ოთარ თოიძე: სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა ადეკვატურად უნდა მივიჩნიოთ

სულ ნახვები : 528
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ჩვენ ექიმები მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადამიანს, თუ ამ დახმარებაზე უარს გვეუბნებიან, - ეს რას უნდა ნიშნავდეს მოსახლეობამ გადაწყვიტოს. საზოგადოებამ შეაფასოს რას ნიშნავს, როცა არ გიშვებენ ადამიანთა, რომლის შველაც შეგიძლია“, - ამის შესახებ CNews-ს ცენტრ „ემპათიის“ ნევროლოგმა ოთარ თოიძემ განუცხადა.

_ ბატონო ოთარ, სახალხო დამცველმა დღეს, 19 იანვარს, სამედიცინო კონსილიუმთან ერთად საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მომზადებულ დასკვნა გაასაჯაროვა, - თქვენი შეფასებით, სამედიცინო თვალსაზრისით რამდენად ადეკვატურია აღნიშნული დასკვნა?

_ ძალიან კარგია, რომ შეიქმნა სახალხო დამცველის კომისია, რომელსაც მკურნალობის მონიტორინგი და დანიშნულების დანიშვნა ევალება. მეორე მხრივ, ძალიან ცუდია ის, რომ ეს ჯგუფი იშვიათად იქნა დაშვებული პაციენტთან და ისიც მხოლოდ კრიტიკულ მომენტში. რაც შეეხება დასკვნას, ის ადეკვატურად ასახავს დღევანდელ მდგომარეობას და საკმაოდ მკაცრია, თუმცა არც ისე მკაცრად ჟღერს, მაგრამ სამედიცინო თვალსაზრისით თუ შევხედავთ, - ეს მკაცრი დასკვნაა, სადაც ხაზგასმულია, რომ ამ ავტორიტეტული კომისიის რეკომენდაციები არ შესრულდა, რაც ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო დანიშნულება, მკურნალობის ტაქტიკა, რომელსაც სწორად მიიჩნევენ მაღალი კვალიფიკაციის ექიმები იქნა უგულებელყოფილი, ანუ პაციენტმა ვერ მიიღო ის დახმარება, რაც მას უნდა მიეღო. ეს დარღვევაა, როგორც სამედიცინო მკურნალობისა და ეთიკის, ასევე კანონმდებლობის. ასე, რომ სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნა უნდა მივიჩნიოთ ადეკვატურად, მაღალკვალიფიციურად. კონსილიუმის წევრებმა თქვეს, რა უნდა გავაკეთოთ თუ ეს რეკომენდაციები არ შესრულდაო. თუ არ შესრულდა ეს რეკომენდაციები, მაინც უნდა ნახონ პაციენტი და დადონ კიდევ ერთი დასკვნა, რომ მიუხედავად გაფრთხილებისა, მაინც არ სრულდება ის დანიშნულება, რომელსაც კონსილიუმი იძლევა. ერთმნიშვნელოვნად, დასკვნა არის მკაცრი, ობიექტური, პერსპექტივაზე გათვლილი. მინდა აღვნიშნო, რომ კონსილიუმებთან ასე მოქცევა არ შეიძლება, რადგან კონსილიუმი ეს არის პროფესიონალების, ეთიკური და ზნეობრივი ადამიანების კრებული, რომელთაც ანგარიში უნდა გაუწიოს სახელმწიფოს ნებისმიერმა მოხელემ.

 _ იმ ვითარებაში, როცა შესაბამისი უწყებები არ ითვალისწინებენ კონსილიუმის რეკომენდაციებს, რა საფრთხე ემუქრება მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობას?

_ როდესაც მედიცინას სწავლობენ, განიხილავენ ასეთ მაგალითს, რა მოხდება თუ სისხლდენის შემთხვევაში ლახტი არ დაადე სისხლდენის დროს, თუ ასე მოიქცევი ნახავ  როგორ იცლება სისხლისგან ადამიანი, - უხეში შედარებაა, მაგრამ ამ შემთხვევაში გამოსადეგია. თუ ადამიანს სჭირდება მკურნალობა, მარტივი მეთოდებიდან დაწყებული, რთულით დამთავრებული, უნდა შეძლო უზრუნველყო ამ მკურნალობის მიწოდება, რამდენადაც ეს შენს ქვეყანაში შესაძლებელია. თუ ეს ქვეყანაში შეუძლებელია მოიძიება სამედიცინო ცენტრები, სადაც ასეთი მკურნალობის ადეკვატურად წარმართვა შეიძლება. წინააღმდეგ შემთხვევაში, რეალურად, სისხლის სამართლის დანაშაულს ჩავდივართ.

_ თქვენ დღემდე არ გეძლევათ მიხეილ სააკაშვილის მონახულების საშუალება, - რაზე მეტყველებს ეს ფაქტი?

_ ჩემთვის რთული სათქმელია, - ეს რაზე მეტყველებს. ყოველ შემთხვევაში არ მეტყველებს იმაზე, რომ სახელმწიფოს ან იმ დაწესებულებას [პენიტენციურ სამსახურს] ჩვენდამი ნდობა და პაციენტისადმი სიმპათია და სურს, რომ  იგი გამოჯანმრთელდეს. ჩვენ ექიმები მოწოდებული ვართ იმისათვის, რომ დავეხმაროთ ადამიანს, თუ ამ დახმარებაზე უარს გვეუბნებიან, - ეს რას უნდა ნიშნავდეს მოსახლეობამ გადაწყვიტოს. საზოგადოებამ შეაფასოს რას ნიშნავს, როცა არ გიშვებენ ადამიანთა, რომლის შველაც შეგიძლია.

ავტორი: ნენე ინჯგია, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა