2003 წელს რუსეთში გატანილი სამუზეუმო ექსპონატები საქართველოში დაბრუნდა

სულ ნახვები : 500
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

......

კულტურის სამინისტროს ძალისხმევით 2003 წელს რუსეთში გატანილი სამუზეუმო ექსპონატები საქართველოში დაბრუნდა.

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე 2003 წელს რუსეთში საგამოფენოდ გატანილი ნამუშევრების საქართველოში დაბრუნების შესახებ გააკეთა განცხადება.

სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოდან 2003 წელს რუსეთის ფედერაციაში დროებით საექსპოზიციოდ გადაცემული ნახატები წლების განმავლობაში რუსეთის მეცნიერებათა და ხელოვნების აკადემიის საცავებში ინახებოდა.

თეა წულუკიანის ინიციატივით, დღეს, შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმს თავისი ექვსივე ექსპონატი დაუბრუნდა. სამუზეუმო ექსპონატების საქართველოში დასაბრუნებლად მოლაპარაკებები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის პირველი მოადგილის, კახა სიხარულიძის და რუსეთის ფედერაციაში შვეიცარიის კონფედერაციის საქართველოს ინტერესების სექციის ხელმძღვანელის, გიორგი ქაჯაიას აქტიური მონაწილეობით წარიმართა.

ექვსი ექსპონატი ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტის საფუძველზე შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმს უბრუნდება. ესენია: ბორის ფოგელი - ,,თელავი“ (1936 წ.); ევგენი ლანსერე - ,,ხევსურეთი“ (1926 წ.); ბორის ფოგელი - ,,სასულიერო სემინარია“ (1934 წ.); გრიგორი გაგარინი - ,,ქართველი ქალები“ (1854 წ.); ლევ ლაგორიო - ,,ანასტასია ორბელიანი-გაგარინას პორტრეტი“ (1850 წ.), კარლ ჟუკოვსკი - „ივანე ანდრონიკაშვილის პორტრეტი“ (1850 წ.).

თეა წულუკიანმა სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე კახა სიხარულიძესა და გიორგი ქაჯაიას თავდაუზოგავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. ასევე, პროექტის მხარდაჭერისთვის მინისტრმა მადლობა გადაუხადა ცნობილ ქართველ მოქანდაკეს, საქართველოს სახალხო მხატვარს ზურაბ წერეთელს. ბრიფინგს ესწრებოდა შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის, ეროვნული გალერეისა და სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმის დირექტორი, ნიკა ახალბედაშვილი.

შეგახსენებთ, რომ თეა წულუკიანის ინიციატივით, 2021 წლის აპრილში დაიწყო სხვადასხვა დროს (1999-2010 წლები) შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან და დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან გატანილი ექსპონატების შეგროვება და მუზეუმისთვის მათი დაბრუნება. მაგალითად, მიმდინარე წლის სექტემბერში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეას 2010 წელს ჩეხეთის რესპუბლიკაში გატანილი ოთხი ფერწერული ტილო დაუბრუნდა - ირაკლი სუთიძის ,,ნატურმორტი“, თენგიზ ცხონდიას ,,ქართლი“, ომარ კაჭკაჭიშვილის ,,ადრეული გაზაფხული“ და გურამ ნავროზაშვილის ,,აღორძინება“. მანამდე კი, მიმდინარე წლის მაისში შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმსა და ეროვნულ გალერეას დაუბრუნდა კულტურის სამინისტროში მოძიებული 12 ფერწერული ტილო (ელენე ახვლედიანი, „ფასანაური“; ელენე ახვლედიანი, „ძველი ქუთაისი“; ედმონდ კალანდაძე, „ძველი სასაფლაო - ბაზილიკა“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „ნატურმორტი“; გურამ (ხიტა) ქუთათელაძე, „პეიზაჟი“; ლევან ლაღიძე, „განდევნა“; სერგო ქობულაძე, „რუსთაველი“; სერგო ქობულაძე, „დანტე“; იდა ოცხელი, „ფოთოლცვენა“; რადიშ თორდია, „მოხუცი ქალი შემოდგომის ყვავილებით“; მიხეილ ხვიტია, „შემოდგომა“; თენგიზ ცხონდია, „ძველი თბილისის კუთხე“).

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა