"ლელოს" ლიდერები უკრაინის ელჩს ხვალ შეხვდებიან

სულ ნახვები : 245
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საპარლამენტო ფრაქცია ,,ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ ლიდერები სალომე სამადაშვილი, გრიგოლ გეგელია და ბადრი ჯაფარიძე ხვალ,24 იანვარს, 13:00 საათზე უკრაინის ელჩს შეხვდებიან.

საუბრის მთავარი თემა მძიმე პოლიტიკური ვითარება და ომის მიჯნაზე მყოფი უკრაინისთვის იმის შეხსენება იქნება, რომ ქართველები მათ გვერდით არიან.

შეხვედრამდე ფრაქციამ უკრაინის ელჩს ოფიციალური ნოტა გაუგზავნა.

"საპარლამენტო ფრაქცია “ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის” სახელით, გვსურს ამ რთულ დროს დავაფიქსიროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინელი ხალხის მიმართ. ჩვენ პატივს ვცემთ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას თავის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში და მკაცრად ვგმობთ მის წინააღმდეგ წარსულში თუ აწმყოში განხორციელებული აგრესიის ყველა აქტს. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინელი ხალხის ისტორიულ ბრძოლას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიისათვის და თქვენს გეოპოლიტიკურ გადაწყვეტილებას მყარად დაიმკვიდროთ უკრაინის კუთვნილი ადგილი ერთიან და თავისუფალ ევროპაში. რუსეთი საფრთხის ქვეშ აყენებს არა მხოლოდ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, არამედ წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს, თვით სუვერენულობის იდეასა და საერთაშორისო სამართლის პრინციპებს. მათ შორისაა ყველა ერის სუვერენული უფლება, თავისუფლად აირჩიოს საერთაშორისო ალიანსები. მოახლებული საფრთხე არა მარტო უკრაინისკენ მოემართება, არამედ რუსეთის ფედერაციის სამეზობლოში მდებარე ყველა თავისუფალ სახელმწიფოსა და სრულიად აღმოსავლეთ ევროპას აყენებს რისკის ქვეშ. ვუყურებთ რა თავისუფლების მოყვარე უკრაინელი და ქართველი ხალხის გეოპოლიტიკურ დასჯას მათ მიერ ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე მიღწეული წარმატების გამო, ეს რთული დრო ჩვენგან ერთობასა და ხასიათის სიმტკიცეს მოითხოვს. თუმცა, სირთულეები მხოლოდ აძლიერებს ამ ისტორიულ გზაზე წარმარტების მიღწევის ჟინს.ბოლო ათწლეულების განმავლობაში, ჩვენი ერები ეწევიან საერთო ბრძოლას ეროვნული სუვერნულობისა და თავისუფლებისთვის. ჩვენ არ დაგვავიწყდება უკრაინელი ხალხის მიერ გამოხატული ურყევი მხარდაჭერა 2008 წელს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო აგრესიის დროს, ისევე როგორც 1990-იან წლებში აფხაზეთში მიმდინარე ომისას. ჩვენც მუდამ ვუჭერდით მხარს თქვენს სწრაფვას თავისუფლებისკენ და მომავალშიც ასე განვაგრძობთ. ჩვენ, „ლელოს“ ლიდერები, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ უკრაინასა და საქართველოს შორის ორმხრივი კავშირებისა და სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომ გაღრმავებას, როგორც პოლიტიკური, ასევე ეკონომიკური და სამხედრო მიმართულებებით. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს გაზრდილ ჩართულობას ასოცირებული ტრიოს არსებულ ფორმატში ევროკავშირთან, ისევე როგორც სხვა რელევანტურ ფორმატებში და მნიშვნელოვნად მივიჩნევთ, რომ ჩვენმა ორმა სახელმწიფომ გაიღოს საერთო ძალისხმევა შავი ზღვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად და საქართველოსა და უკრაინის ევროკავშირსა და NATO-ში ინტეგრაციის მისწრაფების გასაძლიერებლად. ბატონო პრეზიდენტო, ბატონო სპიკერო, გთხოვთ, მიიღეთ ჩვენი გულითადი კეთილი სურვილები უკრაინისა და მისი ხალხისადმი ამ ძნელბედობის ჟამს. საუკეთესო სურვილებით", - ნათქვამია ნოტაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა