ერდოღანი ზელენსკის შეხვდა, მხადაჭერა გამოუცხადა და უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭება მოითხოვა

სულ ნახვები : 10,388
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

....

 თურქეთი უკრაინის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მყარ მხარდაჭერას უცხადებს და NATO-ში მის გაწევრიანებას ითხოვს. ეს ის მთავარი მესიჯებია, რომლებიც სტამბოლში თურქეთისა და უკრაინის პრეზიდენტების შეხვედრის შემდეგ გაჟღერდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა სამ საათს გაგრძელდა. მხარეებმა აღმოსავლეთ უკრაინაში შექმნილი ვითარება, ყირიმის, შავი ზღვის უსაფრთხოებისა და ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ღიად განაცხადა, რომ თურქეთი ყირიმის უკანონო ანექსიას არასდროს აღიარებს. მან ხაზი გაუსვა მინსკის შეთანხმების შესრულებისა და დონბასში ვითარების დეესკალაციის მნიშვნელობას.

„გვჯერა, რომ არსებული კრიზისის მოგვარება დიპლომატიური გზით არის შესაძლებელი. გვსურს, რაც შეიძლება მალე განიმუხტოს სიტუაცია და მინსკის შეთანხმების ფარგლებში ისევ მშვიდობა დამყარდეს. მზად ვართ ამ პროცესს ხელი შევუწყოთ. ასევე მხარს ვუჭერთ ეუთოს მისიის გააქტიურებას, რომელშიც თურქი დიპლომატებიც არიან ჩართულნი. ჩვენ გვსურს შავი ზღვა მშვიდობის ზღვად შევინარჩუნოთ, გვსურს მშვიდობა და სტაბილურობა და არ გვსურს რეგიონში დაძაბულობის ზრდა,“- აღნიშნა ერდოღანმა.

თურქეთის ლიდერმა ღია მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის მიერ შემუშავებულ საერთაშორისო ფორმატს, „ყირიმულ პლატფორმასაც,“ რომელიც ყირიმის ნახევარკუნძულის დაბრუნებას  ისახავს მიზნად და იმედი გამოთქვა, რომ პლატფორმის ფარგლებში განსაკუთრებული ყურადღება ყირიმელი თათრების პრობლემებს დაეთმობა. „ყირიმული პლატფორმის“ სამიტი 23 აგვისტოსთვის არის დაგეგმილი და მასში მონაწილეობის მისაღებად უკრაინას თურქეთი, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, კანადა, აშშ-ი და სხვა პარტნიორი ქვეყნები ჰყავს მიწვეული. 

თავის მხრივ, ვოლოდიმერ ზელენსკიმ აღნიშნა, რომ მისი და ერდოღანის ხედვები შავი ზღვის რეგიონში არსებულ საფრთხეებსა და მათზე რეაგირების მექანიზმებზე ერთმანეთს ემთხვევა. უკრაინის ლიდერმა თურქ კოლეგას „ყირიმული პლატფორმის“ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„ეს იქნება ძლიერი სიგნალი იმისა, რომ უკრაინასა და პარტნიორ ქვეყნებს საერთო ხედვა აქვთ ნახევარკუნძულის დეოკუპაციასა და ყირიმის მცხოვრებლების უფლებების დაცვის საკითხზე,“-აღნიშნა ზელენსკიმ.

 

რეჯეფ თაიფ ერდოღანს არც ის დაუმალავს, რომ უკრაინელ კოლეგასთან სამხედრო თანამშრომლობის საკითხიც განიხილა.

„ჩვენ დავიწყეთ მუშაობა 2+2 ფორმატით, რაც გულისხმობს საგარეო და თავდაცვის მინისტრების მუდმივ კონტაქტს. ეს ხელს შეუწყობს ჩვენს ქვეყნებს შორის კოორდინაციის გაღრმავებას,“-განაცხადა თურქეთის ლიდერმა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა ერთობლივი დეკლარაცია გამოაქვეყნეს, სადაც უკრაინის NATO-ში გაწევრიანებაა მხარდაჭერილი.

„მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის NATO-ში გაწევრიანების სამოქმედო გეგმის მინიჭებას უახლოეს ხანებში, ასევე,  რეგიონალური თანამშრომლობის გაღრმავებას შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად,“-ნათქვამია დეკლარაციაში.

მხარეები ეკონომიკის, ვაჭრობისა და ტურიზმის სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავებაზეც შეთანხმდნენ.

უკრაინის პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთში რეგიონში გამწვავებული ვითარების ფონზე შედგა. სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან სამხედრო სწავლების საბაბით ცოცხალი ძალისა და ტექნიკის  მობილიზება დაიწყო. მარტის ბოლოდან დონბასში ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ყოველდღიურად ირღვევა, რის შედეგადაც უკრაინელი სამხედროები იღუპებიან.

მოსკოვმა იმთავითვე განმარტა, რომ რუსეთის არმიას საკუთარ ტერიტორიაზე გადაადგილების უფლება აქვს, რაც სხვა ქვეყნებს არ უნდა აშფოთებდეს. რუსეთს უკრაინის საზღვრებთან სამხედრო ძალის მობილიზების შესახებ განმარტებები „ეუთომ“ მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო. „ეუთოს“ საგანგებო სხდომას, სადაც ორგანიზაციის წევრები რუსეთისგან განმარტებებს ელოდნენ, რუსული დელეგაცია საერთოდ არ დასწრებია.

მწვავე ვითარების ფონზე უკრაინას სრულ მხარდაჭერას უცხადებენ პარტნიორი ქვეყნები. განსაკუთრებული აქტიურობით შეერთებული შტატები გამოირჩევა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტნა ჯოზეფ ბაიდენტან სატელეფონო საუბრის შემდეგ ღიად განაცხადა, რომ ვაშინგტონი კიევს რუსეთის აგრესიის წინაშე მარტო არ დატოვებს.

ცნობილი გახდა ისიც, რომ 14-15 აპრილს შავ ზღვაში ბოსფორის სრუტით ორი ამერიკული სამხედრო ხომალდი შემოვა, რაც პენტაგონის წყაროს ცნობით, კრემლისთვის გაგზავნილი მკაცრი სიგნალი იქნება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა