რატომ ჩადის ხვალ გიორგი გახარია ზუგდიდში

სულ ნახვები : 6,073
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია ხვალ, 31 მარტს ზუგდიდში ჩასვლას გეგმავს.

CNews-ის ინფორმაციით, გახარია საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ძეგლს ყვავილებით შეამკობს.

როგორც ინფორმირებულმა წყარო CNews-ს განუცხადა, გახარიას  31 მარტს - პრეზიდენტ გამსახურდიას დაბადებისა და დამოკიდებლობის აღდგენის შესახებ გამართული რეფერენდუმის დღეს - ზუგდიდში ჩასვლა მის სამომავლო პოლიტიკურ გეგმებს უკავშირდება.

„გახარია ზუგდიდში პოლიტიკური პარტიის შესახებ განცხადებას არ გააკეთებს, თუმცა ეს ვოიაჟი სწორედ მის სამომავლო პოლიტიკურ მიზნებს უკავშირდება. იგი სამეგრელოში განწყობებს სწავლობს. ადგილობრივ თვითმმართველობებსა და „ოცნების“ პარტიულ ორგანიზაციებში გახარიას ნავში გადასახტომად ცალკეული პირები მზად არიან და ხელსაყრელ მომენტს ელოდებიან. ამის ნათელი მაგალითი ძმები ფარულავები არიან. ერთმა ზუგდიდის მერის პირველი მოადგილის თანამდებობა დატოვა, მეორემ კი - ზუგდიდის პარტიული ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივნის პოსტი“, - განუცხადა წყარომ CNews-ს.

მისივე თქმით, მიუხედავად ამისა, სამეგრელოში გახარიას მიმართ დამოკიდებულება ერთმნიშვნელოვანი არ არის.

„სამეგრელოში განსაკუთრებით ნეგატიური განწყობა გამოიწვია ინფორმაციამ გახარიასთან გია ყარყარაშვილის ყოფნის შესახებ. ასევე, არა მხოლოდ სამეგრელოში, საკმაოდ ნეგატიური განწყობაა გახარიას მარჯვენა ხელის - ნათია მეზვრიშვილის მიმართ. ისიც ცნობილია, რაოდენ ცუდი დამოკიდებულებაა რეგიონში გახარიას პროტეჟეების - ირაკლი ჩიქოვანისა და ყოფილი გუბერნატორის, ალექსანდრე მოწერელიას მიმართაც. ყველამ კარგად იცის, რა ტერორით ჩატარდა სამეგრელოში 31 ოქტომბერს არჩევნები და ყველაფერ ამის უკან სწორედ გახარია იდგა“, - განუცხადა წყარომ  CNews-ს.

შეგახსენებთ, 22 მარტს, საქართველოს ყოფილმა პრემიერმა განაცხადა: „რაც შეეხება მომავალს, სხვადასხვა ჭორი დადიოდა, მაგრამ არსად წასვლას არ ვაპირებ, უფრო მეტიც, არც პოლიტიკიდან არ წავალ. რეალურად გეგმებს მივყვებით, ჩვენს დღის წესრიგს, რაც მოგვცემს საშუალებას, რომ უახლოეს პერიოდში ყველაფერი დეტალურად გაგიზიაროთ და მოგიყვეთ. ეს არის რისი თქმაც მინდოდა და მალე შევხვდებით.“

მოგვიანებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ გიორგი გახარია 31 მარტს, ზუგდიდში პარტიის შექმნის შესახებ გააკეთებდა განცხადებას. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა