გელათის სამონასტრო კომპლექსის ძირითად ტაძარში ახალი დროებითი გადახურვა მოეწყობა

სულ ნახვები : 57
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გელათის სამონასტრო კომპლექსის ღვთისმშობლის შობის ტაძრის დასავლეთ მკლავსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის აღმოსაფხვრელად, ტაძრის სახურავის ამ არეალში 2020 წელს მოწყობილი დამცავი დროებითი ლითონის საფარისა და 2008 წლის პროექტის მიხედვით ხარვეზებით დაგებული მოჭიქული კრამიტის სახურავის მოხსნა და ახალი დროებით გადახურვის მოწყობა იგეგმება. იუწყება კულტურის სამინისტრო.

უწყების ინფორმაციით, ყველა აუცილებელი სამუშაო დაიწყება 13 მაისიდან და დასრულდება ივნისის დასაწყისში.

"დასავლეთ მკლავის ახალი დამცავი, დროებითი გადახურვის პროექტი UNESCO-ს მაღალკვალიფიციური ექსპერტების კვლევებისა (მათ შორის, ჰიგირომეტრიული) და რეკომენდაციების შესაბამისად დაიგეგმა და სამუშაოებიც მათი ზედამხედველობით განხორციელდება. ცნობილ კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და მსოფლიო დონის არქიტექტორ-რესტავრატორის, პროფესორ უგო ტონიეტის მიერ 2022 წლის 27 იანვარს გაიცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც, აუცილებელია ზაფხულში გელათის ძირითადი ტაძრის დასავლეთ მკლავზე ხარვეზიანი კრამიტის საფარის მოხსნა კედლებსა და თაღებში დარჩენილი ტენიანობის ზემოდან ასაორქთლებლად, ვინაიდან, დღეისათვის, აორთქლება მხოლოდ ტაძრის შიგნიდან მიმდინარეობს, რაც აფერხებს ტაძრის დასავლეთ მკლავში შრობის პროცესს და ამით საფრთხეს უქმნის კედლის მხატვრობას. კლიმატოლოგ ალესანდრო მასარისა და პროფესორ უგო ტონიეტის მკაფიო რეკომენდაციით, აორთქლების პროცესში, დასავლეთ მკლავის მეტეოროლოგიური პირობებისგან (წვიმა) დაცვის მიზნით, საჭიროა მოეწყოს ახალი დროებითი გადახურვა, რომელიც სახურავის ზედაპირისგან დაშორებული იქნება.

სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭომ მიმდინარე წლის 25 მარტს შეითანხმა ლითონის ახალი დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც პროფესორ უგო ტონიეტის პირადი ზედამხედველობით შეიქმნა. 13 მაისიდან დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, ხოლო უშუალოდ დროებითი გადახურვის მოწყობას თავად პროფესორი უგო ტონიეტი ადგილზე უხელმძღვანელებს. იგი საგანგებოდ ამ მიზნით ჩამოდის საქართველოში.

აღსანიშნავია, რომ ტაძრის რეაბილიტაციის პროექტი შემუშავდა 2008 წელს. როგორც პროექტი, ასევე მისი განხორციელების პროცესი სერიოზული ხარვეზებით გამოირჩეოდა და ტაძარში წყლის ჩასვლის პრევენცია მხოლოდ 2020 წლის დასასრულისთვის მოხერხდა. 2021 წლის მარტიდან ახალშექმნილმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ქმედითი ნაბიჯები გადადგა გელათის სამონასტრო კომპლექსის წინაშე მდგარი გამოწვევების აღმოფხვრის მიმართულებით. კერძოდ, სამინისტროს ძალისხმევით, 2021 წლის ზაფხულიდან დღემდე საქართველოში UNESCO-ს ექსპერტთა რამდენიმე მისია განხორციელდა. UNESCO-ს ექსპერტთა ჯგუფის პირველი მისია გელათში მიმდინარე წლის 23-30 ივნისის პერიოდში შედგა. ექსპერტთა ორმა ჯგუფმა (კედლის მხატვრობის კონსერვაციის სპეციალისტები მარიო პულიერი და ვინჩენცო ჩენტანი.

ძეგლის გადახურვის სპეციალისტები პროფესორი უგო ტონიეტი და სარა სტეფანინი) ადგილზე შეისწავლა გელათში შექმნილი მდგომარეობა და აგვისტოს დასაწყისში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარუდგინა საექსპერტო დასკვნა. დასკვნაში დეტალურად იყო შეფასებული გელათის სამონასტრო კომპლექსში არსებული მდგომარეობა და მოცემული იყო კონკრეტული რეკომენდაციები. ამის შემდეგ, გელათის სამონასტრო კომპლექსის კედლის მხატვრობის მდგომარეობის მონიტორინგის მიზნით, საქართველოს 2021 წლის სექტემბერში ვინჩენცო ჩენტანი და ნოემბერში მარიო პოლიერი ეწვია. 2021 წლის ნოემბერში კი კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით გელათს ცნობილი კლიმატოლოგი ალესანდრო მასარი სტუმრობდა და მან ადგილზე შეისწავლა არსებული მდგომარეობა. სწორედ ამ ექსპერტთა ჯგუფის მიერ გაცემული რეკომენდაციებისა და ქართველ სპეციალისტებთან კონსულტაციების შედეგად დაიგეგმა შემდგომი სამოქმედო ნაბიჯები.

საქართველოს კულტურის კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთან საგანგებოდ შეიქმნა გელათის სამონასტრო კომპლექსის საკითხზე მომუშავე (არქიტექტორ-რესტავრატორები, ხელოვნებათმცოდნეები, კედლის მხატვრობის სპეციალისტები და ა.შ.) ჯგუფი, რომელთანაც მთელი ამ პერიოდის განმავლობაში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. როგორც ზემოთ აღინიშნა, ტაძარში წყლის ჩადინება 2020 წლის ბოლოდან აღარ ხდება და ამას ადასტურებს ICOMOS-იც კულტურის სამინისტროსთვის გამოგზავნილ დასკვნაში. კერძოდ, 2021 წლის სექტემბერში საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტრომ UNESCO-ს მრჩეველ ორგანიზაციას ICOMOS-ს (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭო) მიაწოდა გელათის სამონასტრო კომპლექსში ჩატარებული სამუშაოებისა და კვლევების დეტალური ანგარიში და 2022 წლის თებერვალში მიიღო დასკვნა, რომლის მიხედვითაც, გელათის სამონასტრო კომპლექსში საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მოწვევით ჩამოსული საერთაშორისო ექსპერტების მიერ განხორციელებული კვლევები, მათ მიერ შერჩეული მეთოდოლოგია და ჩატარებული გადაუდებელი სამუშაოები ICOMOS-ის დადებით შეფასებას იმსახურებს", - ნათქვამია კულტურის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები