ნიკა მელია - ივანიშვილმა ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის დაკავება ვერ გაბედა

სულ ნახვები : 125
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

“ივანიშვილს მათი დაკავების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომლითაც, ასევე  დასტურდება,  რომ სასამართლო პოლიტიზირებულია”, - ამის შესახებ Cnews-ს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ განუცხადა.

დღეს, 12 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლომ მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და ავთანდილ წერეთლის საქმეზე განაჩენი გამოაცხადა, რომლის მიხედვითაც წერეთლის საქმეზე ბრალდებები გადააკვალიფიცირა, თუმცა ბრალდებულებები ცნობილი იქნენ დამნაშავედ, ხანდაზმულობის გამო კი, საპატიმრო სასჯელისგან გათავისუფლდნენ.

რაზე მეტყველებს სასამართლოს გადაწყვეტილება და მიაღწია თუ არა აღნიშნულ საქმეზე საბოლოო მიზანს ბიძინა ივანიშვილმა.

ამ თემებზე Cnews „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელიას ესაუბრა:

- ბატონო ნიკა, რა გამოვლინდა სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილებით?

- არ მოვერიდები ამ სიტყვას, ივანიშვილს სურდა პოლიტიკურ პატიმართა სიას მიმატებოდა სამი პოლიტიკური პატიმარი, ამ შემთხვევაში ორი პოლიტიკოსი და ერთი მედია მფლობელი, - მან ეს უბრალოდ ვერ გაბედა. ჰქონდა მყარი მოლოდინი, რომ ბადრის, მამუკას და ბატონი ავთოს პატიმრობის შემთხვევაში ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან რეაქცია იქნებოდა ძალიან მწვავე. დაახლოებით ისეთივე მწვავე, როგორიც იყო შარშან, როდესაც მათ შტურმით აიღეს პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი. ამიტომ, ამ გადაწყვეტილებით თავიდან აირიდეს ეს თავის ტკივილი. თუმცა პრობლემა არსად წასულა, მთავარი პრობლემა ძალაშია, სასამართლო არის პოლიტიკურად მოტივირებული, ეს გადაწყვეტილებაც, რა თქმა უნდა, პოლიტიკურად ნაკარნახევი იყო. თქვენ მკითხველს, ან საერთოდ ვინმეს თუ ჰგონია, რომ ივანიშვილის პროკურატურამ სამი წლის განმავლობაში საქმე იმიტომ აწარმოვა, რომ ხანდაზმულობის გამო პატიმრობაში არ გაეშვა ბადრი და მამუკა, - რა თქმა უნდა, ასეთი ადამიანი ცდება. პროკურატურამ არ იცოდა, რომ ეს საქმე ხანდაზმული იყო?! - რა თქმა უნდა, იცოდა, უბრალოდ პოლიტიკური კონტექსტის გათვალისწინებით მათ მიიღეს ის გადაწყვეტილება, რომელიც მიიღეს და კვალიფიკაცია შეუცვალეს დანაშაულს. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მთავარ მიზანს ბიძინა ივანიშვილმა მაინც მიაღწია უკვე.

- რას გულისხმობთ მთავარ მიზანში?

- ეს არის ის, რა ზიანიც მიადგა არა პარტია „ლელოს“, არა პირადად მამუკას და ბადრის, არამედ შეწყდა გეოპოლიტიკურად მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი. ვგულისხმობ ანაკლიის პორტის მშენებლობას. სამწუხაროდ, ბევრს დაავიწყდა, რომ ეს საქმე სწორედ, ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდებოდა, აქედან დაიწყო ამ ადამიანების დევნა.

- თუ ამ ლოგიკას გავყვებით და ასე შევაფასებთ, რომ ივანიშვილმა მთავარ მიზანს მიაღწია, ასეთ შემთხვევაში არც სჭირდებოდა მათი დაპატიმრება.

- ასე ვერ ვიტყოდი. ამ შემთხვევაში ორი რამ არის აღსანიშნავი. პირველი, ივანიშვილმა მიზანს მიაღწია და ანაკლიის პორტის პროექტი შეწყვეტილია, რითაც სახელმწიფოს დამატებითი ფუნქციის შეძენის შესაძლებლობა ჩამოართვა, მეორე - ივანიშვილმა ვერ გაბედა დაკავება, ვინაიდან მოერიდა საერთაშორისო პარტნიორების რეაქციას. მე დანამდვილებით ვიცი, ბადრი ჯაფარიძისა და მამუკა ხაზარაძის პატიმრობის შემთხვევაში საერთაშორისო საზოგადოების რეაქცია უმწვავესი იქნებოდა, მათი მხრიდან კრიტიკის ზვავი წამოვიდოდა ხელისუფლების მიმართ. ივანიშვილს მათი დაკავების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ პოლიტიკური მიზანშეწონილობიდან გამომდინარე მათ მიიღეს ეს გადაწყვეტილება, რომლითაც, ასევე  დასტურდება,  რომ სასამართლო პოლიტიზირებულია.

- „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ამ გადაწყვეტილებით სასამართლოს დამოუკიდებლობა დადასტურდა, - რას უპასუხებდით მათ?

დღეს დილით, 11:00 საათზე, საქართველოს არც ერთი საღად მოაზროვნე, ღირსეულ მოქალაქე არ ელოდა მოსამართლისგან გადაწყვეტილების მიღებას. მთელი საზოგადოება ელოდებოდა გადაწყვეტილებას, რომელსაც ბიძინა ივანიშვილი მიიღებდა. თქვენ კითხვაზე პასუხი გასცა საზოგადოების იმ ნაწილმა, რომელიც არ უყურებდა ნდობით მოსამართლეს, რადგან საზოგადოების ამ წარმომადგენლებმა იცოდნენ, რომ გადაწყვეტილება იქნებოდა პოლიტიკურად მოტივირებული და ამ გადაწყვეტილებას მიიღებდა არა მანტიაში გამოწყობილი მოსამართლე, არამედ რეჟიმის მმართველი ბიძინა ივანიშვილი. ვფიქრობ, ასეთი ცხადი მოცემულობა ხშირად არ გვაქვს. თუკი რამეზე არსებობს კონსენსუსი საზოგადოებაში ეს არის სასამართლოსთან მიმართებით. სასამართლო არის თავიდან ბოლომდე მართული და პოლიტიზირებული. გადაწყვეტილებას იღებს რეჟიმის მმართველი ივანიშვილი და ამიტომ, მთავარი ბრძოლა გველოდება წინ, თუ პოლიტიკური მართლმსაჯულება არ იქნება აღმოფხვრილი, ეს ნიშნავს, რომ ღარიბი ადამიანი გაღატაკდება, ეკონომიკა შემცირდება, საინვესტიციო კლიმატი საერთოდ განადგურდება და ეს ქვეყანა იქნება ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანა ევროპის კონტინენტზე. იქ, სადაც პოლიტიკური მართლმსაჯულება ყვავის, კეთილდღეობა არა თუ იზრდება, არამედ მცირდება. ეს არის მთავარი, რაც საზოგადოების ყველა წარმომადგენელმა უნდა გაიგოს.

ავტორი: ნენე ინჯგია, Cnews

 

 

 

 

 

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები