„ხვდები ადამიანებს, რომლებიც ომიდან მოდიან და დენთის სუნი ასდით“ - პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მყოფი ქუთაისელი მოხალისე

სულ ნახვები : 726
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„მხოლოდ 4 საათი გვძინავს მორიგეობით  და ამას ყველა შეგუებულია“ - ეს სიტყვები პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე მყოფ ქუთაისელ მოხალისე ზალიკო კუხიანიძეს ეკუთვნის, რომელიც უკვე მეორე კვირაა უკრაინელი ხალხის დასახმარებლად პოლონეთში, იმ ასობით ადამიანთან ერთად ჩავიდა, რომლებიც უკრაინელი ხალხის ტკივილმა გააერთიანა.

რა მდგომარეობაა ამჟამად პოლონეთი-უკრაინის საზღვარზე? ამ და სხვა საინტერესო დეტალებზე, CNews-ს ექსკლუზიურად ესაუბრა, პოლონეთში მყოფი მოხალისე ზალიკო კუხიანიძე:

_ ამჟამად უკრაინა-პოლონეთის ერთ-ერთ გამშვებ პუნქტზე მობილიზებულია ჰუმანიტარული ჯგუფი, რომელიც ეხმარება უკრაინელ დევნილებს, რომ განაწილდნენ ევროპაში სხვადასხვა ქალაქებში და ასევე პოლონეთში, მათ ასევე ეხმარებიან ადგილზე სამსახურის მოძიებაში და თუ აქ ვერ ხდება მათი დაკმაყოფილება, ასეთ შემთხვევაში ნაწილებიან სხვა ქვეყნებსა თუ ქალაქებში, აქ მობილიზებულია მუდმივად პოლიცია, სამაშველო და სასწრაფო დახმარების ბრიგადები.

_ რამდენად დიდია უკრაინიდან მომავალი დევნილების ნაკადი და რას საჭიროებენ ისინი უპირველეს ყოვლისა?

_ მე პირადად აქ 14 მარტიდან ვიმყოფები, ახლა უკვე იკლებს დევნილების რიცხვი, თუ აქამდე დღეში 300 უკრაინელი დევნილი შემოდიოდა, ახლა შემოდის დაახლოებით 250, ზუსტი ციფრის დასახელება გამიჭირდება. შესამჩნევად მოიკლო ნაკადმა თუმცა ის არ წყდება. მათთვის ძირითად საჭიროებას თავშესაფარი წარმოადგენს, აქ ძირითადად მოდიან ქალები და ბავშვები და ითხოვენ თავშესაფარს. სჭირდებათ ჰუმანიტარული დახმარება ასევე, რომელიც ტანისამოსით ან საკვებით გამოიხატება.

_ რამდენი მოხალისე მუშაობთ და რა არის თქვენი ძირითადი მოვალეობები?

_ აქ მოსულ უკრაინელებს მოხალისეები ვეხმარებით ბარგის გადატანაში, რომელიც მათ გააჩნიათ, ზოგს ძალიან ბევრი ბარგი აქვს, რადგანაც იცით, რომ ტოვებენ თავიანთ სახლებს, ასევე მათ სჭირდებათ დახმარება ენობრივი ბარიერის დაძლევის მხრივ და მე პირადად მათ ვეხმარები თარგმანში, რუსულიდან ინგლისურზე ან პირ იქით. ვეხმარებით ასევე ბილეთების მოძებნასა და ადგილზე დაბინავებაში, აქ ყველა ქვეყნიდან არიან ჩამოსული მოხალისეები და ცდილობენ, თავიანთ ქვეყნებში გადაანაწილონ ისინი საჭიროების შემთხვევაში.  

აქ დღის მანძილზე დაახლოებით 100 ადამიანი მუშაობს 24 საათის განმავლობაში და ცდილობენ მაქსიმუმი გააკეთონ უკრაინელი ხალხის დასახმარებლად.

_ როგორ აფასებ პოლონეთიდან იმ პროცესებს რაც აქ, საქართველოში ხდება?

_ მე ქუთაისშიაც აღვნიშნე სანამ წამოვიდოდი და ახლაც ვიტყვი რომ, ადამიანები უნდა დაეხმარონ განურჩევლად სქესის ერის და სიტუაციისა, როდესაც მათ ეს სჭირდებათ. უკრაინა დღეს არის მართალი და სიმართლეს უნდა დავუდგეთ გვერდით ყველა, უკრაინამ შეძლოს, რაც ვერ შეძლო ვერავინ და წინ აღუდგა ბოროტ ძალას, ასეთია ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ და ეს ორმაგად მძაფრდება, როდესაც ვიზარებ იმას, რომ ჩემი ძმა უშუალოდ უკრაინაში ცხოვრობს, კერძოდ კი ოდესაში, ჰყავს უკრაინელი მეუღლე. მე ვალდებულად ვთვლი, რომ დავეხმარო არა მხოლოდ ჩემს ძმასა არამედ ყველა უკრაინელს. საქართველოში მიმდინარე მოვლენების შეფასება, იმ ინფორმაციის რასაც სოციალური ქსელიდან ვიგებ, ძალიან მარტივია. ხდება სრული კატასტროფა, განსაკუთრებით საგარეო ურთიერთობებში, რადგანაც მან მიიღო ეგრეთწოდებული რუსი დევნილები, რომლებიც უცნობია საერთოდ რას ან ვის გამოექცნენ, იმის მაგივრად რომ უკრაინელ დევნილებს იღებდნენ და ორგანიზებულად ხვდებოდნენ აი ამ ფაქტს. საქართველოში რაც ხდება ეს არის მიმავალი ფსკერისკენ და დასასრულისკენ და მჯერა, რომ საქართველოსი ახალი ერა დაიწყება უკრაინის გამარჯვებასთან ერთად.

_ როგორ რეჟიმში გიხდებათ მუშაობა?

მხოლოდ 4 საათი გვძინავს მორიგეობით  და ამას ყველა შეგუებულია, რეჟიმი არის ძალიან მძიმე, რადგანაც ხვდები ადამიანებს, როლებიც ომიდან მოდიან და დენთის სუნი ასდით, ურთულესია მათი ისტორიების მოსმენა, მაგრამ მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც მოუსმენენ, თუმცა ეს ორმაგად უფრო გაძლიერებს. როდესაც გრძნობ რომ დაღლა შემოგაწვა, ყოველი ახალი ნაკადის შემოსვლა ამ დროს და უკრაინელი ადამიანების მიერ გადახდილი თითოეული მადლობა, გმატებს ახალ ძალას და ახალ ენერგიას. უბრალოდ საკუთარ თავს მარტივად ვეუბნები, რომ რა გაძინებს როდესაც ომგამოვლილი ადამიანები მოდიან მატარებლებით და შენ მათ ჭირდები. ძალიან ძლიერი ადამიანები არიან და აქ მყოფი უკრაინელი ქალები აცხადებენ, რომ ერთ თვეს ვაცდით ჩვენს ქმრებს და თუ ისინი დაიხოცებიან, შემდეგ ჩვენ ჩავალთ და ავიღებთ იარაღს ხელშიო.

_ როდის ბრუნდები სამშობლოში?

_ სამშობლოში დაბრუნებას, რა თქმა უნდა ვაპირებ, თუმცა მას შემდეგ როდესაც ეს ყველაფერი მორჩება, მანამდე მიმაჩნია, რომ მე აქ ვარ საჭირო, რათა უკრაინელ ადამიანებს დავეხმარო, აი ფეხებიდან რომ სისხლი წამოგივა, მერე შევწყვიტავ და დავბრუნდები. ვფიქრობ, რომ ორ თვეში ყველაფერი დასრულებული იქნება და მაისის ბოლოს დავბრუნდები საქართველოში და იმ უკრაინელების ემოციებს გადავცემ თითოეულ ქუთაისელს, რომლებიც ვიდექით აქციაზე.

ავტორი: გიგა გელხვიიძე, CNews

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

C│News - ექსკლუზივი ► Მეტის ნახვა
ინტერვიუ ► Მეტის ნახვა