ხუხაშვილი „ოცნებაზე“: გადმორთეს უკრაინულ არხებზე და გაარკვიეს, რომ კოვიდისთვის საუკეთესო წამალი უკრაინაში ვიზიტი ყოფილა

სულ ნახვები : 554
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, 13 აპრილს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრება, - ამის შესახებ პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ „უკრაინის და უკრაინელი ხალხის მხარდაჭერა ჩვენი ადამიანური და ისტორიული ვალია, და ჩვენ ამ ვალს შევასრულებთ.

რაზე მეტყველებს პაპუაშვილის შეცვლილი პოზიცია, როგორ აისახება უკრაინაში ვიზიტი საქართველო-უკრაინის ურთიერთობებზე და რაზე მიანიშნებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში საქართველოსთან დაკავშირებით:

ამ თემაზე, CNews პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს ესაუბრა:

_ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, კომუნიკაცია ჰქონდა უკრაინელ კოლეგასთან და დაადასტურა უკრაინაში ვიზიტისთვის მზაობა, - რით აიხსნება პაპუაშვილის შეცვლილი პოზიცია?

_ ეტყობა რუსულ არხებს უყურებდნენ ადრე და ეგონათ, რომ რუსეთი იგებდა, ახლა გადმორთეს უკრაინულ არხებზე და გაარკვიეს, რომ კოვიდისთვის საუკეთესო წამალი უკრაინაში ვიზიტი ყოფილა და დაიწყეს გადათამაშება, როგორც ახასიათებს ხოლმე. პოზიციის ცვლილება აიხსნება, მათი [ქართული ოცნების] უპრინციპობით და იმით, რომ ძალიან დაბნეულები არიან, ვეღარ გაიგეს ვინ იგებს ომს და რომელი დროშა ააფრიალონ. ყოყმანობენ, ხან იქეთ, ხან - აქეთ. გარდა ამისა, უნდა გვესმოდეს, რომ პაპუაშვილის გადაადგილებაზე გადაწყვეტილებას პაპუაშვილი არ იღებს, ვიღაც სხვა იღებს ამ გადაწყვეტილებას. იმასაც ეცვლება თავისი წარმოდგენები. ეტყვის, რომ არ წახვიდეო, შემდეგ შეეცვლება ხასიათი და ეტყვის წადიო. შეიძლება, კიდევ აუკრძალოს წასვლა.

_ მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ამ ვიზიტს ბევრი გაუგებრობის გამოსწორება შეუძლია, - რა პერსპექტივა აქვს ამ თვალსაზრისით უკრაინაში ვიზიტს?

_ როდესაც შენ ვიზიტის წინაპირობებს აყენებ, ეს არა მხოლოდ მორალური თვალსაზრისით იყო სამარცხვინო, არამედ წმინდა პოლიტიკური პრაქტიკის თვალსაზრისითაც სიბრიყვე იყო, იმიტომ, რომ თუ შენ ვინმესთან რაღაცები გაქვს გასარკვევი ყოველთვის სჯობს პირისპირ ესაუბრო. წინაპირობები კი არ უნდა წაუყენო, თუ მითუმეტეს თვლი, რომ პარტნიორები ხართ, თქვენ შორის ინტერესთა თანხვედრაა და გაუგებრობები წარმოიშვა, ამ გაუგებრობების გადალახვა შესაძლებელია მხოლოდ პირისპირ საუბრებით და არა წინაპირობების წაყენებით და გაბუტვით. შესაბამისად, ეს ვიზიტი, თუნდაც ამ გაუგებრობების გადალახვისთვის იყო განკუთვნილი და პირიქით, როდესაც მიწვევა მიიღო [პაპუაშვილმა], მაშინვე უნდა წასულიყო იმისათვის, რომ თუ რამე ისე არ არის, პირად საუბარში გარკვეულიყო, მაგრამ როდესაც, აქ დაიწყეს წინაპირობების წაყენება, ეს როგორც მორალური თვალსაზრისით იყო სამარცხვინო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით იყო სიბრიყვე, ეს კარგ შემთხვევაში და ცუდ შემთხვევაში ურთიერთობის საბოტირება. მე მაინც ეჭვი მეპარება, რომ ამ ვიზიტის შემდეგ ეს გაუგებრობები ბოლომდე გადაილახოს, იმიტომ, რომ ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკა უკრაინაში მიმდინარე ომთან დაკავშირებით, ძალიან წააგავს ორმაგ თამაშს, ეს ვიზიტიც ძალიან ჰგავს იძულებით ვიზიტს. არა ნებაყოფლობითს და რეალურად, თანადგომის მიზნით, არამედ იძულებული გახდაა, რომ წასულიყო. კაცმა [პაპუაშვილმა] ხან კოვიდი მაქვსო გამოაცხადა, ხან გაბუტული ვარო, ხან - ლიფტში გავიჭედეო, მაგრამ გარემოებებმა აიძულა, რომ წავიდეს. შესაბამისად, ოპტიმიზმის საფუძველი ჯერ არ არის, თუმცა სწორი ნაბიჯია და მისასალმებელია.

_ გუშინ გამოქვეყნდა, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში, რაზე მეტყველებს და როგორ აისახება ქვეყნის შიგა პოლიტიკაზე აღნიშნული ანგარიში?

_ ეს დასკვნა არ არის სიახლე ჩვენი სინამდვილისთვის. ეს მიუთითებს იმაზე, რომ არაფერი არ იცვლება, ისევ ხდება ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენება, როგორც საარჩევნო პერიოდში, ასევე ზოგადად. გარდა ამისა, პოლიტიზებული მართლმსაჯულება და ა.შ, რაც საბოლოო ჯამში, სისტემურად აზიანებს ადამიანის უფლებების თემას ქვეყანაში. სამწუხაროდ, ეს არ არის სიახლე და პრინციპში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დასკვნა, რომ არ იყოს, - ამას ჩვენ ყოველდღიურობაშიც ვხედავთ. ბუნებრივია, ეს მდგომარეობა, რაც აღწერილია, აფერხებს არა მხოლოდ ჩვენ ინტეგრაციას დასავლურ სისტემებში, არამედ ზოგადად ქვეყნის განვითარებას, რაც მნიშვნელოვანია. ეს დასკვნა, რა თქმა უნდა, ძალიან კრიტიკულია და ფაქტობრივად, ნათქვამია, რომ ამ ქვეყანაში ამ მხრივ გაუმჯობესებას ადგილი არ აქვს.

ავტორი: ნენე ინჯგია, CNews

 

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები