მეუფე ზენონმა პრაქტიკულად აღიარა, რომ სუსის კრებსების გამო ბრიტანეთის ხელისუფლებისაგან თავშესაფარი მოითხოვა - დეკანოზი ილია ჭიღლაძე

სულ ნახვები : 2,652
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

13 იანვარს პეტრე კოლხმა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეუფე ზენონმა დიდ ბრიტანეთში თავშესაფარი მოითხოვა. მედიასთან საუბარში მეუფე ზენონი უარყოფს ინფორმაციას დევნილად ჩაბარების შესახებ, თუმცა ადასტურებს, რომ დიდ ბრიტანეთშია. ამბობს, რომ ახლო მომავალში საქართველოში არ დაბრუნდება.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე CNews-თან საუბარში ამბობს, ზენონ იარაჯულმა ირიბად დაადასტურა, რომ თავშესაფარი მოითხოვა. დეკანოზის აზრით, ზენონის გადაწყვეტილება სუსის კრებსებთან არის კავშირში. სუსიდან კრებსებმა გასული წლის სექტემბერში გამოჟონა. იქ უამრავ სასულიერო პირზეა სკანდალური და შოკისმომგვრელი ჩანაწერები, მათ შორის, მეუფე ზენონზეც.

“ნოდარ მელაძისთვის მიცემულ სატელეფონო ინტერვიუში მეუფე ზენონმა პრაქტიკულად ირიბად აღიარა ბრიტანეთის ხელისუფლებისაგან თავშესაფრის მოთხოვნა სუსის კრებსების გამო, ყველა ვისაც მოსმენილის გააზრება შეუძლია, ამ დასკვნას გამოიტანს. რამდენად ბოლომდე ისაუბრებს დეტალებზე, ეს მისი პირადი საქმეა და უფლება. ესაა მოცემულობა“, - აღნიშნავს დეკანოზი ილია ჭიღლაძე.

დეკანოზი ილია ჭიღლაძე მიიჩნევს, რომ ის უბედურება, რაც დღეს ქართულ ეკლესიაში ტრიალებს ილია მეორის 44-წლიან მმართველობასთან არის პირდაპირ კავშირში. დეკანოზის აზრით, აუცილებელია ახალი რუის-ურბნისის კრების მოწვევა და ეკლესიის გაწმენდა ქვაბ-ავაზაკთაგან.

“საქართველოს ეკლესიის დღევანდელი დიდი უბედურების, დაუსრულებელი სკანდალების და ანარქიის მიზეზი არის პატრიარქ ილია მეორის მიერ 44 წლის მანძილზე საეკლესიო კანონების სისტემატური დარღვევა და უგულებელყოფა, ეკლესიის მართვა ქრისტიანული ზნეობრივი პრინციპების დარღვევით, ამორალური და უკანონო ქმედებების მუდმივი მიჩუმათება და კულტივირება, რასაც ჯერ კიდევ 1982-1983 წლებში დაუპირისპირდა ბათუმ-შემოქმედელი მიტროპოლიტი შიო (ავალიშვილი), რის გამოც ილია მეორემ იგი მოიშორა და გააძევა საპატრიარქოდან. ხოლო ჭირმა თავის თავი მალა-მალა და ბოლოს ვეღარ დამალა, ვულკანივით ამოიფრქვა. ეს ყველაფერი არის ილია მეორის არასწორი, არაკანონიკური და ამორალური დიქტატორული მმართველობის და საბჭოური ბინძური მემკვიდრეობის არ მოშორების შედეგი. საჭიროა ახალი რუის-ურბნისი, ავაზაკთა ქვაბად ხელახლა ქცეული საქართველოს ეკლესიის გაწმენდა-გასუფთავება. არ გვყვავს დავით აღმაშენებელი, მაგრამ 21-ე საუკუნეში, ფეოდალიზმი და აბსოლუტური მონარქია წარსულ ჩაბარდა, ამიტომ ეს ერმა, შეგნებულმა საზოგადოებამ უნდა მოითხოვოს და განახორციელოს. სამწუხაროდ, ამჟამად ამას სახელმწიფოც ხელს უშლის, რომელიც მხოლოდ კომპრომატების და დანაშაულების შეგროვებითაა დაკავებული და არა მათი აღმოფხვრით და ბინძურ პოლიტიკურ ალიანსშია საპატრიარქოსთან, - ამბობს CNews-თან საუბარში დეკანოზი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები