რა გზა უნდა გაიაროს საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად - როგორ ხდება კითხვარის შევსება?

სულ ნახვები : 1,398
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევროკავშირისგან საქართველოსთვის გადაცემული კითხვარის პირველი ნაწილი მთავრობამ 15 აპრილს გაასაჯაროვა. მთავრობის ინფორმაციით, ევროკავშირისგან კითხვარის მეორე ნაწილს მოგვიანებით მიიღებენ, რაც ასევე საჯაროდ იქნება ხელმისაწვდომი.

კითხვარის შევსება ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესში ერთ-ერთ მნიშვნელოვანი ეტაპია. გასაჯაროებული დოკუმენტი 369 კითხვისგან შედგება.

ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით, როგორ ხდება კითხვარის შევსება, ვისზე პასუხისმგებლობა და არის თუ არა კონკრეტული ვადები გაწერილი.

ამ თემაზე, CNews ექსპერტ ლევან ალაფიშვილს ესაუბრა:

_ ბატონო ლევან, როგორ ხდება ევროკავშირში გაწევრიანების კითხვარის შევსება?

_ ერთი შეხედვით შეიძლება, ძალიან მარტივი მოგვეჩვენოს ამ 369 კითხვაზე პასუხის გაცემა, თუმცა ასე ადვილი არ არის. იქ არის დასმული კითხვები, რომელიც დაკავშირებულია ინსტიტუციურ და დემოკრატიის საკითხებთან და რომლებიც საქართველოს ჯერ კიდევ ნაკისრი აქვს ასოცირების შეთანხმებით. ოღონდ, კითხვას პასუხის მიღმა მას სჭირდება დასაბუთება, წყაროსა და პრაქტიკაზე მითითება. ასე, რომ საკმაოდ შრომატევადი და საპასუხისმგებლო პროცესია. ფორმალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით თუ განვიხილავთ, როგორც წესი, ამ კითხვებზე პასუხების მომზადებაზე პასუხისმგებელი, რა თქმა უნდა, მთავრობაა, თუმცა თუ გავითვალისწინებთ, რომ ასოცირება არის არა რომელიმე ერთი ინსტიტუტის, არამედ სახელმწიფოს, მთლიანად საზოგადოების პასუხისმგებლობა. ამ შემთხვევაში ფართო ჩართულობა, ყველა გონიერი და პასუხისმგებლობიანი მთავრობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დამხმარე იქნება. ამით ერთი მხრივ, გაუნაწილებს პასუხისმგებლობას სხვა აქტორებს, სახელმწიფო, არასახელმწიფო თუ პოლიტიკურ აქტორებს და ამავე, დროს გამოირიცხება სუბიექტური პასუხები, განმარტებები და თუნდაც, შეცდომები. ამასთანავე, მნიშვნელოვანი იქნება ასე წარმართული პროცესი თვითონ შემფასებლისთვის. თუკი, ევროკავშირს დავანახებთ, რომ პროცესი ასეთი ჩართულობით წარიმართა, მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას შეეძლო ჩაკეტილიყო და საერთოდ არავისთვის არაფერი არ ეკითხა, ამ პროცესსაც ყურადღებას მიაქცევენ ევროპელები. მითუმეტეს, თუ გავითვალისწინებთ, რომ 2019 წლის შემდგომ ევროპელები, უპირველესი თუკი რაიმეს გვეუბნებიან, ეს არის პოლარიზაციის დასრულება და საზოგადოებრივ პროცესებში მაქსიმალური ჩართულობა, ისინი ამას მოითხოვენ, როგორც გადარჩენის და დემოკრატიულ გზაზე დარჩენის ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხს. რასაც ვურჩევდი ხელისუფლებას, ეს არის, რომ არ ეცადოს საკითხების შელამაზებას, თუკი ჩავარდნაა, ობიექტურად მიუთითოს და შეეცადოს ახსნას ეს ყველაფერი, მაგრამ არა ის, რომ ფორმალურად მიუთითოს, რომ კანონში კონკრეტულ მუხლში ცვლილება შევიდა და ამით ინსტიტუციური ვალდებულება, რომელიც ასოცირების შეთანხმებით გვაქვს ნაკისრი შესრულებულია, ან ამით შევესაბამებით ევროპულ პრაქტიკას, - ეს ამოცნობადი გახდება და იციან კიდევაც ინფორმაცია და შესაბამისად, მხოლოდ და მხოლოდ ნეგატიურად იმოქმედებს შემფასებლებზე და შემდგომ პროცესზე, რომელიც თუკი ვინმეს ჰგონია, რომ მალე დამთავრდება მინდა იმედი გავუცრუო, იმიტომ, რომ ჩემი ვარაუდით ეს დაახლოებით 3-4 წელი მაინც გასტანს, ე.წ შეფასების პროცესი და ამის შემდეგ წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის გადაწყვეტა.

_ თუ არსებობს კონკრეტული ვადები, რომლის ფარგლებშიც უნდა გაეცეს აღნიშნულ კითხვებს პასუხები?

_ წევრობის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ევროკავშირის რეგულაციებში ვადებთან მიმართებაში ვერანაირ ჩანაწერს ვერ ნახავთ, იმიტომ, რომ ყველა ქვეყნისთვის განსხვავებულია, კითხვარი, რაოდენობა, შინაარსი, მოცულობა. სწორედ, ამ ფაქტორების გათვალისწინებით ყველა კონკრეტულ შემთხვევაში კომისია განსაზღვრავს საორიენტაციო ვადას, რომელიც არ არის ბოლო ვადა. ახსნისა და საჭიროების შემთხვევაში მიიღებენ კომისიაში გადაწყვეტილებას, რომ პროცესი გაგრძელდეს და დამატებითი ვადა განისაზღვროს. ასე, რომ კითხვარის შემუშავების დროს ყველა კონკრეტულ შემთხვევაში განსაზღვრავენ საორიენტაციო დროს. მაგალითად, თურქეთის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ იგი წევრობის კანდიდატია, 2005 წლიდან პროცესი სხვადასხვა დროს, სხვადასხვა ინტენსივობით მიმდინარეობს და დღემდე, რიგი კითხვები მოლაპარაკების პროცესშია. ასე, რომ ევროკავშირის რეგულაციებით წევრობის კანდიდატის სტატუსის მოპოვებისთვის ვადა განსაზღვრული არ არის. კომისია თვითონ, კითხვების რაოდენობის, მასშტაბის, მოცულობის გათვალისწინებით საორიენტაციო ვადას აძლევს კონკრეტულ მთავრობას, მასთან კონსულტაციით.

_ თქვენ აღნიშნეთ, რომ მნიშვნელოვანია კითხვარის შევსების პროცესში მაქსიმალური ჩართულობა, მათ შორის პოლიტიკური პარტიების მხრიდანაც, საქართველოს ხელისუფლებამ, გაასაჯაროვა კითხვარი, მეტიც, მმართველი გუნდი მოუწოდებდა ოპოზიციურ სპექტრს აქტიურად ჩართვისკენ, რამდენად გაქვთ იმის მოლოდინი, რომ ერთობლივად მოხდება ამ პროცესში ჩართვა და ამჯერად, მაინც შეძლებს ხელისუფლება და ოპოზიცია ერთად მუშაობას ამ მიმართულებით?

_ ეს მათზეა დამოკიდებული პროგნოზს ვერ გეტყვით, ვინ როგორ მოიქცევა, მაგრამ ყველას აბსოლუტურად, სამთავრობო, არასამთავრობო, მათ შორის აკადემიურ სექტორში თუკი ვინმეს პასუხისმგებლობა აქვს სწორედ, რომ ჩაერთვება ამ პროცესში. ეს არ არის მხოლოდ მთავრობის კითხვარი, ეს არის საქართველოს კითხვარი და თუკი საქართველოს მომავალზეა საუბარი და შენ რაღაცის გაკეთება შეგიძლია, მთავრობასთან თანამშრომლობით იქნება, თუ ევროკავშირთან უშუალო კომუნიკაციით, ვისაც ამის რესურსი აქვს და პასუხისმგებლობა გააჩნია, ბუნებრივია, უნდა ჩაერთოს. ყველაფერს, რომ თავი დავანებოთ, ოპოზიციური სპექტრია აცხადებდა, კითხვარს არ ასაჯაროებს ხელისუფლებაო და გასაჯაროების შემდეგ არაფერი რომ არ გააკეთონ ამ მიმართულებით, ალოგიკური იქნება. ასე, რომ თანმიმდევრულობა და პასუხისმგებლობა თუკი ვინმეს აქვს, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო, აკადემიურ წრეებს, მათ შორის მედიასაც, ძალიან დიდი წვლილის შეტანა შეუძლიათ ამ პროცესში.

ნენე ინჯგია, CNews

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

ინტერვიუ ► Მეტის ნახვა