„ოცნება“ დანის პირზე დადის და შეიძლება, ისეთი რამ მოხდეს, რომ სიტუაცია უმართავი გახდეს“ - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 490
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენ  ახლა სახელმწიფოში კი არ ვართ, ვართ კაზინოში, სადაც „რულეტკა“ ტრიალებს  ხელისუფალი „ვა-ბანკზეა“  გასული, სხვა დანარჩენი არ აინტერესებს,“ - აცხადებს CNews-თან საუბრისას ექსპერტი გია ხუხაშვილი:

- სიცოცხლით თამაში დაუშვებელია. აქ ახლა პოლიტიკა აღარ არის მთავარი, თუმცა რომც იყოს, ის ადამიანის სიცოცხლით არ თამაშობს, მას თავისი თამაშის წესები აქვს. დღეს ასეთი ვითარებაა: ხელისუფლების მთავარი ამოცანა მიხეილ სააკაშვილის მორალური და არა ფიზიკური დამცირებაა, რადგან იცის, რომ პოლიტიკოსისთვის მორალური ზიანის მიყენება სიკვდილის ტოლფასია. პოლიტიკური მკვლელობა - ასე დავარქვათ, ანუ ხელისუფლება ვერ იაზრებს რისკებს და ფაქტობრივად, სააკაშვილის სიცოცხლით თამაშობს. ჩვენ  ახლა სახელმწიფოში კი არ ვართ, ვართ კაზინოში, სადაც „რულეტკა“ ტრიალებს, ხელისუფალი „ვა ბანკზეა“  გასული, სხვა დანარჩენი არ აინტერესებს.

- თქვენი ვარაუდით, ხელისუფლებას მიღებული აქვს გადაწყვეტილება, რომ მიხეილ სააკაშვილი სხვა კლინიკაში გადაიყვანონ, მაგრამ ამის ეშინია და სურს, ყველაფერი საკუთარ გამარჯვებად „გაასაღოს“. ასე რატომ ფიქრობთ?

- ხელისუფლებას ნამდვილად არ უნდა სააკაშვილის სიკვდილი. იმიტომ არ გადაჰყავს, რომ ვერ მოძებნა ისეთი ფორმულა, რომელიც არ გაფორმდება მის მარცხად. ისინი მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მარცხად აღიქვამენ. ეს კი საკუთარი შინაგანი სისუსტის დემონსტრირების გამოვლინებაა და არ უნდათ, ამის აშკარა აპელირება.

- ანუ, „ოცნებაში“ სუსტები არიან?

- კი, შინაგანად ძალიან სუსტები არიან. „ქართულ ოცნებაში“ სპეცრაზმს ამოფარებული  ადამიანები არიან. რეალურად, ყოფილ პრეზიდენტთან ჩვეულებრივი დამოკიდებულება, როგორც მაგალითად, სხვა პატიმრებთან, მათი მხრიდან ძალისა და აღიარების გამოვლინებაც კი შეიძლებოდა გამხდარიყო, მაგრამ „ქართულ ოცნებაში“ ხომ ყველაფერი პირიქით ესმით?

ახლა ისინი ძიების პროცესში არიან. ჯერ ვერ იპოვეს ისეთი ფორმულა, რომელიც, მათი აზრით, დამარცხებულ ხელისუფალს არ წარმოაჩენს. სხედან და ფიქრობენ.

- ფიქრსა და ძიებაში დრო ხომ არ იკარგება, ბატონო გია?

- რა თქმა უნდა. დანის პირზე დადიან, მაგრამ რა გინდა, რომ ქნა? ნორმალური ადამიანს მათი ქმედებები გააკვირვებს.

- სიტუაცია სანამ ამდენად დამძიმდებოდა, სახალხო დამცველის მიერ შექმნილმა ექსპერტთა ჯგუფმა პრეზიდენტი მონახულება შეძლო. რატომ მისცეს ამის უფლება, როცა უცხოელი ევროპარლამენტარიც კი არ შეუშვეს?

- იმიტომ, რომ ეს მათთვის მაშველი რგოლი იყო. მაშინ რომ გადაეყვანათ, ახლა ყველაფერი ასე არ დამძიმდებოდა.

-  ექსპერტთა დასკვნა, რომელსაც „ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი  კობახიძემ „ფეიკი“ უწოდა, საფუძვლიანად მიგაჩნიათ?

- ირაკლი კობახიძე თავად არის „ფეიკი.“ ის არის მოგონილი პერსონაჟი ქართულ სინამდვილეში. აი, ვინ მართავს დღეს ჩვენს ქვეყანას.  წარმოიდგინეთ, მულტიპლიკაციური გმირი რომ მართავდეს მთელ სამყაროს, ეს ხომ კატასტროფაა? დაახლოებით, მსგავს სიტუაციაში ვართ.

- ბატონო გია, თქვენი აზრით, რამე გვეშველება?

- პროგნოზირება რთულია. ხელისუფლება ახლა აფექტის მდგომარეობაშია. არც ძალაუფლების დათმობა სურს და არც - ვინმეს ფიზიკური გარდაცვალება, მაგრამ ვერ ფიქრობს, ვერ აკეთებს, ვერ წყვეტს პრობლემას.

- რატომ?

- იმიტომ, რომ დათმობა სისუსტედ მიაჩნიათ და აქვთ განცდა, გადაყვანის შემთხვევაში, ყველაფერი თავზე ჩამოენგრევათ. ამიტომაა ამხელა აგრესია. აფექტის პროგნოზირება კი ძალიან რთულია. მაინც მგონია, რომ მათ უნდათ გადაყვანა, მაგრამ ჯერ ვერ მოიფიქრეს, ეს როგორ გააკეთონ.

- რეალურად, დიდი დრო გავიდა ...

- კი. ესეც თავად გააკეთეს.  კრიტიკულ  ფაზაში სანამ არ გადავიდნენ, არ მოისვენეს. ახლა უცებ შეიძლება, ისეთი რამე მოხდეს, რომ სიტუაცია საერთოდ უმართავი გახდეს.

- სიტუაციის უმართაობა და ყველაფერზე კონტროლის დაკარგვაც ხომ არაა „ოცნების“ სისუსტის გამოვლენა?

- რა თქმა უნდა. საერთოდ, ყველაფერი ავლენს სისუსტეს. ადამიანის მთავარი მოტივატორი შიშია და ესენი მშიშარები არიან, აბა, ვინ არიან? მშიშარა ადამიანი სუსტია და როცა გამოუვალ სიტუაციაშია, განსაკუთრებით სუსტად გრძნობს თავს.  როდის რას გააკეთებს, არავინ იცის. ის ახლა ცივი გონებით არ მოქმედებს. თავდაცვის რეჟიმშია ჩვენი ხელისუფლება და სხვაზე არავისზე ფიქრობს.

- ასე რისი ეშინია?

- ყველას და ყველაფრის. უპირველესად, ძალაუფლების დაკარგვის, ანუ ისინი ნებისმიერ დათმობას აღიქვამენ, როგორც ძალაუფლების დაკარგვის საფრთხეს, რადგან ძალაუფლება არის ერთადერთი ბერკეტი , რომელსაც ეფარებიან და  თუ დაკარგეს, ეს დასასრული ჰგონიათ.

- „ოცნებას“ ძალაუფლების შენარჩუნების გაცხოველებული სურვილი რატომ აქვს? ისე, ყველაფერს აქვს დასარული. მაგალითად, „ნაცმოძრაობის“ მმართველობაც დასრულდა...

- ამ ადამიანებს ოპოზიციაში ყოფნის და ნორმალური საქმიანობის გამოცდილება არ აქვთ. ვიღაცა ადგა, ბუჩქებიდან მოიყვანა და პირდაპირ პოლიტიკაში დასვა. ახლა ასეთი ადამიანი იმის გააზრებას, რომ რაღაც სრულდება, ან თუ არ სრულდება, ლოგიკური გაგრძელება აქვს, გაიაზრებს? მათ არც ერთხელ უბრძოლიათ იმიტომ, რომ პოლიტიკოსები არ არიან. სხვა შემთხვევაში, ასე არ მოიქცეოდნენ, რადგან ვიმეორებ, რომ პოლიტიკას თავისი თამაშის წესები აქვს.

ავტორი: მარიამ ხინიკაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა