიმო?

- ამ უნდობლობას რა იწვევს?

- მათი ქმედებები. 2012 წელს მოვიდნენ ქვეყნის სათავეში და მას შემდეგ თუ რამე მნიშვნელოვანი ხდება, „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის ბრალია. რა გამოდის, რომ ამ 9 წლის განმავლობაში ისევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობის ქვეშ იყო ქვეყანა? როგორ შეიძლება, ყველაფერი მათი ბრალი იყოს?

„ნაციონალური მოძრაობა“  ოპოზიციაში გადავიდა და მიხეილ სააკაშვილი საერთოდ  წავიდა ქვეყნიდან. რა უნდოდათ, მომკვდარიყო?  სიცოცხლის უფლება  ყველას აქვს და ეს საკითხი სადაო რომ არის, ძალიან სამწუხაროა. ჩემი უნდობლობა ხელოვნურად არ გაჩენილა, ეს ხომ ლოგიკურია? როგორ ვენდო ადამიანებს, რომლებიც პრობლემის გაჩენას მთელი 9 წლის განმავლობაში ძველ ხელისუფალს აბრალებენ? „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობა თუ არ მოსწონდათ გასაგებია, მაგრამ ხომ დასრულდა?

- რეალურად, ალბათ, არ დასრულებულა...

- კი, ასეა.  იმიტომ წავიდნენ ისინი მმართველობიდან, რომ აღარ მოსწონდა ხალხს მათი მმართველობა და მოვიდნენ ხელისუფლებაში ისინი, ვინც ისევ ხალხმა აირჩია. მაინც „ნაციონალური მოძრაობის“ და მიხეილ სააკაშვილის პრობლემა როგორ არის ქვეყანაში არსებული ახლანდელი მდგომარეობა, არ მესმის.

- დაპირებები, რომლებიც „ქართულმა ოცნებამ“  ხელისუფლებაში მოსვლამდე გასცა, ნაწილობრივ მაინც ასრულდა?

- ნაწილობრივ კი არა, არაფერი ასრულებულა. ერთჯერადი დახმარებით ვერ იცხოვრებს ადამიანი. გარდა ამისა, არაფერი გაკეთებულა ჩემი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი. გაუფასურდა ლარი, გაიზარდა კრიმინალი და მოთმინებას გვთხოვენ. როდემდე?  დრო გადის... ევროპას ვერ გავაოცებთ, ეს გამორიცხულია.

მატერიალური კუთხით ამ ქვეყანაში ცხოვრება შეუძლებელია და ამ ვითარებაში ჩვენ ვუყურებთ მესამე პრეზიდენტის წამებას, რომელიც არის  პოლიტიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი. ნურავის გაუკვირდება, რომ მე, რიგითი მოქალაქე, მსახიობი, ნანა ბუთხუზი  გაბრაზებული ვარ. არ მინდა ასე გაგრძელდეს ცხოვრება, მინდა, დამთავრდეს სიყალბე. ჩემი ეს დამოკიდებულება არ ნიშნავს, რომ ვარ რადიკალი, ვინმეს მოწინააღმდეგე ან მოტრფიალე.

- „ნაც-ქოცობას“ გულისხმობთ?

- დიახ, სწორედ ამას ვგულისხმობ.

- ეს არის საქართველო?

- ეს არ არის საქართველო და თუ ესაა საქართველო, მაშინ მე მრცხვენია, რომ ამ ქვეყნის მოქალაქე ვარ.  ადამიანებს აშინებენ და ლანძღავენ, რომ ხმა აღარ ესმოდეთ.  ვფიქრობ, რომ ძალა ისევ ხალხსა და ერთობაშია.  ისევ ჩვენ უნდა ავიმაღლოთ ხმა, ჩვენი და ჩვენი შვილების უკეთესი მომავლისკენ. კურსს, რომელსაც ევროატლანტიკური კურსი ჰქვია, არ უნდა გადავუხვიოთ და უნდა ვიყოთ პრინციპულები. ჩემთვის მონობას სიკვდილი ჯობია და მე არ ვაპირებ მონობაში ცხოვრებას.

ავტორი: მარიამ ხინიკაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა