მამა-შვილ რიჟვაძეების სკანდალური ანატომია - გიორგი კირთაძე დეტალებს ასაჯაროებს

სულ ნახვები : 615
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„რიჟვაძეებმა უნდა დატოვოს თანამდებობა და მერე დაიწყოს ობიექტური გამოძიება,“ - განუცხადა Cnews-ს ენმ-ის წევრმა, გიორგი კირთაძემ.

შეგახსენებთ: დღეს, 24 ნოემბერს, ენმ-მ გაასაჯაროვა აუდიოჩანაწერები, რომელთა მიხედვითაც, დგინდება, რომ ბათუმის საკრებულოს დეპუტატს ხელისუფლების წარმომადგენლები სხვადასხვა ფორმით ემუქრებოდნენ. მუქარიდან რამდენიმე დღეში კი ნუგზარ ფუტკარაძე გულის შეტევით გარდაიცვალა. საქმეში ფიგურირებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა, დათო რიჟვაძეც. ამ თემაზე Cnews-ს გიორგი კირთაძე ესაუბრა.

- გიორგი, ენმ-ის გასაჯაროებული აუდიოჩანაწერით დგინდება, რომ ნუგზარ ფუტკარაძეზე ზეწოლას ასლან აბაშიძის დროინდელი სამი  ყოფილი ძალოვანი - ვაჟა თაბაქიძე, ბადრი ბაკურიძე და ზაზა დიასამიძე ახორციელებდა. შეგიძლიათ, გაიხსენოთ მათი წარსული საქმიანობა?

- დიახ, 2003-2004 წელს, „ვარდების რევოლუციისთანავე“, ვაჟა თაბაქიძე, ბადრი ბაკურიძე და ზაზა დიასამიძე, რომელიც ხელვაჩაურის მერი გახდა, აჭარიდან გაიქცნენ. ისინი აჭარაში მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდნენ, რაც ხელისუფლება შეიცვალა და ხელისუფლებაში ბიძინა ივანიშვილი მოვიდა. მანამდე მოსკოვში ცხოვრობდნენ.

- თორნიკე რიჟვაძემ  ბრიფინგის საპასუხო კომენტარი მალევე გააკეთა და ოპოზიციისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა...

- არა, კომენტარი მანამდე გააკეთა, სანამ აუდიოჩანაწერს გავასაჯაროებდით.

- ანუ, წინასწარ იცოდა, რას აპირებდით?

-კი, წინასწარვე თქვა, რომ მისი ოჯახის წევრები ამ ჩანაწერებში არ ფიგურირებენ და ეს ამბავი ცოტა უცნაურია. რიჟვაძეს აუცილებლად უნდა ეთქვა, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული.

- აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ მხოლოდ ბოდიში მოითხოვა და ისიც კი არ უთქვამს, რომ გამოძიება დროულად დაიწყება. ამას რით ხსნით?

- თორნიკე რიჟვაძემ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ის პირადად იყო ჩართული.

- რაში?

- სპეცოპერაციაში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებზე,  ჩვენი წევრი განეიტრალებას ცდილობდა მამამისი დავით რიჟვაძე. თორნიკე რიჟვაძეს გამორჩა და არ უხსენებია, რომ ეს იყო სისხლის სამართლის დანაშაული და ამაზე გამოძიება უნდა დაიწყოს. ის თვითგადარჩენის რეჟიმზეა გადასული. წარმოუდგენელია, რიჟვაძე მთავრობის თავმჯდომარის პოსტზე იყოს. მამამისმა, დათო რიჟვაძემ კი განაგრძოს ყველა ძალოვანი სტრუქტურის კონტროლი. ის მხოლოდ კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანი კი არაა, არამედ, რეალურად სუსსაც აკონტროლებს და პროკურატურასაც. ის სიტუაციის მთავარი დამლაგებელია. მხოლოდ იმისთვის, რომ თორნიკე რიჟვაძისთვის თანამდებობა შეენარჩუნებინა. ეს არ არის ცალკეული შემთხვევა, მანამდე იყო გახარიას პარტიის წევრის გადაყვანა. საკრებულოს სხვა წევრებზეც ასევე, მიმდინარეობს ზეწოლა. მინდა, ყველას კარგად ესმოდეს, რომ მარტივი არ არის, გამოხვიდე და ილაპარაკო ამ ყველაფერზე, ბატონმა ნუგზარმა გაბედა და განაცხად, ყოველთვის საქმის კურსში გვაყენებდა და უფრო მეტიც, ჩანაწერებსაც აკეთებდა.

- ისე, დათო რიჟვაძეს ოპოზიცია ბევრ სხვა გახმაურებულ საქმეში ადანაშაულებს, არა?

- რა თქმა უნდა, წულუკიძეების საქმე ყველას კარგად ახსოვს, ის პირადად შეხვდა მოჭიდავე ძმებს, ანთაძესაც და მათ პირადად სთხოვა, კონკრეტული პრივილეგიების სანაცვლოდ დახმარება ოპოზიციასთან ბრძოლაში. ვინმეს ხომ არ წარმოუდგენია, რომ ძმები წულუკიძეები, ანთაძეები ან სხვა მოჭიდავეები დებატებში აპირებდნენ ჩვენთან დასხდომას? ეს ბიჭები გამოვიდნენ და ისაუბრეს ღიად, გაასაჯაროვეს ფაქტები, გადარიცხვის დამადასტურებელი დოკუმენტები, რომელიც თორნიკე რიჟვაძემ სახელმწიფოს ბიუჯეტიდან გადაურიცხა. ყველაფერ ამის შემდეგ დავით რიჟვაძე ისევ მაღალჩინოსანია, თორნიკე რიჟვაძე კი - აჭარის მთავრობის თავმჯდომარე. წულუკიძეები და ანთაძე ციხეში ზის.

სხვათა შორის,  ეს ჩანაწერი 11 ნოემბერს გაკეთდა, თუმცა მანამდე გვითხრეს, რომ ეს დავით რიჟვაძის გაგზავნილი ხალხი იყო. სწორედ ამიტომ, 5 ნოემბერს, ბატონი ნუგზარის მონაწილეობით, ბრიფინგი ჩავატარეთ და მოვუწოდეთ თორნიკე და დავით რიჟვაძეებს, თავი დაენებებინათ ზეწოლისთვის. 

- გაქვთ იმედი, რომ კონკრეტულ ამბავს ობიექტურად გამოიძიებენ და ზეწოლაში მონაწილეები, ან შემკვეთები დაისჯებიან?

- არ მაქვს იმედი, რომ დავით რიჟვაძე საკუთარ დანაშაულს გამოიძიებს. ამიტომ, რიჟვაძეებმა უნდა დატოვონ თანამდებობები და მერე, უნდა დაიწყოს ობიექტური გამოძიება და ყველა დამნაშავე სამართლიანმა სასამართლომ გაასამართლოს. ერთადერთი ინსტიტუტი, რომლის იმედიც ამ ქვეყანაში გვაქვს, სახალხო დამცველის აპარატია, სწორედ ამიტომ ვთხოვეთ მას დახმარება.

ავტორი: ზუკა ნემსაძე

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა