რა ხდება „ოცნებაში“ - სკანდალური ინტერვიუ ელისო კილაძესთან მმართველი გუნდის კულუარებზე

სულ ნახვები : 40,551
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გაუშვებს თუ არა ივანიშვილი ღარიბაშვილს უკვე მესამედ, რატომ არ მიიჩნევს ივანიშვილი ქვეყნის პრემიერს არც მდივნად და რატომ სთავაზობს ხალხს მისთვის სახელის დარქმევას? - ამ კითხვებზე პასუხები არ არსებობს. სამაგიეროდ, გაზეთ „ქრონიკა+“-ის მთავარი რედაქტორი, ელისო კილაძე ამბობს, რომ ფრაზით - „მადლობა, ბატონ ბიძინა“ ცნობილი ღარიბაშვილი პრემიერის პოსტს მალე დატოვებს მის ადგილს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა დაიკავებს.

 

- ქალბატონო ელისო, ღარიბაშვილის აღდგომა ქართულ პოლიტიკაში ვერა და ვერ შენარჩუნდა. კადრები, რომელშიც „ოცნების“ დამფუძნებელი ღარიბაშვილზე საუბრობს, თქვენი ვერსიით, მედიაში ივანიშვილის სურვილის გარეშე ვერ მოხვდებოდა, ანუ ღარიბაშვილმა ივანიშვილის იმედი კიდევ ვერ გაამართლა?

- ჯერ ერთი, ივანიშვილისთვის პოლიტიკაში და, ზოგადად, მუდმივი პარტნიორები არ არსებობენ. მისთვის არსებობენ მხოლოდ მონები და ღარიბაშვილი ერთ-ერთი მათგანია. შესაბამისად, ამ ხნის განმავლობაში ბევრი შეცდომა დაუშვა.

- რა შეცდომები?

- არჩევნებზე სიძულვილის ენა, არაორგანიზებულობა და ძალიან ბევრი სხვა პრობლემა. მერე, სააკაშვილის ჩამოსვლის პერიოდი და ძალიან მძიმე განცხადებები, რაც პრემიერს და საერთოდ, პოლიტიკოსს არ ეკადრება. ბოლოს და ბოლოს, თქვა, თვითმკვლელობის უფლება კანონით აქვს მინიჭებული და შეუძლია, თავი მოიკლასო. ამასთან, ღარიბაშვილს ზიზღით სავსე დამოკიდებულება აქვს დასავლეთისადმი. შემაშფოთებელ განცხადებებს აკეთებს სასამართლოზე, რამაც ძალიან გააბრაზა ჩვენი დასავლელი პარტნიორები და შესაბამისად, ივანიშვილიც დისტანცირდა ღარიბაშვილისგან, რადგან არ უნდა, პრობლემებში იყოს. მას, ზოგადად, არ უყვარს, პოლიტიკური პრობლემები. ინტრიგები კი ასოცირდებოდეს მის სახელთან. ამიტომ, ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, ის ფრაგმენტი, რაც მოხვდა მედიაში მისი ჩვენებიდან, მოხვდა მისი ხელდასხმით და არა შემთხვევით. ასეთი მასალები შემთხვევით არ გამოდის ხოლმე.

- და ეს რატომ გააკეთა?

- ამით დაგვანახა საკუთარი დამოკიდებულება ღარიბაშვილისადმი. მან თქვა, რომ ის არაკომპეტენტურია, არ იცის ეკონომიკა, არ იცის ფინანსები, მდივანიც კი არ არის და რაც გინდათ, თქვენ დაარქვითო.

 

- როდის გაუშვებს ღარიბაშვილს?

- ახალ წლამდე იმიტომ, რომ იმდენად მძიმე პოლიტიკური ჩიხია ქვეყანაში, ღარიბაშვილთან დიალოგის რესურსი არ არსებობს. ყველაზე მთავარი ამბავი - სააკაშვილის გადაყვანა გორის სამხედრო ჰოსპიტალში, აქაც ღარიბაშვილის ფუნქცია იყო ნულოვანი,, მათ შორის, კობახიძისაც და ეკატერინე ტიკარაძეს გაახმოვანებინა ეს გადაწყვეტილება ისევე, როგორც ეკატერინე ტიკარაძე შეხვდა მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ჯანდაცვის სამინისტროში. ამით მან მკაფიოდ დაგვანახა, არავინ არაფერს წარმოადგენს, ვინც ამ ბრძოლის ნეგატივშია და ნამდვილად ნეგატივში იყვნენ. ასპარეზზე ტიკარაძის გამოყვანით ასპარეზზე - ჩავიდა გორის ჰოსპიტალში, ასევე, კონსილიუმის ექიმებს დაეთანხმა, შეხვდა გიული ალასანიას, ანუ ფაქტობრივად, გაანეიტრალა სიტუაცია, რა სიტუაციაც და ნეგატივი კობახიძემ და ღარიბაშვილმა შემოიტანეს სააკაშვილთან დაკავშირებით.

- ესე იგი, ღარიბაშვილი ივანიშვილმა მთლიანად უფუნქციოდ აქცია?

- დიახ, სრულიად უფუნქციოდ აქცია და დროის ამბავი, როდის და ვისი მეშვეობით ეტყვის, გადაყენებული ხარო. როგორც წესი, ივანაშვილი პირდაპირ არ ეუბნება ადამიანებს, რომ უნდა გადადგნენ, ჩვენ გვახსოვს მისი შეფასებები.

- რომელი შეფასება?

- ღარიბაშვილი მოდიოდა და კვირაში ერთხელ მეკითხებოდა, ბატონო ბიძინა, ხომ არ დადგა ჩემი გადადგომის დროო.  მაია ცქიტიშვილი აღარ არის - პირველ პრემიერობაზე მას დააბარა, რომ პრემიერი აღარ არის. მთელი დღის განმავლობაში ელოდებოდა ღარიბაშვილი, მაგრამ ივანაშვილთან კომუნიკაცია არ შედგა და საღამოს იძულებული გახდა, რომ ჩანაწერი ეჩვენებინათ ტელევიზიით, სადაც მადლობა ბატონ ბიძინას კი არა, საკუთარ მეუღლეს, ნუნუკას გადაუხადა. ახლაც ამოარჩევს რაიმე ფორმას, რომლითაც ღარიბაშვილი გაიგებს, რომ გადამდგარია. 

- ამის მიუხედავად, ღარიბაშვილს გეგმები აქვს. აი, მაგალითად, დღეს ონლაინკაზინოების აკრძალვა მოითხოვა...

- ონლაინკაზიონოების აკრძალვის ინიციატივა „ალტ-ინფოსთვის“ გაგორებული კოჭია და ისიც არ იცის პრემიერმა, რომ გადასახადების მომატება არ შეიძლება ამ ქვეყანაში. რაც შეეხება დემოკრატიის სამიტს, რა ესაქმება ღარიბაშვილს და ჩვენს ქვეყანას, ზოგადად, დემოკრატიის სამიტზე, სადაც დემოკრატიის ნასახი არ არსებობს ხელისუფლებაში და არსებობს მხოლოდ მედიაში?  ყველაფერი ეს არის ლირიკა იმიტომ, რომ წინა პრემიერობიდან გადადგომის ანატომიას თუ ჩავხედავთ, საახალწლო მისალოცი  ბარათებიც კი ჰქონდა დაბეჭდილი და სტამბიდან აღარც დაარიგეს. ამიტომ ეს სამთავრობო ცვლილებები გარდაუვალია.

- რა ინფორმაცია გაქვთ, ვინ ჩაანაცვლებს ღარიბაშვილს?

- ჩემი ინფორმაციით, კახა კუჭავას პრემიერ-მინისტრობის საკითხის განხილვა მიმდინარეობს. ის შედარებითი ნეიტრალურ ფიგურაა.

- კუჭავა მოსწონთ  „ქართულ ოცნებაში“ ?

- „ქართულ ოცნებაში“ არავის არავინ მოსწონს და ერთმანეთს  დასანახავად ვერ იტანენ. „ქართული ოცნება“ პირობითი ცნებაა იმიტომ, რომ ეს არის მორჩილ ადამიანთა კასტა, რომლებიც ექვემდებარება ბიძინა ივანიშვილის განკარგულებებს. ამიტომ მათ საკუთარი აზრი არც აქამდე ჰქონიათ და არც მომავალში ექნებათ, სანამ არიან ამ პოზიციებზე.

- ანუ, კუჭავას დანიშვნა შეიძლება, ივანიშვილისგან დასავლეთისკენ გადადგმულ ნაბიჯად ჩავთვალოთ?

- როგორც ვიცი, კონსულტაციები, მათ შორის, ამერიკელებსა და ევროპასთან აქტიურ ფაზაში შესული. ამ კონსულტაციების ერთ-ერთი პირობა პრემიერ ღარიბაშვილის გამოცვლა და ამ თანამდებობაზე ნეიტრალური, ტექნიკური პირის დანიშვნაა. საბოლოო ამოცანა კი მაინც რიგგარეშე არჩევნები და კოალიციური მმართველობაა იმიტომ, რომ ივანიშვილი არ არის არც კობახიძე და არც - მდინარაძე, მას ძალიან მკაფიოდ და კარგად ესმის, რომ ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოსავალი „ქართული ოცნების“ ერთპიროვნული მმართველობით, უბრალოდ, ვერ მოიძებნება. ის ეცდება, რომ კოალიციურ მთავრობაში გავლენები შეინარჩუნოს და დარჩეს ქართულ პოლიტიკურ დაფაზე, როგორც წამყვანი მოთამაშე.

ისე, არ მაქვს მოლოდინი, რომ კუჭავა რაიმე წინააღმდეგობას გაუწევს ივანიშვილის, უბრალოდ, ის შედარებით რაფინირებულია და სიძულვილის ენით საზოგადოებას არ დაელაპარაკება, დასავლელ პარტნიორებთან იქნება უფრო მეტ კომუნიკაციაში, ვიდრე ღარიბაშვილია. მოკლედ, იმის ილუზია, რომ კუჭავა ერთ დღეს გმირი გახდება და წინ აღუდგება ივანაშვილის გადაწყვეტილებებს, არ მაქვს.

ავტორი: ზუკა ნემსაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები