საქართველოს ბანკი კალათბურთის ფედერაციის სპონსორი გახდა

სულ ნახვები : 15
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

25 ნოემბერს საქართველოს ბანკი და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია პარტნიორები გახდნენ. მხარეებს შორის ხელი ოთხწლიან ხელშეკრულებას მოეწერა. საქართველოს ბანკი ეროვნულ ფედერაციას, ასაკობრივ ნაკრებებსა და სპორტსმენებს განვითარებისთვის საჭირო რესურსებით უზრუნველყოფს. 

ბანკის ფინანსური მხარდაჭერით იგეგმება: საქართველოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრები გუნდების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მოსამზადებელი/სავარჯიშო ბაზების აშენება და ინფრასტრუქტურულად გამართვა; ფედერაციის ოფიციალური ტელევიზიის შექმნა; საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში მონაწილეობის მისაღებად (FIBA-ს ვერტიკალი)  საკალათბურთო კლუბის შექმნა;

კალათბურთის რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მიზნით, განხორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის დარბაზების განახლება და ინვენტარით აღჭურვა.

პარტნიორობის პერიოდში, 2022 წელს, ქვეყნის ისტორიაში პირველად, საქართველოში ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფის თამაშები გაიმართება, სადაც ესპანეთის, თურქეთის, რუსეთის, ბელგიის, ბულგარეთისა და საქართველოს ნაკრები ითამაშებენ.

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს კალათბურთის ეროვნულ ფედერაციასთან ვიწყებთ გრძელვადიან პარტნიორობას, რადგან კალათბურთი ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სპორტის სახეობაა, რასაც ევროპის ჩემპიონატზე ეროვნული ნაკრების ზედიზედ ხუთჯერ თამაში ადასტურებს. კალათბურთის წარმატებასა და პოპულარობაში დიდი წვლილი ეროვნულ ფედერაციას მიუძღვის, რომელმაც უდიდესი შრომა გასწია და ევროპის  მთავარი ღონისძიების, ევრობასკეტის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. ჩვენი თანამშრომლობის მიზანია, ხელი შევუწყოთ ახალგაზრდა სპორტსმენების განვითარებას, საჭირო რესურსებზე წვდომას, რაც გულისხმობს  მოსამზადებელი და სავარჯიშო სივრცეების მოწყობას და სხვა. გვინდა წვლილი შევიტანოთ ქვეყნის მასშტაბით კალათბურთისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაში. მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, საქართველოს ბანკი, აქტიურად დაუჭერს მხარს ფედერაციის ახალ პროექტებს, მათ შორის: საგანმანათლებლო პლატფორმების შექმნას როგორც მწვრთნელებისა და  მოთამაშეებისთვის, ასევე გულშემატკივრებისთვის.  ფედერაციის ბენეფიციარებისთვის (დამწყები მოთამაშეები, წარმატებული სპორტსმენები, ვეტერანი კალათბურთელები) კი, ფინანსური მხარდაჭერა განხორციელდება. ჩვენთვის დიდი პატივია ეროვნული ნაკრების  სპორტსმენების წახალისება, რომლებიც მჯერა, არაერთ ჯილდოს მოგვიტანენ. დარწმუნებული ვარ,  აღნიშნული პარტნიორობა არაერთ ახალგაზრდას მისცემს სტიმულს, არ გაჩერდეს და კიდევ უკეთ აითვისოს და გამოავლინოს საკუთარი პოტენციალი“, – განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

„ჩვენთვის უაღრესად  მნიშვნელოვანია ძლიერ კომპანიებთან თანამშრომლობა და მოხარულნი ვართ, რომ ისეთი დიდი საკალათბურთო ღონისძიების წინ, როგორიც ევრობასკეტია, ჩვენი მთავარი სპონსორი გახდა საქართველოს ბანკი. ჩვენ ერთად მოვემზადებით ამ დიდი დღესასწაულისთვის და დარწმუნებული ვარ, ერთად უამრავ წარმატებულ პროექტს განვახორციელებთ. ჩვენი ერთობლივი გეგმები არათუ ევრობასკეტს, არამედ ისეთ მნიშვნელოვან პროექტებს  მოიცავს, როგორიცაა რეგიონების გაძლიერება, კალათბურთის განვითარება მთელი ქვეყნის მასშტაბით, ახალგაზრდა პერსპექტიული მოთამაშეების,  ფედერაციის ყველა ბენეფიციარის  და სრულიად საკალათბურთო ოჯახის მხარდაჭერა. სასიხარულოა, რომ ამ ყველაფრის განხორციელებისთვის საჭირო რესურსები გაგვიჩნდა და საქართველოს ბანკთან და სხვა სპონსორ კომპანიებთან გრძელვადიანი თანამშრომლობის საფუძველზე, ჩვენ ჯამში 30 მილიონ ლარზე მეტის მოზიდვა შევძელით, შესაბამისად წინ დიდი გეგმები და არაერთი სასიამოვნო სიახლე გველოდება. მსურს მადლობა გადავუხადო პარტნიორობისთვის საქართველოს ბანკს და რა თქმა უნდა, მადლობა საქართველოს მთავრობასა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, რომელთა მხარდაჭერა, თანადგომა და ნაყოფიერი თანამშრომლობა ჩვენთვის ყოველთვის უმნიშვნელოვანესია“, – განაცხადა საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა, პაატა გურასპაულმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები